თავში

თბილისის ზღვაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები შემოწმდება

თბილისის ზღვაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები შემოწმდება
თბილისის ზღვაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები შემოწმდება

თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის ზღვის მიმდებარედ, მიწისქვეშა კომუნიკაციებზე უკანონო დაერთებების აღმოჩენის მიზნით, მუნიციპალურ ინსპექციას, შესაბამისი ტექნიკის შეყვანა დაავალა. ამის შესახებ კალაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. 

„თუ თქვენ ვიზუალურად არ გეძლევათ საშუალება, ნახოთ ეს ადგილები, შეიყვანეთ ტექნიკა და დაიწყეთ სამუშაოები, რომ მოიძებნოს ეს კონკრეტული დაერთებები. თბილისის ზღვის ირგვლივ დასახლებებიც არის და ნახეთ, რომ ეს პრობლემა თავიდან იყოს აცილებული, ხოლო თუ აღმოაჩენთ ასეთ შემთხვევებს, რა თქმა უნდა, იმოქმედეთ კანონის შესაბამისად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განმარტა, რომ სასმელი წყალი, რომელიც თბილისის მოსახლეობას მიეწოდება, უსაფრთხოა, თუმცა არსებობს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა კომუნიკაციებზე უკანონო დაერთებების ფაქტები. 

„სასმელი წყალი, რომელიც თბილისის მოსახლეობას მიეწოდება, მუდმივად კონტროლდება. GWP იღებს სინჯებს და მოწმდება ლაბორატორიულად. მას არანაირი პრობლემა არ აქვს და ის სრულად აკმაყოფილებს სტანდარტს. სამწუხაროდ, გვაქვს ფაქტები, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა კომუნიკაციებზე უკანონო დაერთებებისა, რაც ხილული არ არის და საკმაოდ რთულია დასადგენად. სწორედ აქედან გამომდინარე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ მოხდა ასეთი ფაქტების გამოვლენა, თუმცა ჩვენ დაწყებული გვაქვს ფიზიკური სამუშაოები. თითოეული საკომუნიკაციო ნაგებობა გაშიშვლდება და შევხედავთ, სად რა არის დაერთებული. დღეს უკვე გამოვლინდა ერთი უკანონო დაერთება და რეაგირება იქნება ძალიან მკაცრი. პირველ რიგში, თვითონ დარღვევის მყისიერად აღმოფხვრა მოხდება, ხოლო სამართლებრივად საკმაოდ მძიმე წარმოება დაიწყება დამრღვევების მიმართ“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system