თავში

,,თუ მხოლოდ ეს სიმპტომები გაწუხებთ, ნუ გაიქცევით საავადმყოფოში დასატესტად" - ზურაბ გურული

,,თუ მხოლოდ ეს სიმპტომები გაწუხებთ, ნუ გაიქცევით საავადმყოფოში დასატესტად" - ზურაბ გურული
,,თუ მხოლოდ ეს სიმპტომები გაწუხებთ, ნუ გაიქცევით საავადმყოფოში დასატესტად - ზურაბ გურული

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში კორონავირუსთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას მიმართავს.

,,პატივცემულო თანამემამულენო,

ნუ გაიმეტებთ იმ ექიმებს სალანძღავად, ვისი ღირსების დასაცავად სულ რამდენიმე თვის წინ ყელს გამოღადრავდით ნებისმიერ უცხოელს. ისინი ისევ თქვენი ექიმები არიან და ახლა განსაკუთრებით სჭირდებათ თანადგომა.

ნუ მიეცემით პანიკას. აბსოლუტური უმრავლესობა ამ დაავადებას გადაიტანს მხოლოდ მაღალი ტემპერატურით, კუნთების, სახსრებისა და თავის ტკივილით, დიარეით, ზოგადი სისუსტით და მსუბუქი ქოშინით დატვირთვისას.

თუ მხოლოდ ეს სიმპტომები გაწუხებთ, ნუ გაიქცევით საავადმყოფოში დასატესტად. ძალიან დიდი ალბათობით კორონა გაქვთ და ტესტის დადებითი პასუხი არაფერს შეცვლის. ქართული ინტერნეტი სავსეა ექიმების რეკომენდაციებით, თუ როგორ უმკურნალოთ გაურთულებელ კორონას სახლში. ამობეჭდეთ და დაურიგეთ იმათ, ვისაც კომპიუტერთან წვდომა არა აქვს.

ჩვენი ერთობლივი ამოცანაა, რომ კლინიკები შევინახოთ განსაკუთრებით მძიმე პაციენტებისათვის, რომლებიც აუცილებლად დაიღუპებიან ჰოსპიტალიზაციის გარეშე.

ატარეთ ნიღაბი!!! ატარეთ წესიერად!

როგორმე მოითმინეთ საჯარო გართობის გარეშე ცოტა ხანი, სანამ სიტუაცია კონტროლს არ დაექვემდებარება.

ვისთვისაც გარეთ გასვლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, აუცილებლად უნდა გავიდეს; ოღონდ უსაფრთხოების წესების მაქსიმალური დაცვით. თუ ამას გავაკეთებთ, ნელნელა ყველა ბიზნესს ავამუშავებთ, რესტორნების ჩათვლით.

სასწავლო დაწესებულებებმა როგორმე გადაწყვიტეთ ონლაინ სწავლების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენების საკითხი. სამედიცინო ინსტიტუტების სტუდენტებს ნუ ატარებთ კოვიდიან კლინიკებში, თუ მათ სპეციალური წვრთვნა და აღჭურვილობა არა აქვთ!

გავრცელება უნდა შევაჩეროთ რაც შეიძლება სწრაფად და ამას მარტო ვერავინ შეძლებს", - წერს ექიმი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში ახალი კორონავირუსის 1186 შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 18 663-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 278 პაციენტი და საერთო რაოდენობა 8 338-ს შეადგენს. გარდაცვლილია 143 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system