თავში

"ვიმედოვნებთ, სამყაროში მსგავსი ბოროტება აღარ განმეორდება" - საპატრიარქო

"ვიმედოვნებთ, სამყაროში მსგავსი ბოროტება აღარ განმეორდება" - საპატრიარქო
ვიმედოვნებთ, სამყაროში მსგავსი ბოროტება აღარ განმეორდება - საპატრიარქო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია პატივს მიაგებს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას და იმედოვნებს, რომ მსგავსი ბოროტება სამყაროში აღარ განმეორდება,- ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული. 

საპატრიარქო ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

,,27 იანვარს მსოფლიო ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

ეს თარიღი აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლებასთან არის დაკავშირებული. აუშვიცის ბანაკში კაცობრიობის ისტორიაში უსასტიკესმა სასაკლაომ და ბოროტების მანქანამ უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათგან მილიონზე მეტი ებრაელი იყო. 

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ჰოლოკოსტის შედეგად ნაცისტებმა 6 მილიონი ებრაელი და 5 მილიონი სხვა ეროვნების ადამიანი აწამეს.

ამიტომ, ბუნებრივია, ეს დღე თანაბრად მტკივნეული და მნიშვნელოვანია როგორც ებრაელი ხალხისთვის, ისე ნებისმიერი ერისა და აღმსარებლობის წარმომადგენლისათვის, მათ შორის, ჩვენთვის, ქართველებისათვის.

ჰოლოკოსტი იყო არა ერთი კონკრეტული ნაციის წინააღმდეგ მიმართული აგრესია, არამედ ეს იყო მსოფლიო ბოროტება, რომელიც ქრისტიანობისთვის ყოვლად მიუღებელია.

ამ ულმობელი ეპოქის მსხვერპლთა შორის მრავალი ქართველის სახელის გახსენება შეიძლება. 

მათ შორისაა თანამედროვე მართლამდიდებელი ეკლესიის გამორჩეული წმინდანი – არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე, რომელმაც ებრაელი ეროვნების ადამიანის გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე გასწირა და ამ თავგანწირვით კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ მოყვასის სიყვარული კაცობრიობის უმაღლესი ზნეობრივი ღირებულებაა.

მართლმადიდებელი ეკლესია მუდამ ქადაგებს მშვიდობასა და მოყვასის სიყვარულს, ქართველი და ებრაელი ხალხი 26 საუკუნის განმავლობაში გვერდიგვერდ ცხოვრობდა, ჩვენი მეგობრობა სამაგალითო და მისაბაძია სხვადასხვა აღმსარებლობის ერებისათვის, ამ საუკუნეებგამოვლილმა ერთობამ თანაბრად გაიზიარა ერთმანეთის სიხარულიცა და ტკივილიც.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია პატივს მიაგებს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას და იმედოვნებს, რომ მსგავსი ბოროტება სამყაროში აღარ განმეორდება",- აღნიშნულია ფეისბუქპოსტში.

ცნობისთვის, 27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსენების დღეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system