თავში

ღმერთო... შვება იქნებოდა, როგორ მინდა - რას ამბობს ბაჩალიაშვილი ვიდეოჩანაწერებში

ღმერთო... შვება იქნებოდა, როგორ მინდა - რას ამბობს ბაჩალიაშვილი
ღმერთო... შვება იქნებოდა, როგორ მინდა -  რას ამბობს ბაჩალიაშვილი ვიდეოჩანაწერებში

23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, გენერალურ პროკურატურაში გამართული ბრიფინგის შემდეგ მედიის წარმომადგენლებს აჩვენეს ვიდეოკადრები და მოასმენინეს აუდიო ჩანაწერები, სადაც, პროკურატურის მტკიცებით, ახალგაზრდა პროგრამისტი გარდაცვალებამდე ნახევარი წლით ადრე საუბრობს თვითმკვლელობის სურვილზე.

როგორც Report.ge-ს ჟურნალისტი სალი კაპანაძე იხსნებს, თამარი ერთ-ერთ ჩანაწერში ამბობდა რომ მას უნდოდა 2012 წელს მომხდარის გამეორება.  

„თამუნა, შენი თავის პატრონი შენ ხარ, სხვა ვერავინ დაგეხმარება… უნდა შეცვალო შენი ცხოვრება. გინდა დარჩე ფონიჭალაში, 27 კვ.მ-ში ოჯახის სამ წევრთან ერთად და ჭერზე მიკრულს გეძინოს?! გინდა, რომ გაიმეორო იგივე, რაც 2012 წელს გააკეთე?! მაგაშიც კი სუსტი აღმოჩნდი, რომ დაგესრულებინა (გავრცელებული ინფორმაციით, 2012 წელს ბაჩალიაშვილმა თვითმკვლელობა სცადა, თუმცა დედამ, თეონა თამაზაშვილმა ეს ინფორმაცია უარყო და თქვა, რომ თამარს უბრალოდ შეცდომით ურჩიეს წამალი, რამაც ინტოქსიკაცია გამოიწვია-ავტ.). ისწავლე, ისწავლე, არ მაინტერესებს, როგორ… კარგი რა თამუნა, როდემდე უნდა იყო ჩაკეტილი, არ შეიძლება ასე”, – მიმართავს საკუთარ თავს თამარ ბაჩალიაშვილი. 

სალი კაპანაძის თქმით, სხვა ვიდეოში თამარი თავის მოკვლაზეც საუბრობდა ამბობდა, რომ სუიციდის ხერხი და მეთოდი იცოდა, თუმცა მშობლების და განსაკუთრებით ძმის რეაქციის ეშინოდა. მას ეცოდებოდა ოჯახის წევრები და ამბობდა : "რატომ უნდა იცხოვრონ ამ სიმწარით?!".

მისი თქმით, ვიდეოში ერთ-ერთი ასეთი ფრაზა იყო – "არ მინდა ჩემი ოჯახი ცუდ მდგომარეობაში ჩავაყენო, როცა მათ მოუწევთ ტყეში ამოსვლა და ჩემი ცხედრის ნახვა. ღმერთო ცხოვრება აღარ მინდა, სიკვდილი შვება იქნებოდა, როგორ მინდა… მაპატიეთ გთხოვთ, იმედია, გადაიტანთ”

ბაჩალიაშვილი ჩანაწერებში ამბობდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა, რათა თვითმკვლელობა თავიდან აეცილებინა, მაგრამ თუ ამას მაინც იზამდა, ის წინასწარ უხდიდა ოჯახს ბოდიშს. 

ცნობისთვის, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გასაჯაროვებულ ექსპერტიზის დასკვნაში, 23 წლის პროგრამისტის სიკვდილის მიზეზია, მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია.

ამასთან, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორმა, ამირან გიუაშვილმა განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიერ გავრცელებული ე.წ სატელიტების ფოტოები დამონტაჟებული და ყალბია, რაც მისივე თქმით, შესაბამისი ექსპერტიზით დადასტურდა.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system