თავში

ზურაბ გურული: თავს ვალდებულად ვთვლი განვაცხადო შემდეგი...

ზურაბ გურული: თავს ვალდებულად ვთვლი განვაცხადო შემდეგი...
ზურაბ გურული: თავს ვალდებულად ვთვლი განვაცხადო შემდეგი...

ვინაიდან მედიასა და სოციალურ ქსელებში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება ჩემი მონაწილეობის შესახებ სამთავრობო სხდომებში, თავს ვალდებულად ვთვლი განვაცხადო შემდეგი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, პროფესორი ზურაბ გურული წერს.

როგორც გურული აღნიშნავს, მას საქართველოში ეპიდემიის მართვასთან დაკავშირებით აზრი არ შეუცვლია და ყველა მისი განცხადება ძალაშია.

,,1. არ შემიცვლია ჩემი კრიტიკული შეხედულებები საქართველოში ეპიდემიის მართვასთან დაკავშირებით და ყველა ჩემი წინანდელი განცხადება ძალაშია.
2. არ ვარ და არც ვიქნები ქვეყნის ტოტალური ჩაკეტვის, ე.წ. „ლოქდაუნის“ მომხრე და მიმაჩნია, რომ საქართველოს განუვითარებელ ეკონომიკას „ლოქდაუნი“ ისეთ გამოუსწორებელ დარტყმას მიაყენებს, მისგან გამოწვეული სიკვდილიანობა შორეულ პერსპექტივაში, აღმატებული იქნება ეპიდემიით გამოწვეულ სიკვდილიანობაზე.

3. საქართველოს მთავრობისაგან ოფიციალურად მიღებულ, ობიექტურ ინფორმაციაზე, ასევე ჩემთვის ცნობილ სამეცნიერო ლიტერატურაზე დაყრდნობით; სოციალური ქსელებიდან და პირადი კონტაქტებით მიღებული მონაცემებით და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ჯანდაცვის ჰოსპიტალური სექტორი ამჟამად იმყოფება არსებული ტევადობის ამოწურვის ზღურბლზე; მიმაჩნია, რომ აუცილებელია შეზღუდვების დროებითი, მიზანმიმართული გამკაცრება, რათა დაავადების გავრცელების ტემპი შემცირდეს.

4. სამეცნიერო ლიტერატურასა და პანდემიის გავრცელების მათემატიკურ მოდელებზე დაყრდნობით, მიმაჩნია, რომ დაავადების გავრცელების უკონტროლოდ მიშვება, უახლოეს პერსპექტივაში საქართველოში გამოიწვევს ადამიანთა მსხვერპლის მკვეთრ ზრდას, რომლისგან გამოწვეული ეკონომიკური, სოციალური და ფსიქოლოგიური ეფექტები დამანგრეველი იქნება მთელი ქვეყნისათვის.

5. არავითარი მონაწილეობა არ მიმიღია შეზღუდვების სისტემის შემუშავებაში; მხოლოდ გავეცანი მზა ვერსიას. გადაწყვეტილების მიღება კონკრეტული დეტალების შესახებ იყო და არის ქვეყნის ხელმძღვანელობის პრეროგატივა.

6. მიმაჩნია, რომ ჯანდაცვის სფეროს მაქსიმალური, ეფექტური ოპტიმიზაცია-რეორგანიზაციის გარეშე კრიზისული სიტუაცია გაგრძელდება ძალიან დიდხანს, რაც შესაბამის გავლენას მოახდენს როგორც საერთო სიკვდილიანობაზე, ასევე ეპიდემიით გამოწვეული მსხვერპლის რაოდენობაზე.

7. როგორც ადამიანი, მოქალაქე და პროფესიონალი ექიმი მზად ვარ ვითანამშრომლო ნებისმიერ ეროვნულ პოლიტიკურ ძალასთან, იქნება ეს მთავრობა თუ ოპოზიცია, როდესაც საქმე ეხება ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას", - წერს ზურაბ გურული სოციალურ ქსელში..

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system