თავში

თეა წულუკიანი საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებს შეხვდა

თეა წულუკიანი საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებს შეხვდა
თეა წულუკიანი საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებს შეხვდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებთან შეხვედრა გამართა და საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული მორიგი წარმატება მიულოცა. 

სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ჭადრაკის სასახლეში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზაზა აზმაიფარაშვილი, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის წევრი ზაზა ლომინაძე, ასევე ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკეები, ნონა გაფრინდაშვილი და ნანა იოსელიანი. შეხვედრის მონაწილეებს გია გიორგაძემ ჭადრაკის ფედერაციის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში გააცნო.

თეა წულუკიანმა ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებს მომავალი საერთაშორისო ტურნირებისთვის მზადების პროცესში მხარდაჭერა აღუთქვა. ამასთან, მინისტრმა ბავშვებში ჭადრაკზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ რეგიონებში ტალანტების ძიება. თეა წულუკიანმა შეხვედრის მონაწილეებს აცნობა, რომ წლის ბოლომდე სამინისტრო გამოსცემს სახელმძღვანელო პრინციპებს სპორტული ფედერაციებისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი საქმიანობის გამჭვირვალობა და უფრო ეფექტიანი, სპორტსმენის ინტერესებზე ორიენტირებული მართვა და სწორედ ამ პრინციპებით უნდა იხელმძღვანელონ სპორტულმა ფედერაციებმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის 23-ე გუნდურ ჩემპიონატზე მორიგ წარმატებას მიაღწია და ქალთა გუნდურ პირველობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ჩემპიონატი სლოვენიის კურორტ თერმე ჩატეჟში გაიმართა და 9 საჭადრაკო ტურს მოიცავდა. საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა და გუნდური 15 ქულით ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო პირველი ადგილი გუნდური 18 ქულით რუსეთის ნაკრებმა დაიკავა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში თამაშობდნენ ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, მერი არაბიძე, სალომე მელია და სოფიო გვეტაძე. გუნდურ წარმატებასთან ერთად, ნანა ძაგნიძე და ლელა ჯავახიშვილი თამაშისას ინდივიდუალურ დაფაზე საუკეთესო შედეგების დაფიქსირებისთვის მცირე ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system