თავში

"თავისუფლების სიგნალი“ - 29 დეკემბერს ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

"თავისუფლების სიგნალი“ - 29 დეკემბერს ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება
თავისუფლების სიგნალი“ - 29 დეკემბერს ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

დე ფაქტო ცხინვალის ციხეში მყოფი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად 29 დეკემბერს სოლიდარობის აქცია „თავისუფლების სიგნალი“ გაიმართება. ამის შესახებ განცხადებას თავად დაკავებული ექიმის ოჯახი ავრცელებს. 

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 29 დეკემბერს აქციები იგეგმება, საქართველოს ყველა ქალაქსა და სოფელში. ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, სადაც ქართველი ემიგრანტები ცხოვრობენ, 19:00 საათზე „თავისუფლების სიგნალი“ გაისმება. გაფრინდაშვილის ოჯახი ყველას მოუწოდებს, შეუერთდნენ „თავისუფლების სიგნალს“.

„და კვლავაც მეგობრებო, შობისა და ახალი წლის დღეებს სხვანაირი მაგია აქვთ, მოდუნების და ძველი ტკივილების წაყრუების მაგვარი მაგია. ამიტომაც, ეს საქმე მომავლისკენ მიბრუნებულ მზერასაც გულისხმობს. თუმცა ზოგჯერ არის ძველი წლის მწარე წილი, რომლის გახსენების გარეშე მომავალი ვერ იარსებებს – უბრალოდ მომავალი, თორემ ბედნიერი და თავისუფალი – მით უფრო. ახლა ეს წილი ვაჟა გაფრინდაშვილია.

ჩვენ გადავწყვიტეთ, სიფხიზლისთვის, 29 დეკემბერს საქართველოში და მსოფლიოში, სადაც ქართველი ემიგრანტები ცხოვრობენ, თავისუფლების სიგნალი გაისმას!

ეს იქნება დიდი და მნიშვნელოვანი სიგნალი – თავისუფლების სიგნალი, რომელსაც პირველ რიგში გავიგონებთ ჩვენ და ჩვენთან ერთად გაიგონებს მთელი მსოფლიო! გაიგონებენ პაციენტები და ექიმები, ექიმები და პაციენტები მთელი მსოფლიოდან და მათ შორის, ოსი ექიმები და პაციენტები, რომლებთანაც დროებით გაუგებრობამ გაგვყო. გავიგონებთ და გავიხსენებთ, რომ არ არსებობს იმაზე უფრო დიდი მნიშვნელოვანი რამ, იმაზე უფრო ზუსტი ნიშანი ადამიანად ყოფნის, ვიდრე თავისუფლებაა! და რომ თითოეული ადამიანის თავისუფლება არის ჩვენი, მილიონობით ადამიანის თავისუფლების საყრდენი და ეს სიგნალი იქნება ყველა ადამიანისთვის, ვისაც თავისუფლება უკანონოდ შეეზღუდა! და ეს სიგნალი იქნება იმედის სიგნალიც, რომ სასწაულები ხდება, და რომ სასწაულებს ხანდახან ადამიანებიც ახდენენ, ოღონდ ამისთვის ჩვენ ერთობლივი ძალისხმევა გვჭირდება! ცხადია, სიგნალი სიმბოლურია და პარალელურად უამრავ ნაბიჯს ვდგამთ, მაგრამ ხანდახან ნაბიჯებს ზურგის ქარიც სჭირდება, ქარი, რომელიც ყველა თქვენგანის მხარდაჭერას ნიშნავს!“, – ნათქვამია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system