თავში

როცა ფეხბურთი მეტია, ვიდრე სპორტი - 3 ამბავი ისტორიიდან

როცა ფეხბურთი მეტია, ვიდრე სპორტი - 3 ამბავი ისტორიიდან
როცა ფეხბურთი მეტია, ვიდრე სპორტი - 3 ამბავი ისტორიიდან

ფეხბურთი სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა, არაოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი ამ თამაშის გულშემატკივარია, ფეხბურთს თამაშობენ დედამიწის ყველა კონტინენტზე, ფეხბურთის სამშობლოდ წოდებულ ინგლისშიც და ბრაზილიურ გეტოებშიც, შეიძლება ამ უკანასკნელში უფრო მონდომებითაც კი.

ფეხბურთი არ არის მდიდრების სპორტი, ყველაზე წარმატებული მოთამაშეები ბავშვობაში ხშირად დახეული ფეხსაცმელებით, ან სულაც ფეხშიშველები ბეტონის სტადიონებსა და ქვებით გაკეთებულ კარებში თამაშობდნენ, ზოგიერთისგან კარგი ფეხბურთელი, ზოგ შემთხვევაში კი - სუპერვასკვლავიც დადგა, დანარჩენები კი უბრალო გულშემატკივრებად დავრჩით, ფანებად, რომელთა გარეშეც ამ სპორტს, რომ ნაკლები ხიბლი აქვს კოვიდპანდემიამაც აჩვენა, როდესაც მატჩები მაყურებლების გარეშე იმართებოდა.

დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ, რამდენიმე შემთხვევას, როდესაც ფეხბურთმა გვაჩვენა, რომ ის ნამდვილად მეტია, ვიდრე უბრალოდ სპორტის ერთ-ერთი რიგითი სახეობა.



დიდიე დროგბა და სამოქალაქო ომი კოტ დ’ივუარში

კოტ დ’ივუარი, რომელსაც 1985 წლამდე სპილოს ძვლის სანაპირო ერქვა, დასავლეთ აფრიკის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქვეყანაა, 26 მილიონიანი მოსახლეობით. 

ამ სახელმწიფოს ხსენებისას, ფეხბურთის გულშემატკივრებს პირველ რიგში ლეგენდარული ფეხბურთელი დიდიე დროგბა გვახსენდება, რომელიც, არა მარტო ქვეყნის, არამედ ამ უძველესი კონტინენტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავია.

2002 წლის სექტემბერში კოტ დ’ივუარში სამოქალაქო ომი დაიწყო, ქვეყანა ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილად გაიყო და ერთმანეთს ცენტრალური ხელისუფლება და ამბოხებულები დაუპირისპირდნენ.

2 წლის შემდეგ, 2004 წლის 5 სექტემბერს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში ერთმანეთს კოტ დ’ივუარი და სუდანი შეხვდნენ, დროგბამ და მისმა თანაგუნდელებმა მეტოქე 5:0 დაამარცხეს და ქვეყნის ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდნენ.

მატჩის შემდეგ გასახდელში მთელი გუნდი შეიკრიბა, ხელში მიკროფონი დიდიე დროგბამ აიღო და თანამემამულეებს კამერაში მიმართა:

“დღეს დავამტკიცეთ, რომ თანაარსებობა და საერთო მიზნის მისაღწევად ერთად თამაში შეგვიძლია. ჩვენ შეგპირდით, რომ ზეიმი გააერთიანებდა ხალხს. დღეს, მუხლებზე დამხობილები გემუდარებითშენდობა! შენდობა! შენდობა!

გთხოვთ დაუშვათ იარაღები, ჩაატარეთ არჩევნები და ყველაფერი უკეთ იქნება. ჩვენ მხიარულება გვჭირდება, ამიტომ შეწყვიტეთ ცეცხლი” - ამბობდნენ ერთად ეროვნული ნაკრების წევრები.

კადრებს, რომლებიც ახლაც ხელმისაწვდომია Youtube-ზე, ადგილობრივი ტელევიზია მუდმივად ატრიალებდა ეთერში, კოტ დ'ივუარის ნაკრების წარმატებას და მატჩის შემდგომ გადაღებულ ჩანაწერს წარმოუდგენელი შედეგი მოჰყვა, მომდევნო კვირებში სიტუაცია დასტაბილურდა და მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

შემდეგ წელს დიდიე დროგბამ აფრიკის კონტინენტის წლის საუკეთესო მოთამაშის პრიზი მიიღო, ფეხბურთელმა ჯილდოს აღება აჯანყებულთა კონტროლქვეშ მყოფ ნაწილში იზეიმა.

2007 წლის 3 ივნისს კი, აფრიკის თასის მატჩი, სადაც კოტ დ’ივუარი მადაგასკარს ეთამაშებოდა, დიდიე დროგბას ძალისხმევით, ქვეყნის ეკონომიკურ დედაქალაქ აბიჯანის ნაცვლად, ბოუაკეში, აჯანყების ცენტრში გაიმართა. ეს ორი წლით ადრე წარმოუდგენელი იყო, ამის შემდეგ დიდიე დროგბა საკუთარ სამშობლოში ღმერთად იქცა. ის დღემდე ყველაზე წარმატებულ კოტ დ’ივუარელ ფეხბურთელად ითვლება. მან, გარდა სპორტული მიღწევებისა, ხელი შეუწყო ქვეყანაში იმ სამოქალაქო ომის დასრულებას, რომელსაც 3000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.


ერთადერთი გულშემატკივარი “მესტალიაზე"

შესავალში აღვნიშნეთ, რომ, ჩვენ, ფეხბურთის გულშემატკივრები ის ადამიანები ვართ, ვისგანაც ფეხბურთელი არ დადგა, თუმცა ამ სპორტის სიყვარული არსად გამქრალა და ეს ენერგია ჩვენი საყვარელი კლუბების, ნაკრებების თუ უბრალოდ ფეხბურთის გულშემატკივრობაში გარდაიქმნა.



სწორედ ერთ-ერთ ასეთ გულშემატკივარზე უნდა გიამბოთ, რომელიც ერთადერთი იყო, ვინც პანდემიის პირობებში ესპანური საფეხბურთო კლუბის, “ვალენსიას” საშინაო მატჩებს “მესტალიაზე” “ესწრებოდა”.



ვისენტე ნავარო 1928 წელს დაიბადა და მთელი ცხოვრების განმავლობაში “ვალენსიას” გულშემატკივარი იყო. ის საყვარელი კლუბის მატჩებს ფაქტობრივად არასდროს აცდენდა, არც მას შემდეგ, რაც 54 წლის ასაკში თვალის ბადურის ჩამოშლის გამო მხედველობა სრულად დაკარგა. მომდევნო 37 წლის განმავლობაში ის ისევ კუთვნილ ადგილას იჯდა, მოედანზე მომხდარ ამბებს კი გვერდზე მჯდომი შვილი უყვებოდა.



“ღამურების” სტაჟიანი გულშემატკივარი 2019 წელს, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა, კლუბმა კი მისი ხსოვნის უკვადვსაყოფად, იმ სკამზე, რომელსაც ნავარო ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში იკავებდა, ძეგლი დაუდგა. 

გარდაცვალების შემდეგ, ვისენტე ნავარო ამ სახით აგრძელებს საყვარელი კლუბის გულშემატკივრობას, ის ერთადერთი ქომაგი იყო, რომელიც კოვიდპანდემიის დროს “ვალენსიას” საშინაო მატჩებს “ესწრებოდა”.

ჯაბა კანკავა და სიკვდილს გადარჩენილი მეტოქე


2014 წლის 30 მარტს უკრაინის პრემიერლიგაში ერთ-ერთი რიგითი მატჩი იმართებოდა, რომელშიც ერთმანეთს ჩემპიონატის ორი ლიდერი, კიევის “დინამო” და დნიპროპეტროვსკის “დნიპრო” ეთამაშებოდნენ.


შეხვედრა საფეხბურთო სამყაროსთვის არაფრით იქნებოდა მნიშვნელოვანი, რომ არა ფაქტი, რომელიც 22-ე წუთზე დაფიქსირდა. მისი მთავარი გმირი კი, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა გახდა.

“დინამომ” საჯარიმო დარტყმა შეასრულა, ბურთი პირდაპირ მასპინძელთა მეკარეს დენის ბოიკოს მიუვიდა, რომელიც ჰაერში შემთხვევით კიეველთა კაპიტანს, ოლეგ გუსევს მუხლებით სახის არეში დაეჯახა.

თამაში გაგრძელდა, მხოლოდ ჯაბა კანკავამ შეამჩნია მოედანზე გაუნძრევლად დავარდნილი გუსევი, მაშინვე გადმოაბრუნა, ხელებით კბილების გახსნა მოახერხა, რითაც მას ენის გადაყლაპვის საშუალება არ მისცა, ამასობაში მოედანზე სამედიცინო შტაბის წევრებიც შემოვარდნენ. გუსევი გადარჩა, ის გონზე მოედნის დატოვებამდე მოვიდა. 



კლინიკის დირექტორმა, სადაც დაშავებული ფეხბურთელი გადაიყვანეს შემდეგი სიტყვები თქვა: 

“ერთადერთი რამის თქმა შემიძლია - ჯაბა კანკავამ ოლეგის სიცოცხლე გადაარჩინა. რომ დაეგვიანა, არ ვიცი, რა მოხდებოდა. მან ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც ამას კვალიფიციური მედიკოსი იზამდა”.



2014 წლის 14 აპრილს ჯაბა კანკავა უკრაინის ღირსების ორდენით დააჯილდოვეს.



ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system