თავში

საოცარი ამბავი მოხდა - გიორგი კეკელიძე

საოცარი ამბავი მოხდა - გიორგი კეკელიძე
საოცარი ამბავი მოხდა - გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი და მწერალი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ბავშვობის ერთ-ერთ მოგონებასა და თავგადასავალს იხსენებს.

"ამასწინ საოცარი ამბავი მოხდა:

ჩემი მწირი მოხალისეობის აღსრულებისას გურიაში, მორიგი მისამართის გზა მზეთუნახავის თმასავით დაგრძელდა, დაგრძელდა და უკვე რომ ლამის მართლა ზღაპარის ლაბირინთში გვეგონა თავი - რაღაც ვიცანი. ვერაფრით გავიხსენე საიდან ან რატომ - მაგრამ ძალიან ცხადად და მძაფრად ვიცანი. და დაღლისგან გამოვფხიზლდი. ვხედავდი, რომ ეს ,,შუკები" არამხოლოდ იმ ოჯახისკენ მიმიძღოდნენ, არამედ სადღაც უკან, ოდნავ ბუნდოვანი წარსულისკენ მიდიოდნენ გზები. ერთი შესახვევი, მეორეც და მეხუთე ზარი: " აგერ, ა, მკტარი ტრაკტორი გდია და მაქანა შემუუხოვ მარცხნივ და მერე მარჯვენა კედაროზე თხაი დგანა ამ დროიზა ძეგლივით და მაქანაც შემუუხოვ უკვე მარცხნივ და მე დაგთხთებით ჭიშკართან" მივედით და ბახ! იქ, ორმეთის გადასახვევზე, ჭიშკართან ჩემი თავი დამხვდა, ოღონდ 2004 წელი იდგა და კეპი არ მეხურა. მე და ჩემი სამი მეგობარი ვიყავით. გადავწყვიტეთ მანდარინი გვეყიდა გურია-აჭარაში და აზერბაიჯანში გაგვეყიდა. მე გაზეთის გამოცემა მინდოდა, ლიტერატურულის - მათ საკუთარი გეგმები ჰქონდათ. ფული ძლივს ვისესხეთ და ვიყიდეთ. ნაწილი მატარებელში მოგვპარეს, ნაწილი საზღვარზე დაგვილპა - დიდხანს გაგვაჩერეს და რაღაც თავგადასავლები - ადრეც მომიყოლია. ჰოდა, იმ დროის გაკვეთილები იქით იყოს და დღეს, სრულიად მოულოდნელად იმ სახლის ჭიშკარს მივადექი, სადაც დიდიიიიი, დიდი ხნის წინ ერთი ავანტიურისტი ბიჭი, ყუთებში ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ - ,,იაშიკებში" მანდარინს გაყინული ხელებით მედგრად ვალაგებდი. ძალიან, ძალიან დავიბენი, პროდუქტები მეგობარმა მიაწოდა, თორემ დამავიწყდებოდა. ბოლოს იმ შესანიშნავ ქალსაც ვუთხარი, ვინც შვილებითურთ დაგვხდა და ოდნავ, სულ ოდნავ მოაგონდა ჩემი მაშინდელი სტუმრობა.

დიდი ამბავი იყო. დიდი ნადავლით. ზურგზე ლამის მივიწყებული ბავშვობა მოვიკიდე და მსუბუქად წამოვედი",- წერს კეკელიძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system