
თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს 6 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
„კლინიკაში გვყავს 115 პაციენტი, მათგან 86-ს კორონავირუსი აქვს. რეანიმაციულ განყოფილებაშია 7 პაციენტი, აქედან 2-ის მდგომარეობა კრიტიკული რჩება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, გართულებების გარეშე. დღეს კორონავირუსის გარეშე კლინიკას 6 პაციენტი დატოვებს“, - განაცხადა რატიანმა.
საქართველოში ამ დრომდე ახალი კორონავირუსით ინფიცირების 485 შემთხვევა დადასტურდა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 139. გარდაიცვალა - 6 ადამიანი.