თავში

ვისაც ალერგია აქვს, ვაქცინის არ უნდა შეეშინდეს - ბიძინა კულუმბეგოვი

ვისაც ალერგია აქვს, ვაქცინის არ უნდა შეეშინდეს - ბიძინა კულუმბეგოვი
ვისაც ალერგია აქვს, ვაქცინის არ უნდა შეეშინდეს - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ ალერგიულ პაციენტებს ვაქცინაციის არ უნდა შეეშინდეთ, რადგან მათ არავითარი წინაღობა არ აქვთ.

მისივე განმარტებით, თუ ადამიანს ვაქცინაციის პირველ დოზაზე დაუფიქსირდა ალერგიული რეაქცია, ამ შემთხვევაში მეორე დოზის გაკეთება კატეგორიულად გამორიცხულია. 

„ვაქცინაციის პროცესი როდესაც გაჩაღდა, მთელ მსოფლიში ერთ-ერთი პრობლემა, რომელმაც გარკვეულწილად დისონანსი შემოიტანა ამ იდილიაში, იყო ვაქცინაციასთან ასოცირებული ყველაზე ხშირი ალერგიული რეაქციები, მათ შორის სისტემური ალერგიული რეაქცია, რასაც ანაფილაქსიური შოკი ეწოდება. ტრადიციულად ვიცით, რომ საშუალოდ მილიონ დოზაზე გაკეთებულზე ფიქსირდებოდა 1-დან 3-მდე სხვადსხვა მონაცემებით ანაფილაქსიური შოკი. უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ახალ ვაქცინებში, რომელიც არის და რეალურად პერსპექტივაში ვხედავთ, არ შედის კვერცხის დანამატი, არ შედის ჟელატინი იმ შპრიცებში, რომლითაც ის გადაიტანება, ინახება და განზავდება, არ არის ლატექსთან კავშირში და არც ერთი დანამატი არ არის ანტიბიოტიკთან ასოცირებული. ეს ის კომპონენტებია, რომლებიც ძველ ვაქცინებში სხვადასხვა სახით გვევლინება, რაც მე ჩამოვთვალე, მაშინ რა ქმნის პრობლემას? ახალი ტიპის ვაქცინები სტაბილიზაციის თვალსაზრისით, მესენჯერულ ერენემზე თუ გავაკეთებთ აქცენტს, ორგანიზმში შეყვანის შემდეგ რომ გახდეს სტაბილური, იძულებული გახდნენ, გაეხვიათ ლიპიდურ, ანუ ცხიმოვან გარსში, რომელიც ცნობილია „პეგის“, ანუ პოლიეთილენგლიკოლის სახელით, რომელსაც ზოგადად გამოიყენება მედიცინაში და სხვადასხვა მედიკამენტების შემადგენლობაში შედის. ამ ვაქცინების მილიონობით დოზის გამოყენების შემდგომ, ბოლო სტატისტიკა, რასაც აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი გვაწვდის, ერთ მილიონ გაკეთებულ დოზაზე, 11,1 შემთხვევაა ანაფილაქსიური რეაქციის. საბედნიეროდ, აქაც უნდა ითქვას, რომ არც ერთი პაციენტის ლეტალობა არ დაფიქსირებულა. ყველა იყო მართვადი“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

მისივე თქმით, ამ საკითხზე მუშაობა საქართველოშიც მიმდინარეობს და ქვეყანა ისრაელის პრაქტიკას გაიზიარებს, სადაც ვაქცინაციის შემდეგ პაციენტებს 15-30 წუთის განმავლობაში, სპეციალურად მოწყობილ კარავში აკვირდებიან. 

„ჩვენ მაქსიმუმიც რომ შევძლოთ და გავაკეთოთ 4 მილიონი დოზა, სულ წლის ბოლომდე პერსპექტივაში დაგვემუქრება 40-მდე ასეთი შემთხვევა. მე ვამბობ იდეალურ ვარიანტს, თუ ეს განხორციელდა. ამიტომ მიდგომა არის მარტივი. ზოგადად ალერგიული პაციენტები ძალიან ბევრია, მათ არავითარი წინაღობა ვაქცინაციის არ აქვთ. მოვიყვან ისრაელის მაგალითს, რომელიც ხშირად არის საერთაშორისო მედიაში – ტენტია გაშლილი, სადაც ასეთი ვაქცინირებული პაციენტები 15-დან 30 წუთი სხედან და ელოდებიან დაკვირვების პერიოდს, ასე იქნება ჩვენს ქვეყანაშიც. თუ ადამიანს ვაქცინაციის პირველ დოზაზე დაუფიქსირდა ალერგია, ამ შემთხვევაში კატეგორიული წინაღობაა მეორე დოზის გაკეთების, ამიტომ ეს საკითხი მოგვარებადია. ზოგად პოპულაციას, ვისაც ალერგია აქვს, არ უნდა შეეშინდეს. იქნება დაკვირვება, ექიმები იქნებიან ცოდნით და სპეციფიური წამლებით აღჭურვილები, ეს იქნება ადრენალინი თუ სხვა დახმარების საშუალებები. ჩვენი სპეციალისტები დატრენინდგებიან და ამ მხრივ საშიშროება იქნება აბსოლუტურად მოხსნილი და მართვადი“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system