თავში

ვაქცინაციას სპეკულაციური მიზნებისთვის იყენებენ - თენგიზ ცერცვაძე

ვაქცინაციას სპეკულაციური მიზნებისთვის იყენებენ - თენგიზ ცერცვაძე
ვაქცინაციას სპეკულაციური მიზნებისთვის იყენებენ - თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ქვეყნის კეთილმოსურნეები ვაქცინაციას სპეკულაციური მიზნებისთვის იყენებენ. 

მისი თქმით, დღევანდელი დღე გამორჩეული და საზეიმო იყო, თუმცა პარალელურად შეინიშნებოდა ანტივაქსერული განწყობებიც.

"აშკარად გამორჩეული დღე იყო. ისეთი ზეიმი იყო, როდესაც ხალხს რაღაც უხარია. დიდი ხანია, ადამიანების ასეთი სოლიდარობა არ მინახავს. ამის პარალელურად, იყო ანტივაქსერული განწყობა, რომელიც სამწუხაროდ, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც არის. ანტივაქსერებში ორი ჯგუფი უნდა გამოვყოთ, ერთი ურწმუნოებისა, რომლებსაც უბრალოდ არ სჯერათ ვაქცინის. ესენი ყველგან არიან და ყოველთვის იყვნენ. ასე იყო გრიპზე, წითელაზე და სხვაზე. მეორე, გაცილებით უარესი მოვლენა, როდესაც პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელევიზიები, ექსპერტები და პირდაპირ ვიტყვი, საქართველოსთვის, მოსახლეობისთვის არაკეთილმოსურნე ადამიანები ვაქცინაციას სპეკულაციური მიზნებისთვის იყენებენ, მათ შორის პოლიტიკური სპეკულაციისთვის. არავისთვის დასამალი არ არის, რომ კოვიდინფექციის წარმატებით მართვა დიდი ხანია, პოლიტიკური შეფასებისა და კამათის საგნად გადაიქცა. კერძოდ, თუ პანდემიას ქვეყანა მართავს წარმატებით, ესე იგი მთავრობა კარგია, ცუდად თუ მართავს, მთავრობა და ჯანდაცვის მინისტრი არ ვარგა. ვაქცინაზეც ანალოგიური იყო. თუ ვაქცინა არ იყო ქვეყანაში, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით დაგვიანდა, ეს ატაცებული იყო და ძალიან არაკეთილსინდისიერად გამოიყენებოდა, როგორც ქვეყნის, მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროს სისუსტედ. მოხდა პარადოქსი, ამ ტელევიზიების თვითლუსტრაცია მოხდა, ასევე ამ ექსპერტების და ამ ძალების, ვინც ერთ ამბავს ტეხდნენ, სპეკულირებდნენ, მანიპულირებდნენ, რომ ქვეყანამ ვაქცინა არ შემოიტანა. ახლა უცებ გარდაიქმნენ, მოსახლეობას და ექიმებს მოუწოდებენ, რომ უარი თქვან ვაქცინაზე. ეს დაუჯერებელი სიტუაციაა“, -განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში Astrazeneca-ს ვაქცინა შემოვიდა. ვაქცინაცია ქვეყანაში დღეს, 15 მარტიდან დაიწყო.

COVID-19- ის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ და რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, ლევან გოფოძემ, ასევე დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ და სხვ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system