თავში

ვგმობთ კობახიძისა და სერგეენკოს ჰომოფობიურ განცხადებებს - NGO-ები

ვგმობთ კობახიძისა და სერგეენკოს ჰომოფობიურ განცხადებებს - NGO-ები
ვგმობთ კობახიძისა და სერგეენკოს ჰომოფობიურ განცხადებებს - NGO-ები

სამოქალაქო პლატფორმა არა-ფობიას!, კოალიცია თანასწორობისათვის და სამოქალაქო საზოგადოების სხვა ორგანიზაციები ეხმაურებიან თბილისი პრაიდის და პარტნიორების მიერ 5 ივლისს დაგეგმილ ღირსების მარშთან დაკავშირებით მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის და ამავე პარტიის წევრისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, დავით სერგეენკოს მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

"ხელმომწერი ორგანიზაციები ვგმობთ ირაკლი კობახიძისა და დავით სერგეენკოს განცხადებებს, როგორც ჰომოფობიურს და სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციის წამახალისებელს, რაც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა კონსტიტუციურ და საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, ირაკლი კობახიძის სიტყვები "ამ ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ ამ ღონისძიების ჩატარებაზე" სრულიად შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციასთან, რომლითაც პირდაპირაა გარანტირებული შეკრების თავისუფლება წინასწარი ნებართვის გარეშე. გარდა ამისა, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება არის უნივერსალური და ფუნდამენტური უფლება, რომლითაც სარგებლობა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ყველასთვის არადისკრიმინაციულად, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა, გენდერული იდენტობისა თუ სხვა ნიშნისა". – ნათქვამია განცხადებაში

ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, რომ უზრუნველყოს შეკრების თითოეული მონაწილის უსაფრთხოება. კერძოდ, საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, "მშვიდობიანმა დემონსტრაციამ შეიძლება გააღიზიანოს ან შეურაცხყოფა მიაყენოს იმ ადამიანებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან იმ იდეებსა თუ მოთხოვნებს, რომელთა გავრცელებას დემონსტრაცია ცდილობს. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს დახმარებით მონაწილეეებს უნდა შეეძლოთ დემონსტრაციის ჩატარება იმ შიშის გარეშე, რომ ისინი მოწინააღმდეგეების მიერ ძალადობას დაექვემდებარებიან" და "დემოკრატიულ საზოგადოებაში კონტრ-აქციის უფლება არ მოიცავს დემონსტრაციის უფლების რეალიზების ხელშეშლას".

"შეკრების მონაწილეთა დაცვის ვალდებულების შესასრულებლად პრევენციული ზომების მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც საქმე ეხება ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს, ლგბტ+ თემს და ხელისუფლებისთვის წინასწარ ცნობილია ქვეყანაში არსებული ჰომოფობიური კონტექსტი. კერძოდ, ამ დროს სახელმწიფო ორგანოები „ვალდებულნი არიან მიიღონ ნებისმიერი შესაძლო ზომა, მაგალითად დემონსტრაციამდე საჯარო განცხადებების გაკეთებით, რათა ბუნდოვანების გარეშე მხარი დაუჭირონ ტოლერანტულ, მშვიდობიან პოზიციას და რათა პოტენციური სამართალდამრღვევები გააფრთხილონ შესაძლო სანქციების ბუნების შესახებ". – ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ზემოაღნიშნული სტანდარტების საწინააღმდეგოდ, ირაკლი კობახიძისა და დავით სერგეენკოს განცხადებები არათუ ხელს არ უწყობს ლგბტ+ თემის მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულების დამკვიდრებას, არამედ, პირიქით, ახალისებს ჰომოფობიას და სიძულვილს.

"მათი, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლების ნათქვამი, კიდევ უფრო აგულიანებს ჰომოფობიურ ჯგუფებს, ვინაიდან პოტენციური თავდასხმის გამო პასუხისმგებლობას აკისრებს ღირსების მარშის ორგანიზატორებს ("ამ კონტექსტის გათვალისწინებით, პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებს, წესით, ეს არ უნდა დაეგეგმათ" და "მაინცდამაინც კონფრონტაციაზე არ უნდა წავიდნენ") და არა აგრესიულად განწყობილ ჯგუფებს მაშინ, როდესაც სწორედ ამ უკანასკნელთა მხრიდან ხორციელდებოდა და ხორციელდება მუქარა და ძალადობრივი ქმედებები. გარდა ამისა, ირაკლი კობახიძისა და დავით სერგეენკოს, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს შეუძლია ზეგავლენის მოხდენა სამართალდამცავ ორგანოებზე, რაც წარმოშობს იმის საფრთხეს, რომ სამართალდამცავები სათანადოდ არ უზრუნველყოფენ ღირსების მარშში მონაწილეთა უსაფრთხოებას. აღნიშნული საფრთხე რეალურია იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფომ წარსულშიც არ შეასრულა საკუთარი პოზიტიური ვალდებულება და არ მიიღო ზომები, რათა ლგბტ+ თემს მშვიდ და დაცულ გარემოში ესარგებლა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით". – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას და მის წარმომადგენლებს:

  • არ გაავრცელონ ჰომოფობიური და სიძულვილის წამახალისებელი განცხადებები;
  • გააკეთონ თანასწორობის მხარდამჭერი განცხადებები და ცხადად წარმოაჩინონ რომ ჰომოფობიური ძალადობა არ დარჩება პასუხგაუცემელი სახელმწიფოს მხრიდან;
  • უზრუნველყონ ღირსების მარშის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარება.

განცხადებას ხელს აწერენ სამოქალაქო პატფორმა არა-ფობიას! და კოალიცია თანასწორობისათვის წევრი ორგანიზაციები:

  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
  • უფლებები საქართველო (Rights Georgia)
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
  • საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო (TI Georgia)
  • თანასწორობის მოძრაობა
  • ადამიანის უფლებათა ცენტი (HRC)
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
  • საფარი
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)

სხვა ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • სოლიდარობის თემი
  • მსოფლიო ექიმები საფრანგეთი (MDM)
  • წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი - GCRT
  • მანდალა
  • ქალები საერთო მომვლისთვის (WECF) საქართველო
  • ქალები საქართველოდან
  • ქალთა მოძრაობა
  • მოძრაობა სირცხვილია
  • თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT)
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • პარტიზანული მებაღეობა თბილისში
  • აკესო

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ 17 ივნისს თქვა, რომ "კომპლექსური კონტექსტის გათვალისწინებით" თბილისი პრაიდს კვირეულის ჩატარებაზე უარი უნდა უთხრან. დავით სერგეენკომ კი 18 ივნისს ასეთი რამ თქვა: "არავინ არ უშლის იმის გაკეთებას, რისთვისაც მონდომებულები და მოწოდებული არიან ეს ხალხი, რაც შეეხება უფრო ხმამაღალ გამოხატვას, საზოგადოების სხვა ნაწილსაც უნდა შეეკითხონ, ალბათ, და მაინცდამაინც კონფრონტაციაზე არ უნდა წავიდნენ“.

თბილისი პრაიდის ინფორმაციით, პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით მოეწყობა პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც გაიმართება კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებები, 5 ივლისს კი ღირსების მარში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system