თავში

,,ვირუსის გართულებებით გარდაიცვალა ჩემი რვა კოლეგა" - გივი ხორბალაძე

,,ვირუსის გართულებებით გარდაიცვალა ჩემი რვა კოლეგა" - გივი ხორბალაძე

უამრავი "კომპეტენტური" პირი გამოჩნდა, საზღვარგარეთ მყოფი სამედიცინო განათლების მქონე პირებით დამთავრებული, ვინც თავს უფლებას აძლევს, მაღალი ტრიბუნიდან გვმოძღვროს და "მსოფლიო შეთქმულების თეორია" მოახვიოს ხალხს და დაარწმუნოს უსაფრთხოების ზომების უსარგებლობაში, - ამის შესახებ ექიმი გივი ხორბალაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, აღნიშნული განცხადებები მოქალაქეთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას უფრო ჰგავს.

გარდა ამისა, ექიმი აღნიშნავს, რომ პანდემიის მეორე ტალღა გაცილებით აგრესიული გამოდგა. 

,,პანდემიის მეორე ტალღა საკმაოდ აგრესიული გამოდგა. ვერას გეტყვით, თუ რამდენად სარწმუნოა ოფიციალური სტატისტიკა, მაგრამ მე ჩემს სტატისტიკას მოგახსენებთ: კოვიდ ვირუსის გართულებებით გარდაიცვალა რვა ჩემი კოლეგა (ეს ვისაც პირადად ვიცნობდი და მათ შორის ერთი ჩემი თანაკურსელი), სამი ახლო ნათესავი მივაბარეთ მიწას და ორი ბიძაშვილი უმძიმესი პნევმონიით ეხლაც მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მათი პროგნოზი სრულიად ბუნდოვანია.

არც ჯანდაცვის სამინისტროს და არც დაავადებათა კონტროლის ცენტრის მესვეურთა ადვოკატად მე ნამდვილად ვერ დავდგები, პირიქით, მრავალი მწვავე კრიტიკული შენიშვნა შეიძლება წამოვჭრა მათ მიმართ, მაგრამ ეხლა სხვა რამეზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება.

უამრავი "კომპეტენტური" პირი გამოჩნდა, ჩვენი ვაიპოლიტიკოსებიდან და "ექსპერტ-ყველაფერშიკებიდან" დაწყებული, საზღვარგარეთ მყოფი (მოღვაწეს მათ ნამდვილად ვერ ვუწოდებ) სამედიცინო განათლების მქონე პირებით დამთავრებული, ვინც თავს უფლებას აძლევს, მაღალი ტრიბუნიდან გვმოძღვროს და "მსოფლიო შეთქმულების თეორია" მოახვიოს ხალხს და დაარწმუნოს უსაფრთხოების ზომების უსარგებლობაში.

ეს უკვე მოქალაქეთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას უფრო ჰგავს!

სხვა საკითხია, რამდენად ზედმეტად მკაცრი, ზოგ შემთხვევაში კი სრულიად აბსურდული და მარაზმატული წესებია შემოღებული, რამდენად მიზანმიმართულად ძირავენ ამ შეზღუდვებით კონკურენტ ბიზნესებს ვისაც კი ეს ხელეწიფება, რამდენად კეთილსინდისიერად აქვეყნებენ სტატისტიკასა და პროგნოზებს ჩვენი ეპიდემიოლოგები - ხომ არ ამძიმებენ პროგნოზებს მომავალი დაფინანსების, გრანტების, ტექნიკური დახმარების და შეღავათების მიღების იმედით?

ან რა აუცილებელ ზომას წარმოადგენს "კომენდანტის საათი"??? კორონა-ვირუსი ღამე დაძრწის ქუჩებში?

აი ეს არის საკითხავი და გასაანალიზირებელი, თორემ პროფილაქტიკური ღონისძიებები რომ აუცილებელია, ამაზე თავად ფაქტები და შედეგები მეტყველებს!

ასე რომ, ჩემი აზრით პრევენციული ზომები აუცილებელია, მაგრამ ყოველმხრივ გათვლილი და ზომიერი!", - წერს გივი ხორბალაძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system