თავში

ტარიელ ნაკაიძე მეჩეთის მშენებლობაზე: ეს არის ჩვენთვის წმინდა ბრძოლა და გავაგრძელებთ სამართლებრივად

ტარიელ ნაკაიძე მეჩეთის მშენებლობაზე
ტარიელ ნაკაიძე მეჩეთის მშენებლობაზე: ეს არის ჩვენთვის წმინდა ბრძოლა და გავაგრძელებთ სამართლებრივად

ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე, მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს. 

როგორც ტარიელ ნაკაიძემ report.ge-ს განუცხადა მეჩეთის ასაშენებლად ნებართვის მოსაპოვებლად, სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებენ. 

,,ჩვენ გავაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას და გავივლით ყველა იმ პროცედურას, რომელიც ამ საქმისთვის არის აუცილებელი. ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობა ეს არ არის ჩვენი სულიერების ტაძრის მშენებლობის საკითხი, ეს არის მომავალი საქართველოს განვითარების საკითხი და ამიტომ ჩვენ არ გვაქვს უფლება უარი ვთქვათ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. ვცდილობთ, მაქსიმალურად მივყვეთ წესებს, კანონს, კონსტიტუციას, იმას რაც ჩვენს უფლებებს ეხება და დავიცვათ ეს. ჩვენ აქამდეც შეგვეძლო მეჩეთის მშენებლობა - რაც საქართველოში მეჩეთები და ეკლესიები შენდება, არც ერთზე არ არის ნებართვა გაცემული, მაგრამ ჩვენ ამ ხერხს არ მივმართეთ. ჩვენ გვინდა საქართველოში დამკვიდრდეს პრეცენდენტი, რომ ხელისუფლება გამოხატავდეს საკუთარ პოლიტიკურ ნებას სწორედ რელიგიური უმცირესობების მიმართ და შესაბამისად იძლეოდეს სამართლებრივ ჭრილში ნებართვებს. ეს არის ჩვენთვის წმინდა ბრძოლა და გავაგრძელებთ ყველა იმ სამართლებრივი ხერხით, რასაც საქართველოს კონსტიტუცია და კანონი აღიარებს", -აცხადებს ტარიელ ნაკაიძე.

სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებას მერიის წარმომადგენელი არ დასწრებია. როგორც report.ge-ს ბათუმის მერიაში განუცხადეს, ოფიციალური გადაწყვეტილება სასამართლოდან ჯერ არ მიუღიათ.

,,როგორც კი ჩაგვბარდება ოფიციალურად სასამართლოს გადაწყვეტილება, მოხდება მისი ანალიზი და შემდეგში ვაცნობთ საზოგადოებას თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მერია", - აცხადებენ ბათუმის მერიაში. 

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ მუსლიმი თემის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლომ დაადგინა, რომ ბათუმის მერია მუსლიმ თემს დისკრიმინაციულად მოეპყრო, როდესაც მშენებლობის ნებართვის პირველ ეტაპზე უარი უთხრა. მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილე ბათილად ცნო და ქალაქის მერიას დაავალა ხელახლა განიხილოს დოკუმენტაცია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system