თავში

უმუშევრობა თუ მონური შრომა

​უმუშევრობა თუ მონური შრომა
უმუშევრობა თუ მონური შრომა

ყველა კვლევის მიხედვით, უმუშევრობა საქართველოში მთავარი პრობლემაა, ამასთან, კვლევების მიხედვითვე, საქართველო იმ ქვეყანათა ჩამონათვალშია, სადაც ადამიანები საკუთარი სურვილით თანხმდებიან 24- საათიან სამუშაო გრაფიკს.

მიუხედავად 2013 წელს მიღებული შრომის კოდექსისა, რომელმაც მკაფიოდ განსაზღვრა, რომ სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, როგორც უფლებადამცველები ამბობენ, დარჩა ხარვეზი, „სპეციფიური კატეგორია“ , რომელიც კერძო სექტორს საკუთარი ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს.

ჩატარებული კვლევების მიხედვითვე,  სამუშაო საათების შრომის კოდექსით დადგენილი ნორმები მომსახურების სექტორის მნიშვნელოვან ნაწილში არ სრულდება, ამ სფეროში დასაქმებულები, ხშირ შემთხვევაში, ზედმეტად ხანგრძლივად მუშაობენ. ამასთან, ვინაიდან შრომის კოდექსი ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების ტარიფს არ ადგენს, კომპანიები, ხშირად, ინდივიდუალურად საზღვრავენ ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებას და ეს შესაძლოა, შეადგენდეს მინიმალურ თანხასაც კი, მაგალითად, 10 თეთრს.

თუ დასაქმებული თვლის, რომ მისი უფლებები არასამართლიანად ილახება შეუძლია მიმართოს უფლებადამცველ ორგანიზაციებს და სასამართლოს, -თვლიან ბიზნესომბუდსმენის აპარატში.

ბიზნესომბუდსმენის აპარატში report.ge-ს განუცხადეს, რომ რომ დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის შრომითი ურთიერთობა წინასწარი შეთანხმების საფუძველზე ხდება.

“შრომითი ურთიერთობა, თავის თავში გულისხმობს ორ პირს შორის - დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის წინასწარ შეთანხმებული წესებით საქმიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებას. დასაქმების მსურველი წინასწარ არის ინფორმირებული სამუშაო სპეციფიკის და ანაზღაურების შესახებ. დამსაქმებელს, დასაქმებულთან შეთანხმებით, სამუშაო სფეროს სპეციფიკის შესაბამისად, აქვს უფლება განსაზღვროს სამუშაო ადგილზე სამუშაო დრო, ხოლო დასაქმებულს აქვს საშუალება უარი თქვას მისთვის შეთავაზებულ სამუშაო რეჟიმზე. ბიზნესომბუდსმენის აპარატის პოზიციაა, რომ სამუშაო საათების, მათ შორის ზეგანკვეთური სამუშაო საათების მაქსიმალური ნორმის კანონში განსაზღვრა არის ჩარევა დამსაქმებლისა და დასაქმებულის ურთიერთობაში და დასაქმებულს ართმევს შესაძლებლობას თავად მიიღოს გადაწყვეტილება მისთვის მისაღები სამუშაო საათების რაოდენობის შესახებ. თუ დასაქმებული თვლის რომ მისი უფლებები არასამართლიანად ილახება შეუძლია მიმართოს უფლებადამცველ ორგანიზაციებს და სასამართლოს, სასამართლო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ასეთის შემთხვევაში, გადაწყვეტილება ყოველთვის დასაქმებულის სასარგებლოდ მიიღება.”- განაცხადეს ბიზნესომბოდსმენის აპარატში.

რატომ თანხმდებიან ადამიანები 24-საათიან გრაფიკს? report.ge შეეცადა, რამდენიმე რესპონდენტი გამოეკითხა.

„მეშაურმეც მე ვიყავი, დამლაგებელიც და ფულის ამღებიც“- იხსენებს 32 წლის ანა ჩიტაური, რომელიც 24 საათიანი გრაფიკით 3 თვის განმავლობაში მუშაობდა.

„დილით, რომ მივდიოდი მეორე დილამდე ვმუშაობდი. წამითაც არ მქონდა საშუალება, რომ ჩამემუხლა და დამესვენა. საოცარ რეჟიმში ვმუშაობდი, სწრაფ-სწრაფად შაურმა უნდა მეკეთებია, ამავე დროს, ჯიხურში სისუფთავე უნდა მქონოდა და დამლაგებლის ფუნქციაც შეთავსებული მქონდა, გარდა ამისა, სალარო აპარატთანაც მე ვიყავი. 24- საათიანი რუტინული შრომის მიუხედავად, უფლება არ მქონდა, რაიმე შემშლოდა. თუ ვინმეზე ზედმეტი ხურდა გადაგიყვებოდა, რა თქმა უნდა, ის ხარჯი შენი ხელფასით უნდა აგენაზღაურებია. სამი თვე გავძელი, მეტი ვეღარ შევძელი.... ჭამის უფლება დღეში მხოლოდ ერთხელ მქონდა. 30 ლარს მაძლევდნენ 24 საათიანი მუშაობის შემდეგ, ამ თანხით თბილისში ქირას ვიხდიდი და კახეთში ჩემებს თავის სარჩენ ფულს ვუგზავნიდი„- იხსენებს ახალგაზრდა ქალი, რომელიც დღეს იტალიაში მოხუცი ქალის მომვლელად მუშაობს.

„დილით კლინიკაში რომ მივდივარ, მეორე დილამდე ვმუშაობ, საავადმყოფოში სანიტრის პოზიციაზე ვმუშაობ. დასვენება ერთი წუთით არ მაქვს, იმდენად ბევრი საქმეა. მეორე დილით, როცა სახლში მივდივარ, მთელი დღე მძინავს. ოჯახისთვის, უკვე წლებია, აღარ ვარგივარ. სახლში როცა ვარ მძინავს, რომ კლინიკაში ფხიზლად ვიყო. შვილები მყავს, ბევრი რამ სჭირდებათ, რა ვქნა, იძულებული ვარ, რომ ვიმუშაო,“- გვიყვება ზუგდიდის საავადმყოფოს სანიტარი, რომელმაც სახელისა და გვარის გამჟღავნებაზე უარი გვითხრა.

გამოსავალი, უფლებადამცველთა აზრით, ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობაა.

ბიზნესს, სოციალურ პასუხისმგებლობასა და დასაქმებულებისთვის ნორმალური სამუშაო პირობების შეთავაზებაში კონკურენციისკენ, მოუწოდებს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე. ზოიძის თქმით, რიგი ქვეყნები, უკვე კვირაში 3-4 დღიან სამუშაო გრაფიკზე არიან გადასული.

„მე, პირადად, ექიმი ვარ და ვიცი, ევროპის ბევრ ქვეყანაში მედიკოსები დღემდე 24 -საათიანი გრაფიკით მუშაობენ. ზოგადად, რა თქმა უნდა, სასურველი არ არის 24 საათიანი სამუშაო რეჟიმით ადამიანის დასაქმება, მაგრამ არის რიგი პროფესიები, როცა ეს გარდაუვალი აუცილებლობით არის გამოწვეული. თუმცა, ბუნებრივია, ასევე არის ქვეყნები, რომლებმაც აკრძალეს ასეთი გრაფიკით მუშაობა. მაგალითად, სკანდინავიურ ქვეყნებში კვირაში 3-4 დღიან სამუშაო გრაფიკებზე. ყველაფერს ვერ დაარეგულირებ კანონით, მით უფრო, ჩვენს ქვეყანაში, თვითდასაქმეულთა რაოდენობა მილიონს აჭარბებს და აუცილებელია, ბიზნესმა სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინოს. სასურველი იქნება კომპანიებმა კონკურენცია ამ კუთხითაც გაზარდონ და თქვან, რომ ისინი უკეთეს პირობებს სთავაზობენ დასაქმებულებს. მე მოვუწოდებ ბიზნესს, ხელისუფლებასთან ერთად აიღონ სოციალური პასუხისსგებლობა დასაქმებულების მიმართ,“- განუცხადა report.ge-ს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ.

CSR-ს ექსპერტი მარიკა მჭედლიძე თვლის, რომ პასუხისმგებლიანი კომპანია, რა თქმა უნდა, ზრუნავს თანამშრომლებზე და ცდილობს, მაქსიმალურად კომფორტული გარემო შეუქმნას თანამშრომლებს, რადგან კვლევებით დადასტურებული ფაქტია, რომ კეთილგანწყობილი გარემო გაცილებით ეფექტურს ხდის დაქირავებულის შრომას.


დამსაქმებელი პირველ რიგში, გარდა იმისა, რომ იცავს კანონს,თავისი კეთილი ნებით უნდა აკეთებდეს უფრო მეტს საკუთარი თანამშრომლებისთვის,ვიდრე კანონი ავალდებულებს. ამ შემთხვევაში, კომპანიას შეუძლია 8 საათიანი გრაფიკით,ცვლებში ამუშაოს თანამშრომლები, თან ყურადღება მიაქციოს,რომ ყოველთვის ერთი და იგივე ადამიანებს არ უწევდეთ ერთი და იმავე ცვლაში მუშაობა, ანუ 24 საათიანი გრაფიკით თუ მუშაობს 1 ადამიანი და იღებს რაღაც ანაზრაურებას, ის 24 საათი და შესაბამისი ანაზღაურება გაანაწილოს 3 ადამიანზე. ჯამში ისევ იგივე ნამუშევარი საათები და ანაზღაურება გამოვა თვის მანძილზე ,ვთქვათ 24 საათი რომ ემუშავა და შემდეგ 2 დღე-ღამე დაესვენა. დამსაქმებელს დიდად არაფერი ეცვლება (ხარჯი არ ეზრდება) და თანამშრომელთა ჯანმრთელობა და კომპანიის მიმართ ლოიალობა გაუმჯობესდება,“-განუცხადა report.ge-ს,  CSR-ს ექსპერტმა, მარიკა მჭედლიძემ.

ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობას აკრიტიკებენ და ქვეყანაში დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომით ურთიერთობას არათანაბრს და მონურს უწოდებენ საქართველოს პროფკავშირებში. მათი განცხადებით, რიგ კომპანიებში კორპორაციული და სოციალური პასუხისმგებლობა მინიმალურ ზღვარზეა.

პროფკავშირებში აცხადებენ, რომ სამსახურეობრივი ცვლა 12 საათს არ უნდა აღემატებოდეს. საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე, რაისა ლიპარტელიანის ინფორმაციით, საქართველო ევროპაში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც 24 საათიანი სამუშაო რეჟიმი დღემდე შენარჩუნებულია.

„პრაქტიკაში დამკვიდრებული 24 საათიანი ცვლები საქართველოს კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგება. თუმცა, ამგვარი რეგულირება ეწინააღმდგება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის და ევროკავშირის სტანდარტებს, რომლის მიხედვითაც 24 საათიან პერიოდში მინიმალური დასვენების 11 საათიანი უწყვეტი ხანგრძლივობა დაცული უნდა იყოს. 24 საათიანი მორიგეობების პრაქტიკა საქართველოში ყველაზე ხშირად გამოიყენება სამედიცინო სექტორში, თუმცა მას ფაქტობრივად ეკონომიკის ყველა სექტორი იყენებს, განსაკუთრებით დაცვის სამსახურები. პარადოქსულია, რომ იქ სადაც ყველაზე მნიშვნელოვანია ფხიზელი გონება, თუნდაც საკუთარი და სხვა ადამიანების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სწორედ ამ სფეროებში ხდება ასეთი სამუშაო რეჟიმის გამოყენება. ამჟამად, არსებობს კანონპროექტი, შრომის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ, სადაც დგინდება 12 საათიანი ცვლა, რომელიც მოიცავს ერთ საათიან შესვენებას. თუმცა, მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების სამომავლო ბედი, გაურკვეველია,“-განუცხადა report.ge -ს ლიპარტელიანმა.

სამუშაო დროის შესახებ, განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში დღემდეა დებატები, - რა უნდა გაიწეროს კანონით და რა უნდა დარჩეს დამსაქმებლის და დაქირავებულის უფლებად. ამასთან, ბევრ ევროპულ ქვეყანაში პროფესიული კავშირები აქტიურად იბრძვიან 1990-იან წლებში შეჩერებული სამუშაო საათების ისტორიული კლების ტენდენცია განაახლონ.

ბოლო დროს,  ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება სამუშაო დროის შემცირებასთან დაკავშრებით 2018 წელს გერმანიის მშრომელთა გაერთიანებას IG Metal-ს ჰქონდა. როდესაც დასაქმებულებმა სამუშაოსა და ცხოვრების დაბალანსების არგუმენტით 28 საათიანი სამუშაო კვირის უფლება მოიპოვეს.

მსოფლიოს მასშტაბით, პროფესიული კავშირების აქტიურობის ფონზე კი, ასი ათასობით ადამიანისთვის ჯერ კიდევ აქტუალურია კითხვა,- უმუშევრობა თუ მონური შრომა?!

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system