თავში

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მიმართავს

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მიმართავს
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მიმართავს

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლის აუცილებლობა განიხილა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღინიშნა, რომ ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 1374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც განსაკუთრებით საყურადღებო მაჩვენებელია. ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით პირველ ადგილზე თბილისი, ხოლო მეორე ადგილზე - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონია. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო აკვირდება ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, არსებულ ტენდენციებს და შესაბამის გადაწყვეტილებებს დეტალური ანალიზის საფუძველზე მიიღებს.

საბჭო ასევე მსჯელობს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთა მიმართ მოქმედ რეგულაციებზე და შემდგომ გადაწყვეტილებებს, არსებული ეპიდვითარების შეფასების შემდეგ, უახლოეს პერიოდში მიიღებს.

კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების ზედმიწევნით დაცვის აუცილებლობას, რათა ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვების დაწესების საჭიროება არ დადგეს.

"საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, სწორად გამოიყენონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და თავი აარიდონ ხალხმრავალი შეკრებებისა და სოციალური ღონისძიებების ორგანიზებას, რომელთა გამართვა მთავრობის დადგენილებით ნებადართული არ არის. ამასთან, როგორც ცნობილია, აკრძალულია ფართის გადაცემა/დათმობა საზოგადოებაში დამკვიდრებული სოციალური ღონისძიებებისა (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.) და მასობრივი გასართობი ღონისძიების გამართვის მიზნით. აღნიშნული შეზღუდვის დარღვევა კი გამოიწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, შესაბამისი უწყებები კიდევ უფრო მკაცრად გააკონტროლებენ ყველა იმ რეგულაციის აღსრულებას, რომელიც მიმართულია ვირუსის გავრცელების პრევენციისკენ.

სხდომაზე ასევე განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო გააქტიურებისა და გაფართოების მნიშვნელობა. პრემიერ-მინისტრის დავალებითა და უშუალო ჩართულობით, გრძელდება ინტენსიური მოლაპარაკებები, რის შედეგადაც, უახლოეს მომავალში ქვეყანა ვაქცინების ახალ დოზებს მიიღებს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 290 129 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 278 251 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 3 858 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 205 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 323 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 2 445 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია" - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system