თავში

ვინ არის გარდაცვლილი მეათე პაციენტი

ვინ არის გარდაცვლილი მეათე პაციენტი
ვინ არის გარდაცვლილი მეათე პაციენტი

კორონავირუსისგან გარდაცვლილი მეათე პაციენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა. ამის შესახებ report.ge-ს ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს. 

პაციენტის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ გორის სამხედრო ჰოსპიტალშიც. მათი ინფორმაციით გარდაცვლილი ქალი 45 წლის იყო. 

"კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. 45 წლის ქალი გორის სამხედრო ჰოსპიტალში, თანმხლები მძიმე დაავადებების შედეგად, გარდაიცვალა. პაციენტი, სამხედრო ჰოსპიტალში ვირუსული ინფექციის ნიშნებით, 29 მარტს, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან გადმოიყვანეს. ლუგარის კვლევით ცენტრში ჩატარებული PCR ტესტირების შედეგად, მას COVID-19 დაუდასტურდა. პაციენტს ასევე აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, უნივერსალური სიმსუქნე. პაციენტს ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც ვლინდებოდა ორმხრივი პნევმონია, მრავლობითი ინფილტრაციები ე.წ. „ დაბურული მინის“ ტიპით. მოგვიანებით განვითარდა ორმხრივი სპონტანური სისხლჩაქცევა თხემ-კეფის მიდამოში (ნეიროქირურგიულად შეფასდა როგორც ინოპერაბელური). მდგომარეობა შეფასდა როგორც კრიტიკული, რის გამოც ის მკურნალობას რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადიოდა. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში მკურნალობის დღიდან იყო მძიმე, რასაც განაპირობებდა თანხმლები დაავადებები. მკურნალობა მიმდინარეობდა პროტოკოლის მიხედვით. თუმცა ვირუსის შედეგად გამოწვეული სხვადასხვა დაავადებების გართულებით, ექიმების მცდელობის და ძალისხმევის მიუხედავად, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი,"-ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც გორის სამხედრო ჰოსპიტალი ავრცელებს. 

რაც შეეხება ინფიცირებულთა რიცხვს, არსებულ მონაცემებს დღეს დილით კიდევ რვა პაციენტი დაემატა. ამ დროისთვის კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 623-ს აღწევს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 13 -ით გაიზარდა და ამ დროისთვის 288-ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system