თავში

უცებ, ერთ მშვენიერ დღეს ჩამოიქცა ყველაფერი - რუსუდან კერვალიშვილი

უცებ, ერთ მშვენიერ დღეს ჩამოიქცა ყველაფერი - რუსუდან კერვალიშვილი
უცებ, ერთ მშვენიერ დღეს ჩამოიქცა ყველაფერი - რუსუდან კერვალიშვილი

"ცენტრ-პოინტის" დამფუძნებელი რუსუდან კერვალიშვილი საპატიმროში გატარებულ დღეებს ემოციურად იხსენებს. ტელეკომპანია "ფორმულასთან" ინტერვიუში მან პატიმრობის პერიოდზე, საკუთარ დაზე, მაია რჩეულიშვილზე და იმ ქალ პატიმრებზე ისაუბრა, რომლებიც მასთან ერთად იხდიდნენ სასჯელს. 

ამბობს, რომ ბევრი რამ გადააფასა და ითხოვს პატიებას ადამიანებისგან, რომლებიც "ცენტრ პოინტის" სკანდალური საქმის დროს დაზარალდნენ. 

"არ ყოფილა ისე იოლი მისაჩვევი თავისუფლება, როგორც წარმომადგინა.

ძალიან დიდია თავისუფლება. საოცარი შიმშილო მქონდა თვალების, რომ ბუნებას რომ ვერ ვხედავდი. ბუნება არ ჩანს. არაა ბუნება იქ.

ყველაფერი არი ჩემთვის საოცარი, ხეები, ყველაფერი ირგვლივ, სიმწვანე.

გამიჭირდა ჩემი შვილიშვილების დანახვა. პირველად რომ დავინახე.

სხვა ასაკის ბავშვები დავტოვე, პატარა. ჩემი შვილიშვილი მარიტა 8 წლის იყო, ახლა უკვე დიდი გოგოა, 12 წლის. პატარა თინი კი საერთოდ ნანახი არ მყავდა და ახლა არის ოთხი წლის. ეს ძალიან დიდი ინფორმაციაა. გაქვს რაღაც, უხერხულობის შეგრძნება, რომ შენ მიდიხარ და ადამიანები იქ რჩებიან. იმდენი განცდაა. გეშინია იმ სიახლის სადაც შენ მიდიხარ.

არანორმალურად უხარიათ ადამიანის გასვლა გარეთ, თავისუფლებაზე, ეს არის ზეიმი. ტაშით გაცილებენ იქიდან.

ისინი ყოველ გამოცილებულ პატიმარზე თავის თავს აღიქვამენ, როგორ გავლენ.

მაია დავტოვე ყოჩაღად და ყველანი დამპირდნენ, მათ შორის თანამშრომლები, რომ იქნებოდნენ მაიას გვერდზე. მაგრამ ეს ისეთი რამ არის, ერთი მთლიანობა რომ დაარღივიო, კიდევ ერთხელ.

ეს არის ადგილი, სადაც ადამიანები ბედნიერები არასოდეს არ არიან.

ქალები სევდიანი თვალებით.

რაც არ უნდა მიანიჭონ თავის თავს უფლება, რომ იყვნენ მხიარულები, უფრო ძალით გამხიარულებულები, ეს არის სევდიანი ადგილი.

თან ქალი, ყოველთვის უფრო დემონიზირებულია. თან ქალი პატიმარი, ეს ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური მომენტია.

უწმინდესის ლოცვა რომ არ მოგვხმარებოდა, მე და მაია საერთოდ ვერაფერს ვერ შევძლებდით. პირველი, რაც შემოგვითვალა, ილოცეთ იმ ადამიანებზე, რომლებსაც ჩვენ სძულხართ და არიან თქვენი მაჭირვებლები და ჩვენ ერთი დღე არ გამოგვიტოვებია, რომ არ გველოცა მათთვის.

შენ ოჯახზე ლაპარაკობ ყველა თავის დარდზე და არის იმის განცდა, რომ თითქოს ცხოვრება მიდის. ცხოვრების იმიტაციაა ცოტა.

ქალები ალბათ ცოტა სახლობანასაც თამაშობენ.

გჭირდება ძალიან ცოტა ნივთები. ჩაიდანი, რომლის უფლებაც გაქვს და პატარა ტოსტერი.

აი ამ პატარა ტოსტერზე, რომელიც მაღაზიაში იყიდება იქ, დაწესებულების, წარმოიდგინეთ ქალები, თავთავიანთ კამერებში ამაზე ამზადებენ საჭმელს.

დილა იწყება ასე. 10 საათზე აღებენ ოთახის კარებს. და ამ კარს ზოგიერთი აღებს ისე უხმაუროდ, რომ ეს რკინის ხმაური, რომელიც ასე დამთრგუნველია, რომ არ ჩაგესმას და გამოდიხარ იმწუთში იმიტომ, რომ გამოსვლამდე ერთი სული გაქვს.

ამ პერიოდში მაია იწყებს მზადებას, ჩვენი მეზობლებისთვის ხილის, დაჭრილი ხილის და პლასტმასის დანით ჭრის ამ ვაშლს. მე სულ ვუბრაზდებოდი, გავიგე, რომ ვაშლი უნდა მიართვა, მაგრამ ხომ შეიძლება, თვითონ დაჭრიან ვაშლს, იმიტომ, რომ ამის მომზადება ძალიან რთულია, მარიტას ვერ გავუკეთებ, იმიტომ, რომ ეს არის ჩემთვის გადაულახავი მდგომარეობა, მაგრამ მარტო ვაშლს არა, თუკი რამე შეუძლია რომ მიართვას, ასიამოვნოს და გააფუფუნოს... როგორც შეუძლია.

ქალისთვის სანატრელია ელემენტარული საცვალი. როგორი სანატრელია იცით? შეუძლებელია, მაგრამ რას ვიზამთ.

მე და მაია მოვხვდით ბავშვობაში, იმიტომ, რომ ერთმანეთს აღარ ვიცნობდით, იმიტომ, რომ ჩვენ ცხოვრება იყო ძალიან დატვირთული სხვადასხვანაირად. ჩვენ იმდენი რამ გვქონდა ერთმანეთისთვის გასაზიარებელი, რომ ეს იყო ისეთი 4 წელიწადი, რომელზეც დედაჩვენი ინატრებდა ჩვენს შორის ურთიერთობაზე.

როდესაც აშენებ, აკეთებ ასრულებ და ბედნიერი ადამიანების მადლობას იღებ, ეს არის ბედნიერება და უცებ, ერთ მშვენიერ დღეს ჩამოიქცა ყველაფერი.

არ მინდა ახლა თავი ვინმეს შევაცოდო, მაგრამ ძალიან ბევრჯერ მიფიქრია თვითმკვლელობაზე. გვაპატიეთ ხალხნო, თუკი ეს შეგიძლიათ. რადგან, ჩვენ ერთი დღე არ გაგვიხარია იმაზე ფიქრის გარეშე, რომ რადგან ჩვენ აქა ვართ, საპატიმროში და ვიხდით სასჯელს, ეს არის მისია, რომ გარეთ უფრო მეტად ეცდებიან, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდეს", - თქვა რუსუდან კერვალიშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system