თავში

თბილისში ხოჯალის ტრაგედიისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

თბილისში ხოჯალის ტრაგედიისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
თბილისში ხოჯალის ტრაგედიისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოსა და მირზა ფატალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის ორგანიზებით, თბილისში,  ხოჯალის გენოციდის 29 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელიც აზერბაიჯანის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფურცელია. 

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ფოტოგამოფენა ხოჯალის ტრაგედიის თემაზე. თავდაპირველად, ღონისძიების მონაწილეებმა, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას. ღონისძიების მონაწილეებსა და სტუმრებს უჩვენეს დოკუმენტური ფილმი, რომელიც 2008 წელს შეიქმნა საერთაშორისო კამპანიის "სამართალი ხოჯალისთვის" ფარგლებში, ჰეიდარ ალიევის ფონდის ვიცე-პრეზიდენტის, ლეილა ალიევას ინიციატივით.

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა ახუნდოვის სახელობის, აზერბაიჯანის კულტურის მუზეუმის დირექტორმა,  ლეილა ალიევამ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი, თურქეთის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი, საუდის არაბეთის სამეფოს ელჩი, თურქმენეთის, უკრაინის, ბელორუსიისა და ყაზახეთის საელჩოების წარმომადგენლები, ასევე ქართველი საზოგადო მოღვაწეები.

"დიდი მადლობა, რომ მობრძანდით და პატივი მიაგეთ ხოჯალის ტრაგედიას. 26 თებერვალს ხოჯალის გენოციდის 29-ე წლისთავია. ეს გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ტრაგედიაა. ამ აგრესიული აქტის შედეგად, აზერბაიჯანის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და განხორციელდა 1 მილიონზე მეტი ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის განდევნა. ხოჯალის ტრაგედიის დროს, ქალაქში 7 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე იმყოფებოდა. 

1991 წლიდან ქალაქი მთლიანად ოკუპირებულია სომხური სამხედრო ძალების მიერ. 1992 წელს მასიური დაბომბვის შედეგად, სომხეთის სამხედრო ძალებმა, საბჭოთა კავშირის ძალების დახმარებით დაიპყრეს ხოჯალი. სომხეთის არმიის ძალადობრივი ქმედების შედეგად, გენოციდს 613 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა და ქალაქი ფაქტობრივად განადგურდა. 

ხოჯალის ტრაგედია მოწმობს იმის შესახებ, რომ სომხეთის მხრიდან მსგავსი ქმედებები არის სისტემატური და ატარებს მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდის მცდელობის ხასიათს. სომხეთის სამხედრო ძალებმა ხოჯალში ადამიანის უფლებები სრულიად დაარღვიეს, რომელიც მინიჭებულია ჟენევის კონვენციის თანახმად", - განაცხადა ფაიგ გულიევმა.

ღონისძიების ბოლოს აჩვენეს თეატრალური წარმოდგენა "დედის ყვირილი", რომელიც ჰეიდარ ალიევის სახელობის აზერბაიჯანის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა დადგა. წარმოდგენის რეჟისორი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ტურგაი ველიზადეა. სპექტაკლში მონაწილეობენ თეატრის მსახიობები აიდა თაგიევა და ლეილა ქასიმოვა.

ცნობისთვის, 1992 წლის 25-26 თებერვლის ღამეს სომხეთის შეიარაღებული ფორმირებები, რუსეთის 366-ე მოტომსროლელი პოლკის სამხედროების მონაწილეობითა და ჯავშანტექნიკის დახმარებით, ქალაქ ხოჯალის დაესხნენ თავს, რომელიც მანამდე, რამდენიმე თვის განმავლობაში ალყაში იმყოფებოდა. ქალაქის შტურმს საარტილერიო ქვემეხებიდან, მძიმე სამხედრო ტექნიკიდან მასშტაბური სროლა უძღოდა წინ, რომელიც ჯერ კიდევ 25 თებერვალს, საღამოს დაიწყო. შედეგად, ხანძარი გაჩნდა, რომელმაც 26 თებერვლის დილის 5 საათისთვის მთელი ქალაქი ალში მოაქცია. ხოჯალიში დარჩენილმა მოსახლეობამ, დაახლოებით 2500 ადამიანმა, გადარჩენის იმედით, უახლოეს დასახლებულ პუნქტს, აღდამს მიაშურა. თუმცა, სომხური ფორმირებები მათ სასტიკად გაუსწორდნენ.

აზერბაიჯანული მხარის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, სომხური შეიარაღებული ფორმირებების ქმედებების შედეგად, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული იყო 613 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის - 106 ქალი, 63 ბავშვი და 70 მოხუცი. 1275 მშვიდობიანი მოქალაქე ტყვედ ჩავარდა. 150 ადამიანის, მათ შორის 68 ქალისა და 26 ბავშვის ბედი დღემდე უცნობია. 475-მა ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. 8 ოჯახი მთლიანად განადგურდა. 25 ბავშვმა ორივე მშობელი დაკარგა, 130 კი - ერთი.

2018 წელს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და გენერალურმა პროკურატურამ ხოჯალის ტრაგედიასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნული იყო, რომ „სომხეთის შეიარაღებული ფორმირებების მიერ ქალაქ ხოჯალის ოკუპაციასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის სახელმწიფოსა და მის მოქალაქეებს 170 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ზარალი მიადგა“.

28 თებერვალს ადგილობრივი ჟურნალისტების ჯგუფმა, ორი ვერტმფრენით, ტრაგედიის ადგილამდე მიღწევა მოახერხა. ხოჯალის მსხვერპლთა ფოტოებმა და ვიდეოებმა, რომლებიც ადგილობრივმა და უცხოელმა ჟურნალისტებმა გადაიღეს, მთელი მსოფლიო მოიარა.

1 მარტს ადგილზე უცხოელი ჟურნალისტები ჩავიდნენ. მსოფლიო მედია შოკისმომგვრელ სურათზე წერდა. ტერიტორია დასახიჩრებული ცხედრებით იყო სავსე. ჟურნალისტები წერდნენ, რომ მოკლულებს სკალპირება ჩაუტარეს, ყირები, კიდურები მოკვეთეს, თვალები და სხვა ორგანოები ამოაჭრეს. ცხედრების ნაწილი მძიმე ტექნიკით იყო გაჭყლეტილი, ან დამწვარი.

1994 წელს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის ინიციატივით გამოქვეყნდა სპეციალური ბრძანება, რომლის მიხედვით 26 თებერვალი „ხოჯალის გენოციდის და ეროვნული გლოვის" დღედ გამოცხადდა. დოკუმენტში დეტალურადაა აღწერილი ტრაგედიის მიზეზები და დამნაშავეები.

ხოჯალის გენოციდის მსხვერპლთა მემორიალები ბაქოში და სხვა ქალაქებშია აღმართული. „დედის ყვირილი“ („Ana harayı“) აზერბაიჯანის დედაქალაქში, ხათაის რაიონში დგას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system