თავში

თბილისში ბრიტანული სეზონი გაიხსნა

თბილისში ბრიტანული სეზონი გაიხსნა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა ჯასთინ მაქენზი სმითმა თბილისში ბრიტანული სეზონი გახსნეს.

ღონისძიების ფარგლებში, „რუსთაველის“ მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ბრიტანეთი-საქართველო 2019“-ის დროებითი ინსტალაცია მოეწყო, ხოლო მეტროსადგური „რუსთაველი“ ბრიტანეთთან ასოცირებული გამოფენით გაფორმდა.

კახა კალაძის თქმით, საქართველოსა და ბრიტანეთს შორის ურთიერთობა ბოლო წლებში კიდევ უფრო გაღრმავდა და უფრო მეგობრული გახდა.

„მოხარული ვარ, რომ ბრიტანულ სეზონს მასპინძლობს ჩვენი დედაქალაქი. უნდა გამოვყო, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობა მისასალმებელია, განსაკუთრებით ბოლო წლებში კიდევ უფრო გაღრმავდა და კიდევ უფრო მეგობრული გახდა. მინდა ბრიტანეთის ელჩს მადლობა გადავუხადო. ძალიან მისასალმებელი და დასაფასებელია, რომ ბრიტანეთის ელჩი ქართულად საუბრობს. ეს იმის დამადასტურებელია, რომ მას აქვს უდიდესი პატივისცემა ჩვენი ქვეყნისა და ერის მიმართ, ჩვენი კულტურის მიმართ, რომელიც მრავალფეროვანია. ჩვენ დედაქალაქის მასშტაბით გამოვყავით სხვადახვა ადგილი, სადაც განთავსებული იქნება ანალოგიური სტენდები და მოუთხრობენ დაინტერესებულ პირებს ბრიტანულ კულტურაზე, განათლებასა და სიახლეებზე, იქნება მოძრავი საელჩო, არა მხოლოდ დედაქალაქში, რეგიონებშიც. ამით მეტ ინფორმაციას მივაწოდებთ მოსახლეობას და გავაცნობთ ბრიტანულ კულტურას, ავუხსნით იმ ურთიერთობას, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყნებსა და ხალხს შორის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სამი თვის განმავლობაში დედაქალაქის სტუმრებსა და მოსახლეობას საშუალება ექნებათ, უკეთ გაიცნონ თანამედროვე ბრიტანეთი.

„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მუნიციპალიტეტს დახმარებისთვის, კახა კალაძეს. ყველასთვის ცნობილია, რომ განსაკუთრებით ლამაზია თბილისის მეტროს რუსთაველის სადგური, სწორედ ამიტომ, აქ სამი თვით განვათავსებთ გალერეას, რომელიც ბრიტანულ ელფერს შესძენს ამ სადგურს, ასევე ყველა ავტობუსს ექნება ბრიტანული ხედები. ეს არის „ბრიტანული სეზონი 2018“-ის შესანიშნავი დასაწყისი“, – განაცხადა ჯასთინ მაქენზი სმითმა.

„ბრიტანეთი-საქართველო 2019“ დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და ბრიტანეთის საბჭოს ერთობლივად დაგეგმილი 60-ზე მეტი ღონისძიებისგან შემდგარი პროგრამაა, რომელიც დეკემბრამდე გაგრძელდება. ღონისძიებები თბილისის გარდა, ბათუმში, ქუთაისსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system