თავში

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი გაიმართა

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი გაიმართა
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი გაიმართა

10-11 დეკემბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი გაიმართა. ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში წარმართულ დისკუსიაზე, სხვა უმნიშვნელოვანეს საკითხებთან ერთად, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კოვიდპანდემიის ფონზე კიდევ უფრო დამძიმებული ადამიანის უფლებრივი, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების ვითარებაზე.

ყურადღება დაეთმო ახალგორის მიმართულებით ე.წ. „გადასასვლელი პუნქტის“ ჩაკეტვის შედეგად ცხინვალის რეგიონში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისს, რომელიც პანდემიის ფონზე კიდევ უფრო გამწვავდა და, რომელსაც უკვე 16 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ხაზი გაესვა ადგილობრივი მოსახლეობის გაუსაძლის პირობებს, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზე, მედიკამენტებზე და საარსებო საშუალებებზე წვდომის შეზღუდვამ გამოიწვია. აღინიშნა ადგილობრივი სამოქალაქო ატივისტების შევიწროების საკითხი. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ამგვარი რეჟიმის გაგრძელების მიუღებლობას, რომლის შედეგადაც ფაქტიურად მძევლად არის აყვანილი ოკუპირებული რეგიონის მშვიდობიანი მოსახლეობა.

საქართველოს დელეგაციამ კვლავ მთელი სიმწვავით დააყენა ზაზა გახელაძის, გენადი ბესტაევისა და უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს სხვა მოქალაქეების უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლების საკითხი; ამასთან განხილულ იქნა ირაკლი ბებუას საქმე, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმმა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა უკანონოდ მიუსაჯა. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მოუწოდა შეხვედრის მონაწილეებს, რომ მოხდეს უკანონოდ დაკავებულთა დაუყოვნებლივი და უპირობოდ გათავისუფლება.

მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, დღის წესრიგის შესაბამისად, საქართველოს დელეგაციამ კვლავ დააყენა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხი. სამწუხაროდ, რუსეთის დელეგაციისა და დე-ფაქტო რეჟიმების წარმომადგენლებმა განხილვებში მონაწილეობის მიღებაზე ტრადიციულად უარი განაცხადეს და მოლაპარაკებათა დარბაზი დატოვეს.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი, 52-ე რაუნდი 2021 წლის 23-24 მარტს გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system