თავში

თბილისში მიკროავტობუსებით მგზავრობას მოსახლეობის ნაწილი 10 და 20 თეთრად შეძლებს

თბილისში მიკროავტობუსებით მგზავრობას მოსახლეობის ნაწილი
თბილისში მიკროავტობუსებით მგზავრობას მოსახლეობის ნაწილი 10 და 20 თეთრად შეძლებს

ლურჯი მიკროავტობუსები საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინტეგრირებული გადახდის სისტემის ნაწილი ხდება და 1 აპრილიდან მგზავრობის ტარიფი 80 თეთრის ნაცვლად, 50 თეთრი იქნება. 1 აპრილიდან მგზავრს ასევე შეეძლება ერთი გადახდით (50 თეთრი) საათნახევრის განმავლობაში უფასოდ იმგზავროს მეტროთი, ავტობუსით და ახლა უკვე ლურჯი მიკროავტობუსითაც. 1 აპრილიდანვე ახალი სატრანსპორტო სქემის ფარგლებში მიკროავტობუსებით მგზავრობისას მოქალაქეები ყველა იმ შეღავათით ისარგებლებენ, რაც მეტროსა და ავტობუსში აქამდეც მოქმედებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ახალი მიკროავტობუსებით მგზავრობას 10-20 თეთრადაც შეძლებს. 

თბილისის მერიის ცნობით, ამ დროისთვის შეღავათიანი სატრანსპორტო ტარიფი მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფებზე მოქმედებს. კერძოდ 10-თეთრიანი ტარიფით სოციალურად დაუცველები სარგებლობენ. 20 თეთრს იხდიან სტუდენტები, სკოლამდელი აღზრდისა და საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები, მათ შორის მანდატურები. ასევე დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები, დედაქალაქში რეგისტრირებული ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულები და დაღუპულთა ოჯახის წევრები.

ასევე 20-თეთრიანი ტარიფით მგზავრობენ ასაკით პენსიონერები, საქართველოს საპატრიარქოს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტები, თბილისში არსებულ პოლიკლინიკებში დასაქმებული უბნის ექიმები, უბნის პედიატრები და ოჯახის ექიმები, სოციალური აგენტები და სოციალური მუშაკები.

უფასოდ მგზავრობენ დედაქალაქში რეგისტრირებული უსინათლო პირები და გადაადგილებისას მათთან ერთად მყოფი პირი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები, ასევე სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები და მათთან გათანაბრებულ პირები, სამხედრო ძალების ვეტერანები, დედაქალაქში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულთა ოჯახის წევრები, მოსწავლეები და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system