თავში

რა ვქნათ, თუ ბავშვი გაჯეტდამოკიდებულია

რა ვქნათ, თუ ბავშვი გაჯეტდამოკიდებულია
რა ვქნათ, თუ ბავშვი გაჯეტდამოკიდებულია

გავძლებთ ერთი დღე მაინც 21 საუკუნის ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე? ! - ვერა, გეტყვით მე და თუ თქვენ მიპასუხებთ, რომ გაძლებთ, ან მატყუებთ, ან ისევ მე-20 საუკუნეში ხართ ჩარჩენილი.

გაღვიძებისთანავე, პირველი რაც გვხვდება, ტექნოლოგიაა, არ ვგულისხმობ შუქის ანთებას და მიკროტალღურ ღუმელში საუზმის გაცხელებას. საფოსტო ყუთის შემოწმებიდან დაწყებული, იუთუბზე საინტერესო ვიდეოების ყურებით დამთავრებული, ჩვენი დღე სავსეა ტექნოლოგიებით. მათ გარეშე ჩვენ არ შეგვიძლია ცხოვრება!

ამას ვამბობ მე, ადამიანი, რომელიც უკვე საკმაოდ დიდი ვიყავი პირველად, რომ მობილური ტელეფონი ვნახე. ხოდა, ისე მივეჩვიე, რომ ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. და რა უნდა უთხრა ბავშვს, რომელმაც თვალი გაახილა ამ ტექნოლოგიებით გადატენილ სამყაროში. რანაირად უნდა „დასაჯო“ და ჩამოართვა ის ნივთი, რომლითაც ყოველდღურად ეკონტაქტება მეგობრებს?!  გამიმართლა, კარგი ეზო გვაქვს და ჩემ შვილებს, 90-იანელებს თაობას რომ გვახსოვს, ისეთი ბავშვობა აქვთ. ეზოში ჩასვლითა და სირბილით გათანგული დაბრუნებით, შტაბებითა და კოცონით, მაგრამ ეს ხომ იშვიათობაა. თუმცა,  რაც იზრდებიან, ვხვდები, რომ ტექნოლოგიები მეტად იჭრება ჩვენს ცხოვრებაში. ხშირად სახუმარო ამბებს კი არ მიყვებიან, მიმებს მიგზავნიან.

ჩვენ ვატარებთ საათებს კომპიუტერის ან ტელევიზორის ეკრანებთან, ან ჩამძვრალი ვართ სმარტფონებში. იმის მაგივრად, რომ დრო გავატაროთ ოჯახის წევრების და მეგობრების გარემოცვაში და სრულად განვიტვირთოთ, ფოტოკამერიდან ვაკვირდებით ყველა სასიამოვნო მომენტს. სასაცილოა არაა? ჩვენი გონება ხომ სულ ჩვენთანაა, არც ფაილის ატვირთვა გვჭრდება და არც ფერების გასწორება. მაშინ რატომ ვართ დამოკიდებული თუნდაც ამ მარტივ მომენტზე.

ტექნოლოგიებზე მიჩვევა არის ქცევითი დამოკიდებულებაა. ტექნოლოგიაზე დამოკიდებულება ობსესიურ კომპულსიური აშლილობის ტიპია, მარტივად აკვიატებას რომ ვეძახით.

ხოდა პირველი ექვსეულიც ასე გამოიყურება:

ვიდეო თამაშები

პორნოგრაფია

სოციალური მედია

ონლაინ თამაშები

მოკლე ტექსტური შეტყობინებები

ონლაინ აუქციონები

ნევროლოგიურ დონეზე ტექნოლოგიაზე დამოკიდებულება ქიმიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულებას უტოლდება. მათი გამოყენებისას ორგანიზმი გამოყოფს ასე ცნობილ დოფამინს და კიდევ სხვა ჰორმონებს ჩვენს „კარგად ყოფნას“ რომ უზრუნველყოფენ. ანუ ფოტოებზე ლაიქების ან გულების მიღება ისეთივე სიამოვნებაა თურმე, როგორც ვიდეო თამაშებით გართობა. ჩვენი ტვინი იგივე სიამოვნებას იღებს, როგორც კოკაინის, ჰეროინის ან ამფეტამინების მიღების დროს.

ტექნოლოგიებზე დამოკიდებულება ხელს უშლის მოზარდებსაც, იქონიონ ჯანსაღი ურთერთობები ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, ჰქონდეს სრულფასოვანი სოციალური ცხოვრება.

ტექნოლოგიაზე დამოკიდებულების ნიშნები და სიმპტომები:

ჰიგიენის ნაკლებობა;

არაონლაინ აქტივობებისადმი ინტერესის დაქვეითება;

გაჯეტის გათიშვისას გაღიზიანება;

გაჯეტის მუდმივი გამოყენება სკოლაში, სამსახურში და ურთიერთობების დროსაც;

ხასიათის ხშირი ცვლა;

დროის ხარჯვის კონტროლის დაკარგვა.

პირველი და უმთავრესია, გავარჩიოთ დამოკიდებულება უბრალო მოხმარებისგან. თუ კარგად ვერთობით და არც კი გვახსოვს სმარტფონის არსებობა, ეს არ არის დამოკიდებულება. დიდებმა თავად უნდა ვებრძოლოთ ჩვენს დამოკიდებულებას. ხოლო ბავშვები რომ დავიცვათ მსგავსი მიჩვევებისგან, უბრალოდ, ვთხოვოთ ერთმანეთში იკონტაქტონ. აკრძალვები მხოლოდ მცირედი დროით გადადებს პრობლემას. ამიტომ, სჯობს ასეთი აკრძალვების და მოთხოვნების გარეშე ვიმოქმედოთ. როცა სხვა თანამედროვე ტექნოლოგია ხელში არ აქვთ, ჩემი შვილები გამოიღებენ ხოლმე ათას სამაგიდო თამაშს, ან გამოიგონებენ ზეპირს და ერთმანეთში კონტაქტობენ. აქ კარგი და ხანდახან აუცილებელიც კია ჩვენც ჩავერთოთ. ფსიქოლოგებიც ასე გვირჩევენ და ჩვენც რომ გადავხედოთ, ბავშვობიდან ხომ ზუსტად ის სასიამოვნო მომენტები გვახსოვს, ოჯახმა ერთად რომ გავატარეთ. ხოდა, როცა გაზაფხულზე პანდემიის გამო ჩავიკეტეთ და ყველა თანამედროვე თამაში ამოვწურეთ, ჩემი ბავშვობის თამაში ქალაქობანა გავიხსენე და აგერ უკვე „მეორე ტალღაზეც“ მშვენივრად ვერთობით. თუმცა, გამოჩენილ ადამიანებში ხანდახან ჩემთვის უცნობი თანამედროვე იუთუბერებიც ჩნდებიან - სიახლეებსადა ტექტოლოგიებსაც არ უნდა გავექცეთ, მთავარია, მათი სწორად გამოყენება ვისწავლოთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system