თავში

"მის შეხედულებებს სადღაც ღრმად, ხალიჩის ქვეშ ვინახავ და ვცდილობ არასდროს გავიხსენო" - ბოკერია

"მის შეხედულებებს სადღაც ღრმად, ხალიჩის ქვეშ ვინახავ და ვცდილობ არასდროს გავიხსენო" - ბოკერია
მის შეხედულებებს სადღაც ღრმად, ხალიჩის ქვეშ ვინახავ და ვცდილობ არასდროს გავიხსენო - ბოკერია

უცნაური რამ უნდა ვთქვა - დიეგო ნანახი არ მყავდა, მაგრამ მისი სახელი და გვარი უკვე გაგონილი მქონდა. ეზოში ე.წ. "სტოპიატს" ვთამაშობდით და მაშინ თქვა ვიღაცამ, დაარტყი მარადონასავითო - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა და არგენტინული ფეხბურთის ქომაგმა, გიგა ბოკერიამ დიეგო არმანდო მარადონაზე საუბრისას განაცხადა.

"მისი თამაში პირველად სსრკ-ს ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში ვნახე და მივხვდი, რომ სადაც ხელი მიმიწვდებოდა, მისთვის ყველგან უნდა მეყურებინა. არგენტინელებმა საბჭოთა კავშირის ნაკრების წინააღმდეგ რამდენიმე ამხანაგური მატჩი ჩაატარეს. იმ თამაშში, რომელზეც ვსაუბრობ, დიეგოს გოლი არ გაუტანია, დიასმა შეაგდო კომბინაციით, რომელშიც მარადონა და კემპესი მონაწილეობდნენ.

ასაკის გამო, არ მიყურებია იაპონიაში გამართული მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის, მაგრამ შემდგომ წლებში ყველაფერი ავინაზღაურე. მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატის მიმდინარეობისას, კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი, რომ საქმე სრულიად არაორდინალურ ფეხბურთელთან გვქონდა. თვით წაგებულ მატჩებშიც კი უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენდა. ის ჩემპიონატი არგენტინამ ბელგიის ნაკრებთან მარცხით დაიწყო, რასაც უნგრელების წინააღმდეგ ფანტასტიკური თამაში მოჰყვა. იმ გამარჯვებაში დიეგომ უდიდესი როლი ითამაშა.

პირადად ჩემთვის, მექსიკაში ინგლისის და ბელგიის ნაკრებების წინააღმდეგ ჩატარებული მატჩები ერთ დონეზე დგას, მაგრამ იყო კიდევ ერთი შეხვედრა, რომელიც მგონია, რომ მარადონას სიდიადის კუთხით, ზემოთხსენებული თამაშების რანგში დგას. ბელგრადში გამართულ ცრვენა ზვეზდა-ბარსელონას თამაშზე ვსაუბრობ, რომელშიც დიეგომ ზღაპრული ფეხბურთი აჩვენა.

ნელ-ნელა თბილისში საკაბელო ტელევიზიები გაჩნდა. მომეცა შესაძლებლობა მარადონას თამაშის ფრაგმენტებისთვის ნაპოლიშიც მეყურებინა. მახსოვს, ჩემს მეგობარს გენერატორი ჰქონდა და იტალიურ არხზე RAI DUE-ზე ნაპოლის საჩემპიონო სეზონის ყველა მატჩის 10-15 წუთიანი ჰაილაითი აჩვენეს.

ფაქტია, რომ იმ გუნდებში, სადაც თამაშობდა, ეს ადამიანი არაჩვეულებრივ რამეს აკეთებდა. შთაბეჭდილებები ერთმანეთს ცვლიდა, ერთი მეორეზე უკეთესი თამაშები და მომენტები ჰქონდა. როდესაც ინტერნეტის ეპოქა დაიწყო, ფაქტობრივად ყველაფრის ყურება თავიდან დავიწყე. სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში, დიეგოს ყურება ცალკე სიამოვნება იყო. იმდენად სრულყოფილი მოთამაშე იყო, რომ რაიმე კონკრეტული მომენტის გამოყოფა ძალიან მიჭირს" - განუცხადა ბოკერიამ გამოცემა "პოპსპორტს". 

ბოკერია ამბობს, რომ მარადონა, მისი შეხედულებების სრული ანტიპოდია ფიდელ კასტროსთან მეგობრობისა და ვლადიმერ პუტინთან თბილი ურთიერთობების გამო, თუმცა ცდილობს, ეს ფაქტები არასოდეს გაიხსენოს. 

"ეს ის შემთხვევაა, როდესაც ვერ ვარ პრინციპული და ამავე დროს, კიდევ ერთხელ მართლდება მოსაზრება, რომ გენიოსებს სახელმწიფო საქმეები ნაკლებად უნდა ანდო. მიუხედავად იმისა, რომ დიეგო სრული ანტიპოდია (ფიდელ კასტროს მეგობარი, პუტინთან თბილი ურთიერთობა) ჩემი წარმოდგენების, ის იმდენად დიდი იყო, რომ მისდამი მაინც ლოიალური ვარ. მის შეხედულებებს სადღაც ღრმად, ხალიჩის ქვეშ ვინახავ და ვცდილობ არასდროს გავიხსენო" - ამბობს გიგა ბოკერია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system