თავში

რატომ გადაიწია ისრაელთან ტურისტული მიმოსვლის აღდგენამ

რატომ გადაიწია ისრაელთან ტურისტული მიმოსვლის აღდგენამ
რატომ გადაიწია ისრაელთან ტურისტული მიმოსვლის აღდგენამ

ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი საქართველოსთან ტურისტული მიმოსვლის აღდგენის თარიღის გადაწევაზე განმარტებას აკეთებს. დიპლომატი ამის მიზეზად ბოლო დღეების განმავლობაში, ისრაელში კორონავირუსის ინფექციის შემთხვევათა რაოდენობის ზრდას ასახელებს.

როგორც რან გიდორი აცხადებს, ისრაელის სურვილია, რომ საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელთანაც ტურისტულ ბმებსა და პირდაპირ ფრენებს აღადგენს.

„მოგეხსენებათ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ისრაელში კორონავირუსის ინფექციის შემთხვევათა რაოდენობა გაიზარდა. თუმცა, მნიშვენელოვანია ხაზი გავუსვათ, რომ არ ვუბრუნდებით საგანგებო მდგომარეობას, რომელიც თებერვლიდან მაისამდე მოქმედებდა. ამის ორი მიზეზია - პირველია ის, რომ ამჯერად კორონავირუსის აფეთქება კონკრეტულად მხოლოდ რამდენიმე ლოკაციას უკავშირდება, განსაკუთრებით ქვეყანაში არსებულ ზოგიერთ სკოლას. მთავრობამ სკოლის მოსწავლეებსა და მათ ოჯახებს თვითიზოლაციისკენ დაუყოვნებლივ მოუწოდა, შესაბამისად, აფეთქება მთელ ქვეყანას არ ეხება, არამედ - სპეციფიკურ ადგილებს. მეორე მიზეზი ისაა, რომ ამჟამად, საშუალოდ 15 000 PCR ტესტს ვატარებთ ყოველდღიურად, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ბუნებრივია, რაც უფრო მეტ ტესტირებას ვატარებთ, მით მეტ შემთხვევას ვავლენთ. შესაბამისად, ფრთხილად უნდა ვიყოთ და შედარებით შევანელოთ ჩვენი მოლაპარაკებები საქართველოსთან ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, თუმცა, მაინც გვაქვს სურვილი, რომ საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელთანაც ტურისტულ ბმებსა და პირდაპირ ფრენებს აღვადგენთ. მაგრამ, ეს ივნისის პირველ რიცხვებში ვერ მოხდება, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ივლისის პირველ რიცხვებში ფრენები აღდგება. მოვლენების განვითარებას თვალი უნდა ვადევნოთ და ამის მიხედვით ვიმოქმედოთ", - განაცხადა ისრაელის ელჩმა ,,პალიტრანიუსთან" საუბრისას.

ისრაელიდან საქართველოში ტურისტების ჩამოსვლის გადადებაზე გუშინ 10 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა.

„ყველაფერი მზად არის ხელმოსაწერად, თუმცა ბოლო კვირის განმავლობაში ისრაელში ეპიდმდგომარეობა გართულდა. ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ ეს საკითხი დროებით უნდა გადავდოთ," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის განმარტებით, ტურიზმის ამუშავება დამოკიდებულია პარტნიორი ქვეყნების ეპიდვითარებაზე.

ცნობისთვის, 1-ლი ივლისიდან, საქართველო უცხოელ ტურისტებს ე.წ. უსაფრთხო დერეფნების მეშვეობით საერთაშორისო რეკომენდაციების დაცვით მიიღებს.

მანამდე კი, 15 ივნისიდან, საქართველო შიდატურიზმს გახსნის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system