თავში

"უსაფრთხო ვაქცინა არ არსებობს, ისევე როგორც არ არსებობს უსაფრთხო თვითმფრინავი" - ზურაბ გურული

"უსაფრთხო ვაქცინა არ არსებობს, ისევე როგორც არ არსებობს უსაფრთხო თვითმფრინავი" - ზურაბ გურული

ამერიკაში მომუშავე ქართველი ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში წერს, რომ არსებულ ვაქცინებს კომპანია "ჯონსონ&ჯონის" მიერ კლასიკური მეთოდით დამზადებული ვაქცინაც შეემატება. 

რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხს, გურული განმარტავს, რომ უსაფრთხო ვაქცინა არ არსებობს და ადამიანები აცრის შესახებ გადაწყვეტილებას რისკებისა და სარგებლიანობის ანალიზის შედეგად იღებენ. 

„ტრადიციონალისტები“ ალბათ შვებით ამოისუნთქავენ, რადგან მალე ვაქცინების არსებულ არსენალს ჯონსონ&ჯონსონის კლასიკური მეთოდით დამზადებული ვაქცინაც შეემატება. The New England Journal of Medicine -ში 13 იანვარს გამოქვეყნებული მასალების მიხედვით დასტურდება, რომ ვაქცინის ერთჯერადი დოზა საკმარისი იყო მონაწილეთა 90%-ში ადეკვატური კონცენტრაციის ანტისხეულების შესაქმნელად, როგორც 18-55 წლის სპექტრში, ასევე 65 და ზემოთ ასაკის მონაწილეებში; ასევე იმ პირებშიც, რომლებსაც მიეცათ ვაქცინის დაბალი და მაღალი დოზები. ჯერჯერობით, ვაქცინით მიღებული იმუნიტეტიც მდგრადია, თუმცა მხოლოდ 71 დღის ემპირიული გამოცდილებით.

ჯ&ჯ-ს ვაქცინა ე.წ. ვექტორული ვაქცინაა. ადვილად რომ ავხსნათ, ვექტორული ვაქცინა წააგავს დრონით მიტანილ ყუმბარას დანიშნულების ადგილზე. დრონი ამ შემთხვევაში გამრავლების უნარწართმეული ადენოვირუსია, რომელზეც „დაკიდებენ“ ყუმბარას, კორონას ე.წ. „სპაიკ-პროტეინს“. ასე რომ რნმ-ის მოშიშართ ტრადიციული მეთოდიკით დამზადებული ეფექტური ვაქცინაც ექნებათ. მესამე ფაზის კვლევები ალბათ თებერვალში დასრულდება და დაახლოებით მარტისთვის იგეგმება მასიური წარმოების დაწყებაც.

ლოგისტიკურად ძალიან ადვილი მოსახმარი ვაქცინაა. 3 თვე შეიძლება იქნეს შენახული 2-8 C - ზე და რაც მთავარია, ერთი ინექცია სრულიად საკმარისია.

და ბოლოს, უსაფრთხო ვაქცინა არ არსებობს, ისევე როგორც არ არსებობს უსაფრთხო თვითმფრინავი.

არსებობს რისკები და სარგებლიანობა, რომლის შეგნებული შეფარდებით წყვეტენ ადამიანები, თუ როდის ავიდნენ თვითმფრინავში სამგზავროდ, ან როდის გაიკეთონ ვაქცინა. იძულებით თვითმფრინავში არავინ აჰყავთ, ასევე არ შეიძლება იძულებით ვაქცინის გაკეთება. ყველა ადამიანს აქვს უფლება საკუთარ თავს გაუმეოროს კლინტ ისტვუდის ცნობილი ფრაზა: - Do I feel lucky? Well, do ya, punk?" - წერს ზურაბ გურული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system