თავში

სკრიპალების მოწამვლაში ბრალდებულები შესაძლოა ხანგოშვილის მკვლელობაშიც მონაწილეობდნენ

სკრიპალების მოწამვლაში ბრალდებულები შესაძლოა ხანგოშვილის მკვლელობაშიც მონაწილეობდნენ
სკრიპალების მოწამვლაში ბრალდებულები შესაძლოა ხანგოშვილის მკვლელობაშიც მონაწილეობდნენ

გერმანული გამოცემის Der Spiegel-ის ინფორმაციით, ქვეყნის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება პეტროვისა და ბაშიროვის სახელით ცნობილ რუს ჯაშუშებზე. გამოცემის ცნობით, გერმანიის პროკურატურა ვარაუდობს, რომ ალექსანდრ პეტროვი და რუსლან ბაშიროვი შესაძლოა ჩართულები იყვნენ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში. ორივე მათგანი გასული წლის მარტში სერგეი და იულია სკრიპალებზე მომხდარი ქიმიური თავდასხმის შემსრულებლებად მიიჩნევიან.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანგოშვილის მკვლელობისთვის დაპატიმრებული პირის პასპორტს იგივენაირი მახასიათებლები აქვს, რაც ბაშიროვისა და პეტროვის პარსპორტებს. ბაშიროვი და პეტროვი გერმანიაში 2015 წელს იმყოფებოდნენ.

ბრიტანელი სამართალდამცავების ინფორმაციით, ალექსანდრ პეტროვი და რუსლან ბაშიროვი სკრიპალებზე ქიმიური თავდასხმის ორგანიზატორები არიან. ორივე მათგანი გრუ-ს ჯაშუშია.

3 დეკემბერს გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთის სპეცსამსახურები დაადანაშაულა. ფედერალური პროკურორის განცხადებით, მკვლელობა რუსეთის, ან ჩეჩნეთის სახელმწიფო ორგანოების ბრძანებით მოხდა და მათ ამის საკმარისი მტკიცებულებები აქვთ.

ამასთან დაკავშირებით, გერმანიის ხელისუფლებამ რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა.

ამასთანავე, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ფედერაციის ელჩი სერგეი ნეჩაევი დაიბარეს, რომელსაც საპროტესტო ნოტა გადასცეს.

მანამდე The Wall Street Journal წერდა, რომ ხანგოშვილის მკვლელობის გამო გერმანიამ რუსეთს შესაძლოა სანქციები დაუწესოს.

გერმანიის ნაბიჯებს ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით რუსეთის მწვავე რეაქცია მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა, მკვლელობასთან რუსეთის კავშირი უარყო და ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა. ბრალდებები უარყო რუსეთის ელჩმა გერმანიაში და გერმანულ მხარეს დაემუქრა.

ორშაბათს პარიზში ანგელა მერკელისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა იგეგმება. ორი ქვეყნის ლიდერი, უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტების მონაწილეობით, ოთხმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში შეხვდებიან. წინასწარი ინფორმაციით, შესაძლოა, მერკელისა და პუტინის ორმხრივი დიალოგიც გაიმართოს. 

40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს ბერლინში, თავის არეში გასროლით მოკლეს. ხანგოშვილის ცხედარი გერმანიიდან საქართველოში ჩამოასვენეს და პანკისში დაკრძალეს. მოკლულის ახლობლები მომხდარს თავიდანვე რუსულ სპეცსამსახურებს უკავშირებენ და ლაფანყურის სპეცოპერაციასთან რაიმე კავშირს გამორიცხავდნენ. ის, რომ ხანგოშვილის მკვლელობა არა კრიმინალური შემთხვევა, არამედ დაგეგმილი ოპერაცია იყო, ამის შესახებ ცოტა ხნის წინ "დოიჩე ველე" წერდა.

საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი ვადიმ კრასიკოვია. მკვლელის ვინაობა გამოცემა Bellingcat-მა Spiegel-თან, The Insider-თან და Dossier Center-თან ერთად ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დაადგინა. კრასიკოვი გერმანიაშია დაკავებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system