თავში

10 მომაკვდინებელი დაავადება კაცობრიობის ისტორიაში

10 მომაკვდინებელი დაავადება კაცობრიობის ისტორიაში
10 მომაკვდინებელი დაავადება კაცობრიობის ისტორიაში

მთელი მსოფლიო საუბრობს ახალ კორონა ვირუსზე. Covid-19-ი რომ სახუმარო არ არის, ყოველდღიურად ვრწმუნდებით, ამიტომ სიფრთხილის ნორმების დაცვა და რეკომენდაციების შესრულება ყველა მოქალაქის ვალდებულებაა. 

მოგეხსენებათ, საუკუნეების წინ მედიცინა არ იყო ისე განვითარებული, როგორც ახლა. შესაბამისად გაცილებით მეტი იყო ისეთი დაავადებების რიცხვი, რომელიც ადამიანთა სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა. დროის გასვლასთან ერთად იმატა სამედიცინო სფეროსა და ზოგადად მეცნიერების წარმომადგენლების კვალიფიკაციამ, რამაც ბევრი დაავადება სიცოცხლისთვის უსაფრთხო გახადა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მედიცინა საკმაოდ კარგად განვითარებული დარგია, მაინც არსებობს დაავადებები, რომელთა წინაშეც იგი უძლურია. წარმოგიდგენთ 10 ისეთ დაავადებას, რომელთაც კაცობრიობას დიდი ზიანი მიაყენეს და ზოგიერთი მათგანი დღესაც საკმაოდ დიდი საფრთხის შემცველია. 

1. პოლიომელიტი

 პოლიომიელიტი გადამდები მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც გავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემასა და ხერხემალზე. ასევე ახასიათებს ნაწლავებისა და ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის ანთებითი ცვლილებები. უმეტესად 10 წლამდე ასაკის ბავშვები ავადდებიან. შემთხვევათა 60-80% 4 წლამდე ასაკის ბავშვებზე მოდის. ავადობა ხშირდება ზაფხულსა და შემოდგომაზე. ინფექცია ორგანიზმში ცხვირ-ხახიდან ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან იჭრება. არსებობს დაავადების პარალიზური და არაპარარალიზური ფორმები. პარალიზური სტადია თითქოსდა მოულოდნელად ვითარდება, უმეტესად - რამდენიმე საათში. ზოგჯერ ადამიანი იძინებს ჩვეულებრივ, მნიშვნელოვანი ჩივილების გარეშე, დილით კი უკვე დამბლის მკვეთრი ნიშნები აქვს. დამბლის დაწყებიდან 1-2 კვირის შემდეგ იწყება კუნთთა ატროფია. დაზიანებული კიდურები ცივი და მოლურჯოა, დაზიანებულ არეში მგრძნობელობა დაქვეითებულია. უმეტესად კიდურის (განსაკუთრებით - ფეხის) კუნთები ზიანდება, თუმცა არის ტანისა და კისრის კუნთების რბილი დამბლის შემთხვევებიც. 1952 წელს ეპიდემიის შედეგად ამერიკის შეერთებულ შტატებში 20 000 ბავშვი დარჩა პარალიზებული, ხოლო 3000 დაიღუპა. მას შემდეგ კი, რაც ვაქცინა შეიქმნა, დაავადების განვითარების რისკი ნაკლებია. 

2. ტუბერკულოზი 

ამ დაავადებამ ყველაზე დიდი ზიანი მოსახლეობაში მე-19-მე-20 საუკუნეებში გამოიწვია. 1815 წელს ინგლისში ყოველი მეოთხე გარდაცვალება დაკავშირებული იყო ტუბერკულოზთან. 1918 წელს კი ყოველი მეექვსე ფატალური შემთხვევა სწორედ ტუბერკულოზის მიზეზით ხდებოდა საფრანგეთში. 20-ე საუკუნისთვის ამ მიზეზით 100 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა ჯამში. ტუბერკულოზი დღესაც ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც მედიცინა კვლავ ებრძვის. ის ფილტვის დაავადებაა, რომელსაც ახლავს ხველა, წონის კლება, ოფლიანობა, სისხლიანი ნერწყვი. ტუბერკულოზური პროცესი უხშირესად ვითარდება ფილტვებში, გარდა ამისა იგი შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ სხვა ორგანოშიც. ინფექციის ძირითად წყაროს სასუნთქი სისტემის ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანი წარმოადგენს, რომელიც ხველების, ცემინების ან საუბრის დროს ჰაერში გამოყოფს მიკობაქტერიების შემცველ უმცირეს წვეთებს. ჯანმრთელი ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს მიკრობებით გაჯერებული ჰაერის ჩასუნთქვის შედეგად. საბედნიეროდ, ტუბერკულოზი დღეს გაცილებით ნაკლები საფრთხის შემცველი დაავადებაა

3. მუცლის ტიფი 

მუცლის ტიფი ითვლება ძლიერ გადამდებ ბაქტერიულ დაავადებად. ინფიცირებულმა ბაქტერიები შეიძლება გაავრცელოს თავისი ორგანიზმიდან ფეკალიებით ან, იშვიათ შემთხვევებში, შარდით. დროული მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს და ფატალურიც აღმოჩნდეს. მუცლის ტიფის ხანგრძლივობა ორი კვირიდან ერთ თვემდე შუალედში მერყეობს, სიმპტომები კი ათი დღიდან ორ კვირამდე ვლინდება. მედიკამენტაციის გარეშე დაინფიცირების ყოველი ათი შემთხვევიდან 1–3 ფატალურია. ტიფი გავრცელებული არ არის კარგი სანიტარული და სუფთა წყლის მქონე ქვეყნებში. მაგალითად, მეცნიერები ფიქრობენ, რომ შეერთებულ შტატებში წელიწადში მხოლოდ 400 ინფიცირებულია, ხოლო მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 21 მილიონი შემთხვევა ფიქსირდება. მუცლის ტიფის მკურნალობა დაავადების განვითარების პირველ სტადიებში ანტიბიოტიკებით ხდება. მძიმე სტადიებზე აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ჰოსპიტალიზაცია, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში ინექცია. დროული თერაპიის შემთხვევაში ხელახალი გართულებების რისკი პრაქტიკულად არ არსებობს.

4. ყვითელი ცხელება

ყვითელი ცხელება წარმოადგენს მწვავე ვირუსულ ჰემორაგიულ დაავადებას, რომელიც გადაეცემა ინფიცირებული კოღოს საშუალებით. სიტყვა „ყვითელი“ მიგვანიშნებს დაავადების თანმხლებ სიმპტომზე - სიყვითლეზე, რომელიც უვითარდება პაციენტთა გარკვეულ ნაწილს. ყვითელი ცხელების სხვა სიმპტომებია შეკრულობა, ციება, ცხელება, ღებინება, გულის ნელი ცემა. დაავადება იწვევდა 30 000 ადამიანის სიკვდილს ყოველწლიურად. ყვითელი ცხელების ეპიდემია იყო ფილადელფიასა და პენსილვანიაში 1973 წელს. მხოლოდ ფილადელფიაში 10 000 ადამიანი დაიღუპა ერთ თვეში. შეშინებული მოსახლეობა ქალაქს მასობრივად ტოვებდა. დაავადების მძიმე ფორმის და მკურნალობის გარეშე, ლეტალურობა მოსალოდნელია შემთხვევათა 50%- ში. 2016 წლის შეფასების მიხედვით, ყოველწილურად ყვითელი ცხელებით ავადდება 84 000- 70 000 ადამიანი და 60 000 შემთხვევა მთავრდება ლეტალურად. ბოლო 10 წლის განმავლობაში, 2006 წელს ყვითელი ცხელების წინააღმდეგ წამოწყებული ინიციატივის შემდეგ, ამ დაავადებით გამოწვეული შემთხვევების რიცხვი მცირდება.

5. ესპანური გრიპი

1918 წელი სპეციფიკური იყო გრიპის პანდემიით, რომელსაც ესპანური გრიპი შეარქვეს და მთელს მსოფლიოში გავრცელდა. ისტორიული და ეპიდემიოლოგიური მონაცემები არ გვაძლევს საშუალებას განვსაზღვროთ ვირუსის გეოგრაფიული წარმოშობა. პანდემია გრძელდებოდა 1918 წლის მარტიდან 1920 წლის ივნისამდე და საერთო ჯამში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ოცი მილიონ ასი ათასი ადამიანი იმსხვერპლა. ამ სასიკვდილო ვირუსის ქვეტიპია H1N1, დღეს ცნობილი, როგორც ღორის გრიპი. საინტერესოა, რომ იმ დროს მსხვერპლი უმეტესად ჯანმრთელ და მოზარდ ადამიანებში იყო, ვიდრე ხანდაზმულებში, დასუსტებულებსა და ბავშვებში. 

6. ყვავილი

1979 წლამდე ყვავილი კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და დამანგრეველი ჭირი იყო. ყვავილი პირველად ძველი წელთაღრიცხვით 10 000 წელს, აფრიკის ჩრდილოაღმოსავლეთის აგრიკულუტურულ დასახლებებში გავრცელდა. ყვავილით დაზიანებული კანის ყველაზე ძველი მტკიცებულებები მეთვრამეტე და მეოცე ეგვიპტური დინასტიების მუმიებზეა აღმოჩენილი. ყვავილი ევროპაში V-VII საუკუნეებში გავრცელდა და შუა საუკუნეებში ეპიდემიის ხშირი მიზეზი იყო. მეოცე საუკუნის განმავლობაში ამ დაავადებამ დაახლოებით 300-500 მილიონი ადამიანი მოკლა. მისი დამახასიათებელი თვისებაა ჭრილობები კანზე. დაავადებას თან ახლავს ღებინება, ტკივილი, ცხელება, თავის ტკივილი და სიბრმავე. 19-20-ე საუკუნეებში კი წარმატებულმა ვაქცინაციამ დადებითი შედეგი გამოიღო და 1979 წლის დეკემბერში ის სამუდამოდ გაანადგურეს. შესაბამისად, ეს ინფექცია დღეს დაფრთხეს აღარ წარმოადგენს. 

7. შავი ჭირი

 შავი სიკვდილი ან ბუბონის ჭირი, ეს იმ დაავადების სახელებია, რომელიც მე-14 საუკუნეში მოდებული იყო აზიას, ევროპას, ჩრდილოეთ აფრიკასა და გრენლანდიას. თავიდან მოიცვა ჩინეთი და ინდოეთი, შემდეგ კი მონღოლთა ჯარებსა და სავაჭრო ქარავნებთან ერთად შეიჭრა ევროპაში. მისთვის დამახასიათებელი სიმპტომები იყო: თავის ტკივილი, ოფლიანობა, კანკალი, ძლიერი ციებ-ცხელება. მთავარი დამახასიათებელი ნიშანი, რომლითაც შავი ჭირით დაავადებულები გამოირჩეოდნენ სხვა ავადმყოფებისაგან, იყო ჩირქიანი წყლულები, ე.წ. „ბუბონები“. საერთო ჯამში შავმა ჭირმა ორი ათწლეულის განმავლობაში იმსხვერპლა არანაკლებ 60 მილიონი ადამიანი და შემდეგაც კიდევ განმეორდა შედარებით მცირე მასშტაბებით. საბედნიეროდ, დღეს შავი ჭირი კაცობრიობისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს. 

8. ქოლერა

ქოლერა სერიოზული ეპიდემიის გამომწვევი ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადებაა კაცობრიობის ისტორიაში. მისი დამახასიათებელი სიმპტომებია კანის სიმშრალე, შოკი, ფეხების კრუნჩხვა, ღებინება, ცხვირიდან სისხლდენა, დიარეა და სიკვდილიც კი. თუ დაავადების გამოვლინების შემთხვევაში სამი საათის მანძილზე არ ჩაუტარდა პაციენტს სამედიცინო დახმარება, ის იღუპება. ქოლერა პირველად დაფიქსირდა ბენგალში, საიდანაც ის გადაედო ინდოეთს, ჩინეთს, მალაიზიასა და კასპიის ზღვის ქვეყნებს. 1826 წლისათვის მხოლოდ ინდოეთში ქოლერით დაღუპულთა რაოდენობამ 15 მილიონ ადამიანს გადააჭარბა. დღეს კი მისი განკურნება შესაძლებელია რეჰიდრატაციული თერაპიისა და ანტიბიოტიკების მეშვეობით.

9. ებოლა

ებოლა, იგივე ებოვი ებოლავირუსების გვარის ხუთი ცნობილი ვირუსიდან ერთ-ერთია. ხუთიდან ოთხი ებოლავირუსი, მათ შორის ებოვი, იწვევს რთულ და ხშირად ფატალურ ვირუსულ ჰემოლაგიურ ცხელებას ადამიანებში და სხვა ძუძუმწოვრებში, გამოწვეული ავადმყოფობა ცნობილია ებოლას დაავადების სახელით. ინფიცირებულთა უმრავლესობა იღუპება, 2013-2015 წლებში დასავლეთ აფრიკაში ებოლას ავადმყოფობამ ეპიდემიის სახე მიიღო. არაოფიციალურად დაფიქსირდა 28 616, დადასტურებულად კი 11 310 სიკვდილის შემთხვევა. 2010 წელს ვირუსს „ებოლას ვირუსი“ ეწოდა. ვირუსის მატარებლები არიან ხელფრთიანები, განსაკუთრებით ხილიჭამია ხელფრთიანები. ადამიანიდან ადამიანზე და ცხოველებიდან ადამიანზე ებოლა სხეულის სითხის მეშვეობით გადადის. სიკვდილიანობის 80%-ზე მაღალი მაჩვენებლის გამო ებოლა ადამიანის ჯანმრთელობისათვის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ინფექციად ითვლებოდა. 2016 წლის დეკემბერში მკვლევარებმა 70-100 %-იანი ეფექტურობის ვაქცინა შექმნეს, რომელიც პირველია ებოლას დაავადების წინააღმდეგ. წლების განმავლობაში არაერთი ვაქცინის კანდიდატი შემუშავდა, თუმცა ამ ვაქცინამდე ადამიანზე ეფექტურობით არც ერთი გამოირჩეოდა.

10. მალარია

მალარია მძიმე პარაზიტული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ცხელების შეტევები, ანემია, ღვიძლისა და ელენთის გადიდება. შესაძლებელია რეციდივები. ინფექციის წყაროა მალარიით დაავადებული ან პარაზიტმატარებელი ადამიანი. მალარიას იწვევს ერთუჯრედიანი ორგანიზმი პლაზმოდიუმი, რომელიც გადააქვს ე. წ. მალარიის კოღოს. ის ბინადრობს მდელოებზე, ტბებთან, ჭაობებში, ტბორებში, ჩაკეტილ და მდორე წყალსატევებში. ადგილობრივ მალარიასთან ერთად, რომელიც განსაზღვრულ ეპიდემიურ კერებში ვრცელდება, გვხვდება მალარიის შემოტანის შემთხვევებიც. ჩვენს ქვეყანაში მალარიის სწორედ შემოტანილი შემთხვევები აღირიცხება. საქართველოში მალარიას ახასიათებს მკვეთრად გამოხატული სეზონურობა. დაავადების გადაცემა ხდება მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2013 წელს მალარიით 198 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, აქედან სავარაუდოდ, 584 000 შემთხვევა ფატალურად დასრულდა. 5 დაღუპულიდან დაახლოებით 4 ხუთ წლამდე ბავშვი იყო. მსოფლიო მასშტაბით მალარია ასამდე ქვეყნისა და ტერიტორიისთვის წარმოადგენს საფრთხეს და დაახლოებით 3.2 მილიარდ ადამიანს აყენებს რისკის ქვეშ. მალარიის ენდემურ კერაში გამგზავრებამდე აუცილებელია მალარიის ქიმიოპროფილაქტიკის ჩატარება ანტიმალარიული პრეპარატების სათანადო დოზითა და სათანადო ხანგრძლივობის კურსით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system