თავში

თენგიზ ცერცვაძე: ბატონმა არსენ ტოროსიანმა ნამდვილად თქვა ის, რაც თქვა და ბოდიში უნდა მოიხადოს

თენგიზ ცერცვაძე: ბატონმა არსენ ტოროსიანმა ნამდვილად თქვა ის, რაც თქვა და ბოდიში უნდა მოიხადოს
თენგიზ ცერცვაძე: ბატონმა არსენ ტოროსიანმა ნამდვილად თქვა ის, რაც თქვა და ბოდიში უნდა მოიხადოს

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„როგორც ცნობილია, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ბატონმა არსენ ტოროსიანმა ა.წ. 22 მაისს გამოთქვა ძალიან რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტული და სიმართლეს აცდენილი მოსაზრებები საქართველოზე. ამის შემდეგ სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს აპარატმა (და არა პირადად ბ-ნმა მინისტრმა) გააკეთა განმარტება, რომ ბ-ნ მინისტრს ასეთი არაფერი უთქვამს?! და მისი განცხადება, სამწუხაროდ, არასწორად იქნა ინტერპრეტირებული მასმედიის მიერ?! სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის მორიგი დეზინფორმაციის მცდელობა,ვინაიდან მე პირადად (ისევე, როგორც სხვებმა) მოვისმინე ბ-ნი მინისტრის გამოსვლა (რომელიც ატვირთულია ინტერნეტში), სადაც იგი ყოველგვარი არგუმენტების გარეშე სიტყვა-სიტყვით ამბობს, რომ „მათი (სომხეთის, თ.ც.) ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა საქართველოსაზე უფრო ძლიერია“. მან აგრეთვე ეჭვი შეიტანა საქართველოში გამოყენებული ტესტ-სისტემების ხარისხში და ტესტირების მეთოდოლოგიაში და აგრეთვე ეჭვი შეიტანა, რომ საქართველო არასწორ სტატისტიკურ მონაცემებს აწვდის მსოფლიოს, ანუ მალავს COVID-19-ის შემთხვევების რეალურ რაოდენობას.

ჩვენ ადრე უკვე განვაცხადეთ და მოკლედ გავიმეორებ, რომ კომიკურია, როცა ამას ამბობს იმ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი, სადაც მარტო ბოლო ორი დღის განმავლობაში გამოვლინდა COVID-19-ის 733 დადასტურებული ახალი შემთხვევა. ანუ უფრო მეტი, ვიდრე საქართველოში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე. ბ-ნი ტოროსიანი ტესტ-სისტემების ხარისხსა და ტესტირების მეთოდოლოგიას უწუნებს ქვეყანას, სადაც ფუნქციონირებს რეგიონში ერთადერთი უნიკალური და უმაღლესი დონის „ლუგარის“ სახელობის ლაბორატორია, სადაც ყველა ლაბორატორიული კვლევა სრულდება უმაღლეს დონეზე ყველაზე მაღალი ხარისხის ტესტ-სისტემების გამოყენებით, რაც ყველანაირ ცდომილებას გამორიცხავს. გვინდა ბ-ნ მინისტრს შევახსენოთ, რომ საქართველო იყო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც დაიწყო COVID-19-ის დიაგნოსტირება PCR ტესტებით და სადღეისოდ ამ მეთოდით (და არა სწრაფი მარტივი ტესტებით) გამოკვლეულია 48,565 პირი.

რაც შეეხება საქართველოს მიერ მიწოდებული სტატისტიკური მონაცემების სანდოობას და გამჭვირვალობას, საქართველოში COVID-19-ით პაციენტების გამოვლენა და რეგისტრაცია ხდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით და გამჭვირვალედ. გადაიცემა COVID-19-ის უკლებლივ ყველა შემთხვევა, მათ შორის უსიმპტომო და მცირე სიმპტომიანი, ხოლო გარდაცვლილ პირთა რიცხვში შედის უკლებლივ ყველა გარდაცვლილი, ვისაც დადასტურებული აქვს COVID-19, დამოუკიდებლად იმისა, თუ რა იყო უშუალოდ სიკვდილის მიზეზი. საქართველოდან მიწოდებული ინფორმაციის უმაღლესი სანდოობა აღიარებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და უკლებლივ ყველა სხვა საერთაშორისო ავტორიტეტული ინსტიტუციების მიერ. საქართველო სისტემატურად იღებს უმაღლეს შეფასებებს გაეროსგან, ჯანმოსგან, სხვა ოფიციალური საერთაშორისო ინსტიტუციებისგან და ცალკეული ქვეყნების ლიდერებისა და სხვა ავტორიტეტული პირებისგან COVID-19-ის მართვის დარგში მიღწეული წარმატებებისათვის. ავტორიტეტულმა გამოცემამ Foreign Policy-მა საქართველო მოიხსენია COVID-19-ის მართვის კუთხით მსოფლიოს ხუთ ყველაზე წარმატებულ ქვეყანას შორის, ხოლო კიდევ უფრო ავტორიტეტულმა Washington Post-მა ა.წ. 17 მაისს ასევე მოიხსენია საქართველო კორონავირუსთან გამკლავების ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითად.

შესაბამისად, კვლავ მიგვაჩნია, რომ ბ-ნი ტორისიანის მცდელობა, თავი აარიდოს პასუხისმგებლობას, უშედეგოა და მან ან თავისი არაკორექტული (რბილად რომ ვთქვათ) შეფასებები უნდა დაასაბუთოს, ან სულ ცოტა თავის განცხადებების დეზავუირება გააკეთოს და ბოდიში მოიხადოს“- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

ცნობისთვის, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს, არსენ ტოროსიანს, COVID-19-ზე საქართველოს სტატისტიკა აეჭვებს და ვარაუდობს, რომ ქვეყანაში ყველა ინფიცირებულის გამოვლენა და სტატისტიკაში ასახვა არ წარმოებს. მისი მტკიცებით, სომხეთში საქართველოდან შესულ სატვირთო მანქანების მძღოლებს ვირუსი დაუდასტურდათ. საზოგადოებრივი საბჭოს მიერ მოწყობილ ონლაინშეხვედრაზე არსენ ტოროსიანმა რამდენიმე შეკითხვა დასვა: მათ შორის, გამოყენებული იყო თუ არა საქართველოში ინფიცირების ყველა შემთხვევაში PCR ტესტები, თუ საუბარია სწრაფ ტესტებზე, რომელსაც, მისი თქმით, დაბალი სანდოობის გამო, სომხეთში ფაქტობრივად არ იყენებენ. მინისტრს აინტერესებს ასევე, უტარდებათ თუ არა კორონავირუსზე ტესტირება საქართველოში იმ პირებს, რომლებსაც ვირუსის მსუბუქი სიმპტომები აქვთ და შედიან თუ არა სტატისტიკურ მონაცემებში ისინი, რომლებიც პნევმონიისგან გარდაიცვალნენ, მაგრამ COVID-19 დადასტურებული არ ჰქონდათ. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთის ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა ქართულ სისტემაზე ძლიერია. 

თენგიზ ცერცვაძე არსენ ტოროსიანის განცხადებას 22 მაისსაც გამოეხმაურა. მან ტოროსიანის განცხადებას არაკორექტიული და სიმართლეს აცდენილი უწოდა. ცერცვაძის თქმით, მაღალი თანამდებობის პირი მსგავს განცხადებებს არგუმენტების გარეშე არ უნდა აკთებდეს. ცერცვაძემ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს მოუწოდა, დაასაბუთოს ბრალდებები ან მინიმუმ ბოდიში მოიხადოს.

თენგიზ ცერცვაძემ ასევე აღნიშნა, რომ 22 მაისის მდგომარეობით საქართველოში იყო COVID-19-ის 723 დადასტურებული შემთხვევა, მათგან გარდაიცვალა 12, ხოლო სომხეთში COVID-19-ის 5928 დადასტურებული შემთხვევა და 74 გარდაცვლილი. შესაბამისად, მისი თქმით, ამ ფონზე სულ ცოტა ღიმილის მომგვრელია (თუ სასაცილო არა) ბატონი მინისტრის განცხადება, რომ სომხეთის ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა ქართულ სისტემაზე ძლიერია.

თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში COVID-19-ით პაციენტების გამოვლენა და რეგისტრაცია მიმდინარეობს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, გამჭვირვალედ და მათი მაღალი სანდოობა ჯერ ეჭვქვეშ არ დაუყენებია არცერთ საერთაშორისო ინსტიტუციასა თუ ექსპერტს.

ცერცვაძე ასევე განმარტავს, რომ საქართველოში ფუნქციონირებს რეგიონში ერთადერთი უნიკალური და უმაღლესი დონის „ლუგარის“ სახელობის ცენტრი, სადაც ყველა ლაბორატორიული კვლევა სრულდება უმაღლეს დონეზე, ყველაზე მაღალი ხარისხის ტესტ-სისტემების გამოყენებით, რაც ყველანაირ ცდომილებას გამორიცხავს.

"არ გვგონია, რომ სომხეთს უკეთესი ლაბორატორია, მეთოდოლოგია და ტესტ-სისტემები ჰქონდეს!" - განაცხადა თენგის ცერცვაძემ

იმავე დღეს ტოროსიანის განცხადებას საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უპასუხა და აღნიშნა, რომ გაკვირვებულია მინისტრის არადიპლომატიური განცხადებით. გამყრელიძის თქმით, თუ მას მსგავსი ფაქტების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა, ის ვალდებული იყო ამის შესახებ ეცნობებინა, როგორც საქართველოსთვის, ისე ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის.

გამყრელიძის განმარტებით, საქართველოში კორონავირუსზე იტესტება უკლებლივ ყველა პაციენტი, რომელსაც პნევმონიის დიაგნოზი აქვს, ხოლო ის 48 290 ტესტირება, რაც ჩატარებულია ქვეყანაში, ყველა არის ჩატარებული PCR ტექნოლოგიით.

გარდა ამისა, ამირან გამყრელიძე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქართველოში არ არის ვირუსით გამოწვეული ჭარბი სიკვდილიანობა და მისთვის გაუგებარია, რა სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობოდა ტოროსიანი აღნიშნული განცხადების გაკეთებისას. 


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system