თავში

ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია იწყება - რა უნდა იცოდეთ თანხის მოსაგებად

ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია იწყება - რა უნდა იცოდეთ თანხის მოსაგებად
ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია იწყება - რა უნდა იცოდეთ თანხის მოსაგებად

ორშაბათს, 13 სექტემბრიდან, ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია იწყება. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ლატარიის კომპანია ყოველდღიურად, შემთხვევითი პრინციპით გაათამაშებს ფულად ჯილდოს ვაქცინირებული პირებისთვის. ჯამური საპრიზო ფონდი 2 800 000 ლარია.

ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განმარტებით, ლატარია გათამაშდება ყოველდღიურად, წლის ბოლომდე. ასევე იქნება, ყოველკვირეული შემაჯამებული გათამაშება. მან აღნიშნა, რომ ლატარიაში მონაწილეობას მიიღებს ყველა აცრილი ადამიანი, მათ შორის - ერთჯერადად.

"100 ლარი და 500 ლარი გათამაშდება ყოველდღიურად, ყოველკვირეულად გათამაშდება 1000, 1500, 5000 და 10 000 ლარი. შემაჯამებელი გათამაშება იქნება წლის ბოლოს და საპრიზო ფონდი იქნება 100 000 ლარი" - თქვა ღიბრაძემ.

აღნიშნულ ლატარიაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ერთჯერადად აცრილ მოქალაქეს, როგორც 2021 წლის 1 სექტემბრამდე ვაქცინირებულებს, ასევე 2021 წლის 13 სექტემბრის შემდეგ. 

საქართველოს ეროვნული ლატარიის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქეთევან ხუციშვილმა განაცხადა, რომ გამარჯვებულები გამოვლინდება როგორც ყოველდღიურად, ასევე ყოველკვირეულად, ხოლო საბოლოოდ 31 დეკემბერს შემაჯამებელი გათამაშება გაიმართება. მოგებული პირების ინფორმირებისთვის კი სპეციალური ვებგვერდი stopcov.lotto.ge შეიქმნა.

„ლატარია გაიმართება ყოველდღიურად, ყოველკვირეულად და ასევე იქნება შემაჯამებელი გათამაშება. მინიმალური მოგება იქნება 100 ლარი, ხოლო მაქსიმალური 100 000 ლარი. ყოველდღიურად გათამაშდება დაახლოებით 160 პრიზი. ასევე ყოველკვირეული გათამაშების მოგებული პირები გვეყოლებიან და შემაჯამებელი გათამაშება გაიმართება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირდაპირ ეთერში, სადაც უკვე დოლურაში მოთავსდება ყველა ლატარიის ბილეთი და იქიდან გამოვლინდება ერთი გამარჯვებული პირი. ლატარიაში მონაწილეობა ხდება შემდეგი სახით, როდესაც მომხმარებელს მიენიჭება NCDC-ის მიერ ჯავშნის კოდი, რომელსაც სტატუსი ექნება აცრილი, ის ავტომატურად მონაწილეობას მიიღებს აღნიშნულ ლატარიაში. დღეს დარეგისტრირებული მომხმარებელი, რომელიც აიცრება, მონაწილეობას მიიღებს მომდევნო დღის გათამაშებაში. გათამაშების შედეგები გამოვლინდება დღის 12 საათზე, ხოლო რაც შეეხება ყოველკვირეულ გათამაშებებს, ყოველ ორშაბათ დღეს, ყოველი დღის გათამაშების დასრულებისთანავე იქნება გამოვლენილი.

მოგებულ პირებს ინფორმაციის მიღება შეუძლიათ stopcov.lotto.ge-ზე. განთავსდება ინფორმაცია მოგებულების შესახებ, იქნება მოგებული პირების სახელი და გვარის პირველი ინიციალები, რა აცრით აიცრა მომხმარებელი და რომელ ქალაქში, ასევე ჯავშნის კოდი იქნება მითითებული. ჯანდაცვის სამინისტრო აუცილებლად დაუკავშირდება მოგებულ პირებს და მოხდება მათი ინფორმირება აღნიშნულის შესახებ. ორი გზა არსებობს იმისათვის, რომ მომხმარებელმა გაიგოს მოიგო თუ არა. ერთი უნდა ეწვიოს ვებ-გვერდს - stopcov.lotto.ge და ნახოს მისი ჯავშნის კოდის მონაცემები, ხოლო მეორე გზა არსებობს, თვითონ ჯანდაცვის სამინისტრო დაუკავშირდება და მიაწვდის ინფორმაციას. ლატარიაში მონაწილეობისათვის მომხმარებელი არ გადის არანაირ ავტორიზაციას , არამედ აცრისთანავე მისი ჯავშნის კოდი ავტომატურად ერთვება გათამაშებაში. გათამაშება ხდება საიტზე ავტომატურ რეჟიმში, პროგრამის მიერ ხდება შედეგების გამოვლენა”, - განახადა ქეთევან ხუციშვილმა.

მისივე განცხადებით, 16-დან 18 წლამდე ვაქცინირებული ახალგაზრდების შემთხვევაში ლატარიაში მონაწილეობას მშობლები ან კანონიერი წარმომადგენლები მიიღებენ.

„რაც შეეხება არასრულწლოვანებს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ხორციელდება არასრულწლოვან პირთა ვაქცინაციაც, ეს 16 წლიდანაა დაშვებული ჩვენს ქვეყანაში. აღნიშნულ შემთხვევაში ლატარიის კანონის შესაბამისად აკრძალულია არასრულწლოვანების მონაწილეობა და მონაწილეობას მიიღებენ მათი მშობლები ან კანონიერი წარმომადგენლები. ეს ჯავშნის კოდი და ლატარიის ბილეთები გადაეცემათ მათ კანონიერ წარმომადგენლებს“, - განაცხადა ქეთევან ხუციშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system