თავში

სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა

სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა
სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაფორმდა გიორგი ჯანაშიასთან. გუგა ბარბაქაძის ადვოკატის შუამდგომლობას კი სასამართლო პარასკევს განიხილავს, - ამის შესახებ პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ განაცხადა.

„მსჯავრდებულ გ.ჯ.-სთან მიმართებით საპროცესო შეთანხმება იქნა გაფორმებული, ადვოკატმა მოგვმართა შუამდგომლობით, მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ასევე, მიაწოდა ბრალდების მხარეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია და აქიდან გამომდინარე, ბრალდების მხარემ მიზანშეწონილად ჩათვალა მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება“,- განაცხადა პროკურორმა. 

მან განმარტა, რომ მეორე მსჯავრდებულ გ.ბ.-სთან დაკავშირებით ბრალდების მხარე საკითხების არსებითად განხილვას განაგრძობს.

„საპროცესო შეთანხმება ფორმდება იმ შემთხვევაში, თუ ამაზე გამოხატულია ორივე მხარის ერთობლივი თანხმობა. გ.ბ.-ს შემთხვევაში ასეთი ტიპის თანხმობაზე საუბარი არ არის. დაცვის მხარემ წარმოადგინა განცხადება, რომელიც დღეს დილით იქნა შეტანილი პროკურატურაში“, - აღნიშნა პროკურორმა. 

მისივე თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე პროცესი პარასკევისთვის გადაიდო და ბრალდების მხარე დარჩენილ საკითხებთან დაკავშირებით მომდევნო სხდომაზე ისაუბრებს

ცნობისთვის, გიორგი ჯანაშია დავით სარალიძის მკვლელობას ორი ინსტანციის სასამართლოში არ აღიარებდა.

დღეიდან ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულების, გუგა ბარბაქაძისა და გიორგი ჯანაშიას სასამართლო პროცესებმა უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლა.

შეგახსენებთ, თბილისში, ხორავას ქუჩაზე, მოზარდებს შორის სისხლიანი გარჩევა 2017 წლის 1-ელ დეკემბერს მოხდა. ახალგაზრდებს შორის მოხდარი დაპირისპირების შედეგად ორი არასრწულოვანი - დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი მოკლეს. მიხეილ კალანდიას დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობას ედავებიან.

საქმეზე მსჯავრდებულია ორი არასრულწლოვანი - გიორგი ჯანაშია და გუგა ბარბაქაძე. დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ასევე მიხეილ კალანდია, რომლის საქმესაც თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

პირველი ინსტანციის სასამართლომ, გიორგი ჯანაშიას 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გუგა ბარბაქაძეს 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარემ გაასაჩივრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system