თავში

ნინო სალუქვაძემ ტოკიოში მორიგი ვარჯიში ჩაატარა

​ნინო სალუქვაძემ ტოკიოში მორიგი ვარჯიში ჩაატარა
ნინო სალუქვაძემ ტოკიოში მორიგი ვარჯიში ჩაატარა

️დღეს ტოკიოში „Asaka shooting” არენაზე მორიგი ვარჯიში გამართა ტყვიის სროლაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნინო სალუქვაძემ, რომელიც მეცხრე ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება. ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

ნინო სალუქვაძე 23 ივლისს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გახსნის ღონისძიებაზე, კიდევ ერთ ოლიმპიურ ჩემპიონთან ძალოსან ლაშა ტალახაძესთან ერთად საქართველოს ოლიმპიური გუნდის მედროშე იქნება. აღსანიშნავია, რომ ნინო სალუქვაძე ერთადერთი ქალი სპორტსმენია ოლიმპიური თამაშების ისტორიაში, ვინც მეცხრე ოლიმპიურ თამაშებზე წარდგება.
საქართველოს ოლიმპიური გუნდის ერთ-ერთი ლიდერი 25 ივლისს, ამავე არენაზე 10 მეტრიდან პნევმატური პისტოლეტით სროლაში წარდგება. 29 ივლისს კი 25 მეტრიდან სპორტული პისტოლეტით სროლაში იასპარეზებს. ოლიმპიურმა რეკორდსმენმა, საქართველოს ოლიმპიური გუნდის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო სალუქვაძემ ტოკიოში გამართული ვარჯიშის შემდეგ სამინისტროს პრესსამსახურთან მოახლოებულ ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით შემდეგი კომენტარი გააკეთა.

"დამღლელი გზის და საზღვარზე არსებული მკაცრი რეგულაციების გავლის შემდეგ იაპონიაში შემოვედით და აკლიმატიზაციის პროცესს გავდივართ. ჩვენი ექიმები ყველაფერს აკეთებენ საიმისოდ რომ ეს რთული ეტაპი წარმატებით დავძლიოთ და შეჯიბრებებს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ, თუმცა დრო ძალიან ცოტა რჩება. ეს ოლიმპიადა რიგით მეცხრეა ჩემთვის და ალბათ ყველაზე რთული. პანდემია სავარჯიშო და საშეჯიბრო პროცესს სერიოზულ ზიანს აყენებს, თუმცა ამ თვალსაზრისით ყველა ერთნაირ პირობებში ვართ.

ოლიმპიური გუნდის მედროშეობა დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. საქართველოს ოლიმპიური გუნდის მედროშე პირველად 2012 წელს ლონდონში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე ვიყავი. მეორედ ეს პატივი ტოკიოში ურთულეს ოლიმპიურ თამაშებზე მერგო. საქართველო იაპონიაში გამოცდილი და ნიჭიერი ახალგაზრდების გუნდით არის წარმოდგენილი და თითოეული მათგანი ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ ქართველი გულშემატკივარი გაახაროს.

გუნდში ყველა ჯანმრთელადაა. სავარჯიშო პროცესში აქტიურად არიან ჩართულები და დანარჩენი უკვე უშუალოდ თამაშებზე გამოჩნდება. საქართველოს ოლიმპიური გუნდის თითოეულ წევრს წარმატებას ვუსურვებ“, - განაცხადა ნინო სალუქვაძემ.

23 ივლისს ტოკიოში ოფიციალურად გაიხსნება ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები, რომელშიც 35 ქართველი სპორტსმენი სპორტის 11 სახეობაში იასპარეზებს. ქართველი ოლიმპიელების ძირითადი ნაწილი უკვე ტოკიოშია და შეჯიბრებების დაწყებამდე ოლიმპიადისთვის მოწყობილ არენებზე ვარჯიშობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system