
მედდის ვაქცინაცია ისეთ დაწესებულებაში მოხდა, სადაც ყველა დარგის ექიმი იყო, მაგრამ რატომღაც მაინც ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა,- ამის შესახებ იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „დილის შოუში“ განაცხადა. მისი თქმით, მომხდართან დაკავშირებით ყველა კითხვას გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი.
მისივე ინფორმაციით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე, ვაქცინაცია მხოლოდ მაღალპროფილურ კლინიკებში გაგრძელდეს, თუმცა სასურველი შედეგის მისაღწევად, მასობრივი ვაქცინაციაა საჭირო, რაც მხოლოდ მაღალპროფილურ კლინიკებში ვერ წარიმართება, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუნიზაციის პროცესს 10 წელი დასჭირდება.
„კიდევ ერთხელ სამძიმარს ვუცხადებ მეგის ოჯახს. გმირი ადამიანის დაღუპვა ჩვენთვის სერიოზული დანაკარგია – ოჯახური და ადამიანური. ჯანდაცვის სისტემასაც და ვაქცინაციასაც ზიანი მიადგა, უდიდესი ტრაგედია დაგვატყდა თავს და ქვეყანასაც.
ეს ტრაგიკული შემთხვევა მოხდა ისეთ დაწესებულებაში, სადაც ყველა დარგის ექიმი მის ირგვლივ იყო, მაგრამ რატომღაც მაინც ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა, რატომ, როგორ და რანაირად ამას გამოძიების პროცესი სჭირდება, სამედიცინო გამოძიებას ვგულისხმობ. ასევე, მყარი არგუმენტებით დასაბუთების დადება.
გადავწყვიტეთ, რომ მოსახლეობაში ნდობის თვალსაზრისით, პირველ ეტაპზე მხოლოდ მაღალპროფილურ კლინიკებში იყოს ვაქცინაცია, თუმცა შემდეგ გრძელვადიან პერსპექტივაში თუ გვინდა, რომ ვაქცინაციამ გავლენა მოახდინოს და ჩვენი ქვეყანა უკან-უკან არ წავიდეს ვაქცინაცია მხოლოდ მაღალპროფილურ კლინიკებში ვერ იქნება. რადგან 300-400 ადამიანის აცრით სასურველ შედეგს 10 წელიწადში მივაღწევთ“,- განაცხადა კულუმბეგოვმა.