თავში

შეზღუდვები გადაადგილებასთან დაკავშირებით - პასუხი ყველა კითხვაზე

შეზღუდვები გადაადგილებასთან დაკავშირებით - პასუხი ყველა კითხვაზე
შეზღუდვები გადაადგილებასთან დაკავშირებით - პასუხი ყველა კითხვაზე

საქართველოში 17-დან 21 აპრილის ჩათვლით სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების შესახებ საქართველოს მთავრობა ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს ავრცელებს: 

რომელი სატრანსპორტო საშუალებით მეზღუდება გადაადგილება?

იკრძალება გადაადგილება ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით, გარდა მოტოციკლისა. 

რომელი სატრანსპორტო საშუალებით შემიძლია გადაადგილება?

არ იკრძალება მოტოციკლით, მოპედით და ველოსიპედით გადაადგილება. 

ეხება თუ არა შეზღუდვა ტაქსებს? 

შეზღუდვა ეხება ტაქსით გადაადგილების მომსახურებასაც. 

როგორ შემიძლია მოვიპოვო საშვი მანქანით გადაადგილებისთვის?

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ეწევით დასაშვებ ეკონომიკურ საქმიანობას, საშვის მოსაპოვებლად უნდა დარეკოთ დარგობრივ სამინისტროში (ეკონომიკის ან სოფლის მეურნეობის). 

თუ ეწევით ისეთ საქმიანობას, რომელზეც ზედამხედველობასაც არ ეწევა არც ერთი დარგობრივი სამინისტრო და თქვენი გადაადგილება, თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე, წარმოადგენს უკიდურეს აუცილებლობას, უნდა დარეკოთ ცხელ ხაზზე 144. 

ვმუშაობ დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში. როგორ უნდა მივიდე სამსახურამდე? 

თქვენი გადაადგილება საცხოვრებლიდან სამსახურამდე და პირიქით, უნდა უზრუნველყოს თქვენმა დამსაქმებელმა. 

ვარ დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი კომპანია. როგორ უნდა გადაადგილდნენ ჩემი თანამშრომლები სამსახურამდე? 

დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტი ვალდებულია, უზრუნველყოს თანამშრომელთა გადაადგილება M2 (მიკროავტობუსი) და M3(ავტობუსი) კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებით. აღნიშნული ნებართვის მისაღებად, კომპანიამ უნდა მიმართოს შესაბამის მუნიციპალიტეტს. მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს აღნიშნული კატეგორიების ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანას. 

როგორ უნდა გადავადგილდე სამედიცინო მომსახურების მისაღებად?

სამედიცინო მომსახურების მისაღებად გადაადგილება დასაშვებია.

თუ თქვენ გაქვთ სამედიცინო მომსახურების მიღების აშკარა ნიშნები (მშობიარობა, მოტეხილობა და ა.შ), ნებადართულია გადაადგილება სამედიცინო მომსახურების მისაღებად (თანმხლებ პირთან ერთად). 

თუ გჭირდებათ აუცილებელი გეგმიური სამედიცინო მომსახურება (მაგ: ონკოლოგიური მკურნალობა, დიალაიზი და ა.შ) თან უნდა იქონიოთ სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა. 

იმ შემთხვევაში თუ არ გაქვთ მსგავსი ცნობა, უნდა დაუკავშირდეთ მკურნალ ექიმს, რომელიც მიზანშეწონილობის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულად აწვდის შესაბამის ინფორმაციას. აღნიშნულის საფუძველზე, თქვენზე გაიცემა მიზნობრივი გადაადგილების ელექტრონული ნებართვა. ელექტრონული ფორმით ცნობის ვერმიღების პირობებში, ცნობის მისამართზე მიტანას უზრუნველყოფს სოციალური მომსახურეობის სააგენტოს რაიონული განყოფილება. 

შემიძლია თუ არა სასურსათო პროდუქტების გამოძახება? 

საკვები პროდუქტის, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის მიტანის მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილება დასაშვებია. შესაბამისად, შეგიძლიათ ისარგებლოთ მიტანის სერვისით. 

შემიძლია თუ არა სასაფლაოზე წასვლა? 

სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა იკრძალება. აკრძალვა არ ეხება მხოლიდ მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებისთვის სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლას. 

სასაფლაოზე შესვლა მხოლოდ ქალაქში იზღუდება, თუ ყველგან?

სასაფლაოზე შესვლა აიკრძალა ქვეყნის მასშტაბით. 

პირბადის ტარების ვალდებულება რომელ დაწესებულებაში მაქვს?

პირბადის ტარების ვალდებულება გაქვთ ყველა დახურულ საჯარო სივრცეში (მაგ: აფთიაქი, სასურსათო მაღაზია და ა.შ)

შემიძლია თუ არა გადაადგილება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განსახორციელებლად?

სასოფლო სამეურნეო საქმიანობის განსახორციელებლად დაშვებულია მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანის ან ტექნიკის გადაადგილება (ტრაქტორი, კომბაინი და სხვ). სხვა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება აკრძალულია.

მაქვს სამსახურებრივი მიზნით ავტომანქანით გადაადგილების უფლება. შემიძლია თუ არა ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით ოჯახის წევრის ან სხვა პირის გადაყვანა? 

არა. ავტოსატრანსპორტო საშუალებით უნდა გადაადგილდეთ მხოლოდ თქვენ, სამსახურებრივი მიზნით. 

მაქვს სამსახურებრივი მიზნით ავტომანქანით გადაადგილების უფლება. შემიძლია თუ არა ამ სატრანსპორტო საშუალებით თანამშრომლის გადაყვანა?

დიახ. სამსახურებრივი მიზნით სამსახურში თანამშრომლის გადაყვანის უფლება გაქვთ, ავტომობილში მგზავრთა განთავსების წესების დაცვით.  

შეგახსენებთ, 17 აპრილს, დღის 12:00 საათიდან, 21 აპრილის ჩათვლით ქვეყანაში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system