თავში

ცხინვალიდან და აფხაზეთიდან სამკურნალოდ 188 პირია გადმოყვანილი

ცხინვალიდან და აფხაზეთიდან სამკურნალოდ 188 პირია გადმოყვანილი
ცხინვალიდან და აფხაზეთიდან სამკურნალოდ 188 პირია გადმოყვანილი

ცხინვალიდან და აფხაზეთიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 188 პირია გადმოყვანილი. ამის შესახებ განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა გააკეთა. მისი ინფორმაციით 188 ადამიანიდან 80 სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში სხვადასხვა დაავადებაზე მკურნალობს და იღებს უფასო სამედიცინო მომსახურებას. დანარჩენი იმყოფება საკარანტინო ზონაში ან თვითიზოლაციაში. 

ქეთევან ციხელაშვილის თქმით საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად რეგიონებში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის ტენდენცია აშკარაა, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ მხარეს არ აქვს იმ მონაცემების გადამოწმების საშუალებას, რაც ქვეყნდება.

"იზრდება ინფიცირებულთა რიცხვი ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დღეის მონაცემებით, ხაზგასმით ვამბობ, რომ იმ მონაცემებით, რასაც თავად აქვეყნებენ აფხაზეთში 15, ხოლო ცხინვალის რეგიონში 30 ინფიცირებულია. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ამ მონაცემების გადამოწმების შესაძლებლობა და ბუნებრივია, ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვერ ვიტყვით, რომ სწორედ ეს არის ციფრები და არა მეტი ან ნაკლები, მაგრამ აშკარაა ტენდენცია, რომ იზრდება მაჩვენებლები. ცხადია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა ზომა გატარდეს, პროტოკოლი დაიცვან, რათა არ მოხდეს უმართავი და მასიური გავრცელება ამ ვირუსის. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმ შეზღუდული შესაძლებლობების პირობებში, რასაც ქმნის ოკუპაცია და ჩაკეტილობა, განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონის მხრიდან, რომ ადგილზე დავეხმაროთ მოსახლეობას უკეთ გაუმკლავდნენ ინფექციას. დაწყებული იმ გამოცდილებიდან, რაც მივიღეთ ჩვენ და დანარჩენმა მსოფლიომ გამკლავებასთან დაკავშირებით, დასრულებული უშუალოდ სამედიცინო და ჰიგიენური საშუალებებით და რა თქმა უნდა , რასაც კიდევ ერთხელ და ხაზგასმით ვამბობ, სრული მზაობით და სურვილით, რომ დავეხმაროთ ჩვენს მოსახლეობას ორივე რეგიონიდან დიაგნოსტიკაში და უკვე ამ ინფექციის მართვაში შესაბამისს კლინიკებში, რომლებიც არის უკვე განთავსებული საოკუპაციო ხაზთან ახლოსაც ორივე მიმართულებით. განსაკუთრებით ახალი ინფრასტრუქტურაა რუხი, რომელიც სრულ მზადყოფნაშია აფხაზეთიდან პაციენტების მომსახურებისთვის" , -განაცხადა ციხელაშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system