თავში

თბილისში მეტყევის დღე აღინიშნა

თბილისში მეტყევის დღე აღინიშნა
თბილისში მეტყევის დღე აღინიშნა

თბილისში მეტყევის დღე აღინიშნა. ღონისძიება ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში გაიმართა. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მეტყევეებს პროფესიული დღე მიულოცა და წარმატებული საქმიანობისთვის, მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. შეხვედრაზე მინისტრმა სატყეო სექტორში ბოლო წლებში მიმდინარე საკანონმდებლო და ინსტიტუციურ რეფორმებზე ისაუბრა.

„მინდა აღვნიშნო, რომ ტყე, რომელიც ჩვენი ქვეყნის უნიკალური ბუნებრივი რესურსია და ის განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებს. სწორედ ამიტომ, 2013 წლიდან, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, სატყეო სექტორის ინსტიტუციური და საკანონმდებლო რეფორმა დაიწყო, დამტკიცდა ეროვნული სატყეო კონცეფცია და შემუშავდა ახალი ტყის კოდექსი. რეფორმის მიზანი ტყის მდგრადი მართვის სისტემის ჩამოყალიბებაა, რომელიც საქართველოში ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას, ბიომრავალფეროვნების დაცვას, ტყეების ეკოლოგიური ფასეულობების გათვალისწინებით მათი ეკონომიკური პოტენციალის ეფექტიან გამოყენებას უზრუნველყოფს”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა არჩილ ნიკოლეიშვილმაც მიმართა. 

დამსახურებულ მეტყევეებთან ერთად, მუდმივი პარტნიორობისთვის სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამა „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში“ გუნდის ხელმძღვანელს, ბენედიქტ იბელეს და პროგრამის ხელმძღვანელს, ჰანს-იახიმ ლიპოს, ასევე, პროგრამის ხელმძღვანელის მრჩევლებს, გია კოლბინსა და მაკა კაციტაძეს - სატყეო განათლების განვითარების კუთხით გაწეული მხარდაჭერისთვის. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ინიციატივით, წელს პირველად, ადრეულ ასაკში გარდაცვლილი ახალგაზრდა მეცნიერისა და მეტყევის პრემია დაწესდა. „სანდრო ურუშაძის პრემია - 2019“ -ის მფლობელი სატყეო სექტორის აქტივობებში მონაწილეობისთვის, სხვადასხვა უნივერსიტეტის 3 სტუდენტი გახდა. 

ასევე სააგენტოს საინფორმაციო კამპანიაში აქტიური ჩართულობისთვის და ტყის დაცვაში შეტანილი წვლილისთვის სამახსოვრო ჯილდოები გადასცეს რამდენიმე ჟურნალისტს, მათ შორის ჯილდო გადაეცა Report.ge-ის ჟურნალისტს, ლევან ფანცხავას. 

ღონისძიებას კაჭრეთისა და ახალციხის პროფესიული სასწავლებლების სატყეო საქმის სპეციალისტები და ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გადამზადებული მეტყევე-ტაქსატორები ესწრებოდნენ, რომლებიც დასაქმებულები არიან ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოებში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system