
მივდივართ სტაბილიზაციისკენ, მაგრამ „თავში არ უნდა აგვივარდეს“ და უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც გამყრელიძემ განმარტა, ვაქცინაციის შედეგი მყისიერი არ არის და ის გრძელვადიან პერიოდში დგება, ამიტომ წესების დაცვა კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება საჭირო.
„დიდი იმედი მაქვს, რომ შევინარჩუნებთ ეპიდსიტუაციას, ამიტომ ძალიან კარგია, რომ ყველას პირბადე გიკეთიათ. სიტუაცია სტაბილურდება ქვეყანაში, მაგრამ ნუ შევიქმნით ილუზიას, რომ მოვერიეთ და დავამარცხეთ. აუცილებელია ყველა ამ რეკომენდაციის დაცვა, რასაც ჩვენ ხშირად ვამბობთ, მათ შორის, ყველაზე მთავარი არის პირბადე.
ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყანაში, ისრაელში, რომელმაც 100 ათას მოსახლეზე ყველაზე მეტი ადამიანი აცრა, ახალი შემთხვევების რიცხვი ყოველდღიურად მაინც არის 4 ათასი, ამიტომ ძალიან გამკაცრებულია ყველა რეკომენდაციაზე აღსრულების კონტროლი. ვაქცინაცია ახალ შემთხვევათა რიცხვზე მოქმედებს გრძელვადიან პერსპექტივაში, მაგრამ ახლოვადიან პერსპექტივაში ის გარკვეულწლად ამცირებს ჰოსპიტალიზაციას და გართულებებს. აქედან გამომდინარე, ნიღაბი, ხელების დაბანა, დისტანციის დაცვა და დიდი შეკრებებისთვის თავის არიდება აუცილებლად კარგა ხანს დაგვჭირდება“, - განაცხადა გამყრელიძემ.