
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, 72-ე საზოგადოებრივი ცენტრი ამჯერად ქალაქ თეთრიწყაროში გახსნა. პროექტის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის თანამედროვე სტანდარტების ახალ შენობაში საჯარო და კერძო სექტორის სერვისების კომფორტულ გარემოში მიწოდება.
საზოგადოებრივი ცენტრი თეთრიწყაროსა და მიმდებარე 21 სოფლის − ასურეთის, ენაგეთის, შავსაყდრის, ჯორჯიაშვილის, ბოგვის, საღრაშენის, ფარცხისის, ტბისის, ჩხიკვთას, აბელიანის, ირაგას, ივანოვკას, ალექსეევკას, ჭივჭავის, ჯვარას, წინწყაროს, ხაიშის, გოლთეთის, დაღეთის, სამშვილდესა და მაწევანის 23 000-მდე მოსახლეს მოემსახურება.
საზოგადოებრივ ცენტრში მომხმარებელს ადგილიდან გაუსვლელად ერთი ფანჯრის პრინციპით შეუძლია, მიიღოს 200-ზე მეტი სახელმწიფო და კერძო სერვისი, მათ შორის, პასპორტი/პირადობის მოწმობა, დაარეგისტრიროს ქორწინება, აიღოს დაბადების მოწმობა, გააკეთოს განცხადება მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენაზე, განახორციელოს უძრავი ქონების რეგისტრაცია, მიიღოს საარქივო მომსახურება და სხვა.
თანამედროვე სტანდარტების შენობა თეთრიწყაროში, დიდგორის ქუჩა №8-ში სპეციალურად საზოგადოებრივი ცენტრისთვის აშენდა. ახალი საზოგადოებრივი ცენტრის შენობა აღჭურვილია სპეციალურად შშმ პირებისთვის განკუთვნილი პანდუსით.
მიმდინარე წლის ბოლომდე საზოგადოებრივი ცენტრები გაიხსნება ცაგერსა და ყაჩაღანში.
