თავში

"უკვე ძალიან გაუგებარია ეს ზეწოლა თეატრისა დასის მიმართ" - ლევან ხურცია

"უკვე ძალიან გაუგებარია ეს ზეწოლა თეატრისა დასის მიმართ" - ლევან ხურცია
უკვე ძალიან გაუგებარია ეს ზეწოლა თეატრისა დასის მიმართ - ლევან ხურცია

მსახიობი ლევან ხურცია ნინუცა მაყაშვილისა და ბესო ზანგურის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მსახიობი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, რომ ძალადობას გმობს, თუმცა აღნიშნავს, რომ ასევე გმობს, დაუსაბუთებელ, საჯარო ბრალდებებსაც.

"უკვე ძალიან გაუგებარია ეს ზეწოლა თეატრისა დასის მიმართ, შეგრძნებაა თითქოს ჩვენ უნდა გამოვიტანოთ განაჩენი!!! ვგმობ ყველანაირ ძალადობას და ასევე ვგმობ დაუსაბუთებელ საჯარო ბრალდებებს, რომელიც ცხოვრებას უნგრევს ადამიანს. ( არ ვგულისხმობ, რომ პრობლემა ხმამაღლა არ ითქვას, პირიქით, უნდა ითქვას, ოღონდ, რეაგირებაც უნდა მოყვეს, რომ არც ერთი მხარის უფლება არ დაირღვეს) ან მიიღეთ გადაწყვეტილება შესაბისმა ორგანოებმა და გაერკვიეთ საკითხში და დასასჯელი დაისაჯოს, ან თუ არაფრის გარკვევის სურვილი არ გაქვთ არც ერთ მხარეს, შევეშვათ თეატრის და დასის პასუხისმგებლობას, რომელიც ფაქტების გარეშე ვერანაირ ოფიციალურ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. ( პირადად ვინ რას გადაწყვეტს ეს სხვა საკითხია). მორალური კუთხით თუ შევხედავთ, ერთ მხარეს ძვირფასი მსახიობის ტრაგიკული წარსულია პინაზე და მეორეზე ოჯახი, მეუღლე და სამი შვილი, რომლებიც არაფერ შუაში არიან.

პ.ს. მე პირადად არავის პირადი ცხოვრება არ ვიცი და ხმამაღლა ვერავის დავადანაშაულებ! მოძალადეა? პასუხი აგოს! ცილისწამებაა? - გაირკვეს. და დავასრულოთ ეს საშინელება. სანამ არაფერია დასაბუთებული ჩემი კოლეგიალური პატივისცემა ნინუცასაც და ბესოსაც! 

ვიმეორებ და ვაფიქსირებ პოზიციას არა ძალადობას და არა ბულინგს. ამ დატანჯულ ქვეყანაში ვეცადოთ რომ ერთმანეთის ელემენტარული პატივისცემა არ დავკარგოთ", - წერს ლევან ხურცია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გადაცემა ,,ფარულ კონვერტში" მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა განაცხადა, რომ მასზე ყოფილი მეუღლე, ბესო ზანგური ფიზიკურად ძალადობდა.

ბესო ზანგური ძალადობის ფაქტს უარყოფს.

საჯარო განცხადების შემდეგ მაყაშვილი შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ბესო ზანგური "რუსთაველის თეატრის" მსახიობია. თეატრმა მაყაშვილის ინტერვიუს შემდეგ მოკლე განცხადება გაავრცელა და ძალადობა დაგმო, თუმცა მსახიობი თეატრში დატოვა. მომხდარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელი, რეჟისორი რობერტ სტურუა. მან ბესო ზანგურის მხარდამჭერი რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა.

მომხდარის შემდეგ ბესო ზანგურს გაემიჯნა მისი სასცენო პარტნიორი, რუსთაველის თეატრის მსახიობი თამთა ინაშვილმა, როგორც ინაშვილმა განაცხადა, ის აღარ აპირებს ზანგურთან ერთად ერთ სცენაზე დგომას.

მოგვიანებით ზანგური ძალადობაში კიდევ ერთმა კოლეგამ დაადანაშაულა. რეჟისორმა ელენე მაცხონაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დიდი ხნის თეატრალურ უნივერსიტეტში ნახა, თუ როგორ უმოწყალოდ სცემდა ბესო ზანგური შეყვარებულს.

ფაქტთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა რუსთაველის თეატრმაც და იმ სპექტაკლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, რომელშიც ბესო ზანგური თამაშობდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system