თავში

"ვთხოვთ, მკაფიოდ გაემიჯნონ ძალადობას" - "თბილისი პრაიდი" განცხადებას ავრცელებს

"ვთხოვთ, მკაფიოდ გაემიჯნონ ძალადობას" - "თბილისი პრაიდი" განცხადებას ავრცელებს
ვთხოვთ, მკაფიოდ გაემიჯნონ ძალადობას - თბილისი პრაიდი განცხადებას ავრცელებს

თბილისი პრაიდი განცხადებას ავრცელებს და "ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორებს მიმართავს.

ორგანიზაცია მათ მოუწოდებს გაემიჯნონ ძალადობრივ ჯგუფებს, რომლებიც ქვიართემის წარმომადგენლებს გამოხატვის თავისუფლებას უზღუდავენ.

"თბილისი პრაიდი მხარს უჭერს და სოლიდარულია რიონის ხეობის დამცველთა მიმართ. მიგვაჩნია, რომ პროტესტის ორგანიზატორთა მოთხოვნები სამართლიანია. ნამოხვანის ჰესი შენდება კაბალური სახელშეკრულებო პირობებით, რომელიც ინვესტორს საშუალებას აძლევს მიიღოს მოგება მიწის, წყლის და სხვა ბუნებრივი რესურსების გამოყენებით, საქართველოს სახელმწიფო და მოქალაქეები კი წაგებულნი ვრჩებით ეკონომიკური, ეკოლოგიური, სოციალური და ემოციური თვალსაზრისით.

ჩვენთვის მიუღებელია მსხვილი ეკონომიკური პროექტების განხორციელება, თუკი პროექტის თანმხლები ზიანი და სარგებელი არ არის სათანადოდ აღრიცხული და შეფასებული; თუკი პროექტის თანმხლები სარგებელი არ აღემატება ზიანს, ხოლო აღნიშნული სარგებლის უპირველესი მიმღები არ არის ადგილობრივი მოსახლეობა ან/და მთლიანად საქართველოს მოქალაქეები.

ჩვენთვის მიუღებელია მსხვილი ეკონომიკური პროექტების განხორციელება და ინვესტორებთან ხელშეკრულებების გაფორმება ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეებთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციებისა და ადგილობრივი მოსახლეობის დემოკრატიული ჩართულობის გარეშე.

ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა თავს არიდებს ნამოხვანჰესის პროექტის ადგილობრივ მოსახლეობასთან და პროტესტის ორგანიზატორებთან განხილვას, არ აქვს პასუხი პროექტის თანმხლებ ზიანსა და სარგებელთან დაკავშირებით, და ვერ ამტკიცებს, რომ ინვესტორთან გაფორმებული ხელშეკრულება საქართველოს სახელმწიფოსა და მოქალაქეების ინტერესებს ასახავს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ რიონის ხეობის მცველთა პროტესტი საჭიროცაა და სამართლიანიც. მეტიც, ეს ჩვენი, ქვიარების ბრძოლაცაა, ვინაიდან ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ დაცულ, თავისუფალ და დემოკრატიულ საზოგადოებაში!

სწორედ ამიტომ, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ გვქონდეს ამ ბრძოლის მიმართ სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამოხატვის შესაძლებლობა. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ქვიარ თემს ჩვენი გამოხატვის თავისუფლების შელახვის წლების გამოცდილება გვაქვს. ჩვენ ხშირად ვხდებით ულტრამემარჯვენე ძალადობრივი ჯგუფების მუქარის, სიტყვიერი თუ ფიზიკური ძალადობის სამიზნე. ულტრამემარჯვენე დაჯგუფებების ლიდერები ლევან ვასაძე და მამა-შვილი ფალავანდიშვილები არაერთხელ დაგვემუქრნენ და დაგვესხნენ თავს ქვიარ თემის წარმომადგენლებსა და აქტივისტებს. სამწუხაროდ, ჩვენი არაერთი საჩივარის და როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე ამ საკითხის არაერთხელ დაყენების მიუხედავად პოლიცია და სახელმწიფო არ ახდენს სათანადო რეაგირებას ამ დანაშაულებრივ ქმედებებზე.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია სამართლიანი მიზნებისთვის მებრძოლი მოძრაობები და აქტივისტები გაემიჯნონ ამ ექსტრემისტულ, ძალადობრივ დაჯგუფებებს და ხმამაღლა დაგმონ მათ მიერ აქციებზე განხორციელებული ძალადობის აქტები. სხვა შემთხვევაში, ვშიშობთ, ამ დაჯგუფებებმა შეიძლება მოახერხონ პროტესტის დისკრედიტაცია და არასწორი მიმართულებით წარმართვა, რაც არც ჩვენი და არც რიონის ხეობის მცველთა ინტერესებში არ არის. ვთხოვთ რიონის ხეობის მცველებს, პატივი სცენ ჩვენს გამოხატვის თავისუფლებას, მკაფიოდ გაემიჯნონ ყოველგვარ ძალადობას მათ მიერ ორგანიზებულ აქციებზე, მათაც ჩვენთან ერთად მოთხოვონ სახელმწიფოს, აქციებზე მომხდარ თავდასხმებზე ადეკვატური რეაგირება და არ გააკეთონ ისეთი განცხადებები, რომლებმაც შესაძლოა ძალადობის წახალისება გამოიწვიოს", - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, 24 მაისს რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციაზე მისულ აქტივისტებს, სალომე ბარკერს და ზუკა ბერძენიშვილს, გურამ ფალავანდიშვილის შვილმა ალექსანდრე ფალავანდიშვილმა და მისმა თანმხლებმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.

თავდასხმის მიზეზი ცისარტყელას ფერებში გაფორმებული სამკლაური გახდა, რომელიც სალომე ბარკერს ეკეთა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system