თავში

კალაძე: ყვითელ ავტობუსებს სრულად ჩავანაცვლებთ

კალაძე: ყვითელ ავტობუსებს სრულად ჩავანაცვლებთ
კალაძე: ყვითელ ავტობუსებს სრულად ჩავანაცვლებთ

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პრეზენტაცია - „მდგრადი მობილობა თბილისისთვის“ გამართა. თბილისის მერმა სატრანსპორტო პოლიტიკის მიზნებსა და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მთელი რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი. მათ შორის, სკვერების განახლება-რეაბილიტაცია, ახალი საქალაქო პარკების მშენებლობა და სამშენებლო მიმართულებით რეგულაციების დაწესება, რათა ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი მაქსიმალურად გამოსწორდეს.

„მნიშვნელოვანია, რომ ხელმისაწვდომი იყოს საავტობუსე ქსელი და ავტობუსების პარკის განახლება. ამ მიმართულებით, უკვე კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული, დაწყებული გვაქვს ავტობუსების პარკის განახლება და წლის ბოლოს არსებულ ე.წ. ყვითელ ავტობუსებს სრულად ჩავანაცვლებთ. ასევე, ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია საცობებისა და ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის შემცირება, რომელიც ქალაქისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ეს ყველაფერი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებით მოწესრიგდეს, თუმცა არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობას მხოლოდ ეს კომპონენტი ვერ მოაგვარებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ასევე, მნიშვნელოვანია სატრანსპორტო საშუალებათა ახალი იერარქიის ჩამოყალიბება და გადაადგილების მდგრადი საშუალებებისთვის პრიორიტეტების მინიჭება.

„ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის დროს, რომელიც დედაქალაქში ჩვენს მიერ ხორციელდება, მაქსიმალურად არის გათვალისწინებული ის რეკომენდაციები, რომელიც უცხოელი ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გაიცა. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის მთავარი მიმართულება და ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ინფრასტრუქტურული პროექტების დროს, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის პრიორიტეტის მინიჭებაა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა ასევე, მოიცავს ინკლუზიური საფეხმავლო, შესაბამისი ველოინფრასტრუქტურის მოწყობასა და განვითარებას. კერძოდ, სხვადასხვა რაიონში მიმდინარე სამუშაოების დროს, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს, ყველგან გათვალისწინებულია ველობილიკები და ყველგან ფართოვდება ტროტუარები.

„ელექტრო და ეკო-მეგობრული ტრანსპორტის წახალისების მიმართულებით, ქალაქის ქუჩებში ელექტროდამტენების მონტაჟი დავიწყეთ. ელექტრომობილების მფლობელებს სრულიად უფასოდ ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ დამტენებით ისარგებლონ. იცით, რომ ელექტრომობილების მფლობელები საბაჟო გადასახადისგან სრულად არიან გათავისუფლებული, მათთვის პარკირებაც უფასოა. ვფიქრობ, რომ ეს კონკრეტული ღონისძიებები ელექტრომობილების მფლობელებს წაახალისებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერია მუშაობს სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებების განვითარებისა და ინტეგრაციის მიმართულებითაც.

„ჩვენ ამ მიმართულებით, მთელი რიგი კვლევები გვაქვს ჩატარებული და გამოკვეთილი გვაქვს ორი კონკრეტული ხაზი, სადაც შეიძლება საბაგიროს პროექტის განხორციელება. ესენია: ისნისა და ნაძალადევის რაიონები. ვფიქრობთ, რომ პირველი პროექტის განხორციელებას ისნის რაიონში მომავალი წლის დასაწყისში შევძლებთ და უკვე შემდეგი წლის ბოლოსთვის სამუშაოები ნაძალადევის რაიონში დაიწყება. პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ინტეგრირება მოხდეს, როგორც ავტობუსის მეტროსთან, ასევე, მეტროს - საბაგიროსთან და პირიქით, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეების სწრაფ და კომფორტულ გადაადგილებას“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, გარდა ამისა, ქალაქში ხორციელდება გონიერი („ჭკვიანი“) სატრანსპორტო სისტემის დანერგვა და ნაკადების ავტომატიზებული მართვა.

„ჭკვიანი“ შუქნიშნები ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა, გამოცხადებულია ტენდერი ახალი შუქნიშნების შესყიდვასთან დაკავშირებით და გვინდა, რომ მთელი ქალაქი საცობებისგან განიტვირთოს. ჩვენ ახალს არაფერს ვიგონებთ, ვაკეთებთ ყველაფერ იმას, რაც განვითარებულ დიდ ქალაქებში გაკეთდა. ბევრისთვის ეს ყველაფერი შეიძლება დისკომფორტი იყოს, თუმცა ამის გარეშე შეუძლებელია, ქალაქში არსებული მდგომარეობა მოვაწესრიგოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, წარმატებით მიმდინარეობს ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის დანერგვა, რომელიც 10 სექტემბრიდან საბურთალოს რაიონს მოიცავს. ასევე, დაწყებულია ტაქსის რეფორმა.

რაც შეეხება მეტროს ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და მოძრავი შემადგენლობების განახლებას, კახა კალაძის განცხადებით, ამ მიმართულებითაც კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული. კერძოდ, დაწყებულია მეტროს იმ ვაგონების რეაბილიტაცია, რომელიც განახლებას ექვემდებარება. ასევე, გამოცხადებულია ტენდერი მეტროს ახალი შემადგენლობების შესყიდვასთან დაკავშირებით.

სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციას მერის მოადგილეები, საკრებულოსა და პარლამენტის დეპუტატები, დარგის ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system