თავში

უსაფრთხოების მიზნით კინოთეატრებში ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" წინა სეანსები მოიხსნა

უსაფრთხოების მიზნით კინოთეატრებში ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" წინა სეანსები მოიხსნა
უსაფრთხოების მიზნით კინოთეატრებში ფილმის და ჩვენ ვიცეკვეთ წინა სეანსები მოიხსნა

კინოთეატრ "ამირანისა" და კავეას კინოთეატრების ქსელში გახმაურებული ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენებამდე დაგეგმილი სხვა ფილმის სეანსები მოიხსნა.   

კინოთეატრ ამირანის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში report.ge-ს განუმარტეს, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებამდე დაგეგმილი სხვა ფილმის სეანსის მოხსნა მაყურებელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას უკავშირდება. საქმე ეხება უშუალოდ ლევან აკინის ფილმის წინ ჩანიშნულ სეანსს, ყველა დანარჩენი სეანსი კი დაგეგმილი გრაფიკით გავა. 

„კინოთეატრებში ფილმები დაგეგმილი რეპერტუარით გავა, მოიხნსა მხოლოდ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ წინა სეანსი, მხოლოდ ამ ფილმის წინ არსებული ერთი კონკრეტული სეანსი და არა დღის პროგრამა. დღის განმავლობაში დაგეგმილ სხვა სეანსებს ცვლილება არ შეხებია და მაყურებელს შეუფერხებლად ექნება სასურველი ფილმების ნახვის საშუალება" - განმარტა კინოთეატრ "ამირანის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა მაია სიხარულძემ. 

ცნობილია, რომ შემოქმედებითი ჯგუფი ფილმის პრემიერას არ დაესწრება. 

ქართული წარმომავლობის, შვედი რეჟისორის, ლევან აკინის მიერ შექმნილი ფილმი ქართული ნაციონალური ანსამბლის წევრი ორი ახალგაზრდა მამაკაცის - მერაბისა და ირაკლის სიყვარულზეა. 

26 ოქტომბერს, ნიუ-იორკის ლგბტქ კინოფესტივალზე, კინოსურათის პრემიერა შედგა. პრემიერის შემდეგ, მაყურებელსა და რეჟისორს შორის, ვრცელი საუბარი გაიმართა. ლევან აკინმა ფილმის შესახებ, ფესტივალის სტუმრების კითხვებს უპასუხა და გადაღებების დროს საქართველოში შექმნილი წინააღმდეგობების შესახებაც ვრცლად ისაუბრა. ფესტივალის წარმომადგენლის კითხვაზე, დაუჭირა თუ არა მხარი საქართველომ ფილმს, რეჟისორმა უპასუხა რომ - არა. ლევან აკინმა ასევე აღნიშნა, რომ ნოემბერში, ლოს-ანჯელესში დაგეგმილი პრემიერის გამო, საქართველოში ფილმის პრემიერას ვერ დაესწრებოდა. რეჟისორს არ დაუკონკრეტებია, გადაწყვეტილება რამდენად უკავშირდებოდა უსაფრთხოების საკითხს.

ლევან აკინის ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგება საქართველოს საპატრიარქო. საპატრიარქოს განცხადებით ფილმის ჩვენება ემსახურება ცოდვის ლეგალიზებას. საპატრიარქოს სოდომური ურთიერთობების პოპულარიზაციისა და დაკანონებისადმი შეურიგებელი პოზიცია აქვს და ამიტომაც ყოვლად მიუღებლად მიაჩნია ასეთი ფილმის კინოთეატრებში ჩვენება. 

 And then we danced -ის კინო ჩვენების ჩაშლით იმუქრება ბიზნესმენი ლევან ვასაძე.ამის შესახებ ის ვიდეო-მიმართვაში საუბრობს.

„არავითარი კომბალი ან იარაღი, შიშველი ხელებით შევდივართ კინოთეატრებში და ვშლით სეანსებს, ვთიშავთ ფილმის ჩვენებას,“-აცხადებს ვასაძე. 

ფილმის ჩაშლით იმუქრება "ქართული მარშის" ლიდერი სანდრო ბრეგაძეც. ბრეგაძემ report.ge-ს უთხრა, რომ ფილმი ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდაა და მის ჩვენებას არ დაუშვებს. ბრეგაძის მსგავსად პრემიერის ჩაშლით იმუქრება მმკ-ის წევრი გურამ ფალავანდიშვილი. ფალავანდიშვილმა report.ge-სთან საუბრისას განაცხადა, რომ მზად არის, შემოქმედებით ჯგუფს კვერცხები დაუშინოს.

საქართველოში, ამ დრომდე, ფილმის მხოლოდ დახურული ჩვენება გაიმართა. საჯარო პრემიერა თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში 8-დან 10 ნოემბრის ჩათვლით იმართება. 

მსოფლიო პრემიერა 16 მაისს კანის რიგით 72-ე კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმი კანის კინოფესტივალის Director’s Fortnight სექციაში, 25 ფილმს შორის მოხვდა. პირველი ქართული სასიყვარულო გეი დრამის რეჟისორი ლევან აკინია, რომელიც წარმოშობით საქართველოდანაა.

And Then We Danced, რომელმაც არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 92-ე ცერემონიალზე შვედეთის სახელით წარდგება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system