თავში

ზურაბ გურული: რემდესევირის შესყიდვა უაზრობაა

ზურაბ გურული: რემდესევირის შესყიდვა უაზრობაა
ზურაბ გურული: რემდესევირის შესყიდვა უაზრობაა

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული აშშ-სა და საქართველოს მიერ შერჩეულ ბრძოლის სტრატეგიებს განიხილავს. ამის შესახებ მან Facebook=ზე პოსტი გამოაქვეყნა. 

ექიმი წერს, რომ პრეპარატი რემდესევირი არ ამცირებს კორონა-სიკვდილიანობას. არ იძლევა არავითარ არსებით, ხელშესახებ დახმარებას მკურნალობის პროცესში.

"თუ საქართველო ამ პრეპარატს საჩუქრად არ იღებს, მისი შესყიდვა დიდი პარტიებით სრული უაზრობაა", - წერს ზურაბ გურული. 

ექიმის განცხადებით, დიდი და მდიდარი ქვეყნები უარს აცხადებენ მის შეძენაზე კლინიკური და ფინანსური არარენტაბელობის გამო.

"ამერიკული კლინიკურ-ეპიდემიოლოგიური გამოცდილების გაზიარებისას, ცხადია საქართველოში მყოფი კოლეგა თუ უბრალოდ პაციენტი იფიქრებს, რომ შეუძლებელია ამ ყველაფრის განხორციელება. ასეთი მიდგომა არასწორია. უცხოური გამოცდილების გადახედვა იმიტომ არის საჭირო, რომ შეხედო, რა ლოგიკით მოქმედებს იქაური ექიმი თუ ეპიდემიოლოგი, რათა თავადაც იაზროვნო და უკვე გამოგონებული მიდგომა თუ მანევრი საკუთარ რეალობას მოარგო.

ყველაზე მთავარი ადამიანური და ფინანსური რესურსების დაზოგვა და სწორი მიმართვაა. უცხოეთის არ იყოს, საქართველომ უკვე "მოახერხა" მილიონების არასწორი მიმართულებით "გაშვება", ძირითადათ პანდემიის პოლიტიზირებისა და პოლიტიკური კეკლუცობის ხარჯზე. მდიდარი საზღვარეთისაგან განსხვავებით, არ აქვს ღარიბ, ეკონომიკაჩამოქცეულ ქვეყანას ამის ფუფუნება და უფრო მეტიც, ასეთი ფლანგვა დანაშაულია. ჩვენ საკუთარ შეცდომებზე სწავლის უფლება არ გვაქვს; სხვის შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ. პლაქვენილის თუ რემდესევირის პანაცეად ქცევა ამერიკული პოლიტიკური ნოუ ჰაუ იყო და არის. ამერიკას აქვს ამ მიმართულებით თამაშის შესაძლებლობა. გაუძლებს. გასაგებია, რომ მომგებიანია პოტენციურ ამომრჩეველთა გრძნობებზე თამაში დაქირავებული პროპაგანდისტების მეშვეობით, აქაოდა ამერიკაში კორონას სამკურნალოდ დამტკიცებული ერთადერთი პრეპარატი ჩვენც შემოგვაქვს სასწრაფოდო, მაგრამ მერწმუნეთ, ასეთი ტკბობა ისევ ხანმოკლე იქნება და ვიღაცას მოუწევს პასუხისგება ამაზე. რემდესევირი არ ამცირებს კორონა-სიკვდილიანობას. არ იძლევა არავითარ არსებით, ხელშესახებ დახმარებას მკურნალობის პროცესში; პრაქტიკულად სასოწარკვეთილი შემთხვევების მართვის ერთი მორიგი მცდელობაა და თუ საქართველო ამ პრეპარატს საჩუქრად არ იღებს, მისი შესყიდვა დიდი პარტიებით სრული უაზრობაა. დიდი და მდიდარი ქვეყნები უარს აცხადებენ მის შეძენაზე კლინიკური და ფინანსური არარენტაბელობის გამო. გამოვიყენოთ თანხები მიზანმიმართულად, თუნდაც სარეზერვო კადრების გაწვრთვნა-ხელფასებისათვის; N 95 ნიღაბი უნდა ჰქონდეს დავირუსებულ პაციენტებთან მომუშავე ყველა ექიმსა და ექთანს; ყველა კლინიკაში; თუნდაც ამისათვის. ინფორმაციის საოცარი დეფიციტია ქვეყანაში; სასოწარკვეთილ ადამიანებს სჭირდებათ ექიმთან დაკავშირება. გავხსნათ ახალი ცხელი ხაზები, სადაც მოქალაქეებს რამდენიმე წუთში შეეძლებათ სტანდარტიზირებული კლინიკური ინფორმაციის მიღება და დამშვიდება... ვიმოქმედოთ გონივრულად", - წერს ზურაბ გურული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system