თავში

ვისია ნახევარი მილიონი დოლარი, რომელიც თავდამსხმელმა წაიღო - მინისტრის განმარტება

ვისია ნახევარი მილიონი დოლარი, რომელიც თავდამსხმელმა წაიღო - მინისტრის განმარტება
ვისია ნახევარი მილიონი დოლარი, რომელიც თავდამსხმელმა წაიღო - მინისტრის განმარტება

ეს თანხა, შემიძლია გითხრათ, რომ ბიუჯეტის ნამდვილად არ იყო - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ზუგდიდში ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი განმარტებით, მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ მოთხოვნილი თანხა "საქართველოს ბანკს" ეკუთვნოდა.  

"ეს თანხა, შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად არ იყო ბიუჯეტის კუთვნილი თანხა. რაც შეეხება იმას, თუ ვისი იყო - რაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა ბანკის არის, ეს ყოველთვის ასე ხდება, როცა ბანკში შეიჭრებიან და მძევლები აჰყავთ, გამოსასყიდს ბანკი იხდის. "საქართველოს ბანკში" იყვნენ შეჭრილები და არა "თი ბი სი" ბანკში, ხომ?" - თქვა გომელაურმა. 

მისი განმარტებით, მოთხოვნილი თანხა თავდამსხმელს სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელმა ავთანდილ გალდავამ მიუტანა. 

„პირადად ჩემთვის და, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესია ადამიანის სიცოცხლე. არ არსებობს არანაირი თანხა ადამიანის სიცოცხლის საფასურად, ეს იქნება 10 მილიონი, თუ 100 მილიონი. კი ბატონო, დასამალი რა არის, შესრულდა მოთხოვნა. რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი წაიღო. იყო ნახევარ მილიონ დოლარზე საუბარი, ბევრჯერ დასახელდა ეს თანხა, დასამალიც არ არის“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 ოქტომბერს, "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system