თავში

300-ზე მეტი დაკავებული - ჰონგ-კონგში სახიფათო პროტესტი გრძელდება - განახლებულია

300-ზე მეტი დაკავებული
300-ზე მეტი დაკავებული - ჰონგ-კონგში სახიფათო პროტესტი გრძელდება - განახლებულია

ჰონგ-კონგში, უსაფრთხოების შესახებ მიღებული უმკაცრესი კანონის მიუხედავად, საპროტესტო აქცია არ წყდება. დაკავებულთა რიცხვი 300-ს აჭარბებს. მათი ნაწილი სამართალდამცავებმა დღეს ამოქმედებული კანონის საფუძველზე, ნაწილი კი უნებართვო თავშეყრისა და ხულიგნობის ბრალდებით დააპატიმრეს.

დემონსტრანტთა ნაწილი პროდემოკრატიულ ჰიმნს მღეროდა "დიდება ჰონგ-კონგს". ნაწილი 5 მოთხოვნას სკანდირებდა და აცხადებდა, რომ არც ერთ მოთხოვნაზე უარის თქმას არ აპირებდა.

ჰონგ-კონგის ჟურნალისტთა ასოციაციამ და ფოტოგრაფთა საზოგადოებამ სამართალდამცავები ჟურნალისტების დაშინებაში დაადანაშაულეს.

პოლიცია დემონსტრანტების მოთხოვნას ჰონგ-კონგის გათავისუფლების შესახებ გაფრთხილებით პასუხობდა, შემდეგ კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. დამტვრეულია მაღაზიის ვიტრინები. შეტაკებისას ერთი პოლიციელი დაშავდა. 

-15:55-

ჰონგ-კონგში ეროვნული უსაფრთხოების ახალი კანონის დარღვევის ბრალდებით დაკავებულთა რიცხვი 180-მდე გაიზარდა.

-13:30- 

ჰონგ-კონგში ეროვნული უსაფრთხოების ახალი კანონის დარღვევის ბრალდებით უკვე 30 პირი დააკავეს. მათ შორის არის აქტივისტი, რომელსაც ხელში ჰონგ-კონგის დამოუკიდებლობის მხარდამჭერი დროშა ეჭირა.

ხელისუფლებამ, უსაფრთხოების კანონის უმკაცრესი მუხლები მისი ძალაში შესვლის პირველივე საათებში აამოქმედა. 

დემონსტრანტების დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი და წიწაკის აეროზოლები გამოიყენა. დემონსტრანტების თმით, მათ ეშინოდათ მოსალოდნელი პატიმრობის, თუმცა დღევანდელ აქციაში მონაწილეობაზე უარი არ თქვეს, რადგან ეს მათ მომავალს შეეხება.

-12:06-

ჰონგ-კონგში ეროვნული უსაფრთხოების ახალი კანონის დარღვევის ბრალდებით პირველი პირი უკვე დააკავეს. პეკინის მიერ მიღებული კანონი ძალაში დღეიდან შევიდა.

თავისუფლებისთვის ბრძოლის პირველი მსხვერპლი აქტივისტი აღმოჩნდა, რომელსაც კოზუეი-ბეის სავაჭრო-გასართობ რაიონში მსვლელობისას ხელში პლაკატი ეჭირა წარწერით: ”ჰონგ-კონგის დამოუკიდებლობა”.

პოლიციის განცხადებით, დღეიდან დააპატიმრებენ ყველას, ვისაც ნებისმიერ სეპარატისტულ სიმბოლოს: დროშებს, აფიშებსა და ბანერებს უპოვიან. დაისჯება ყველა, ვინც მოქალაქეებს დამოუკიდებლობის, რევოლუციის, ან ჰონგ-კონგის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

ჰონგ-კონგი დღეს ჩინეთის სუვერენიტეტის ქვეშ დღეს დაბრუნების 23 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ დღეს ტრადიციულად ქალაქში, "ვიქტორიას" პარკიდან ბიზნეს ცენტრისკენ, დემოკრატიის მხარდამჭერი მსვლელობა იმართება. სამართალდამცავებმა, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის მოტივით ქუჩის მსვლელობა აკრძალეს. ქუჩებში დილიდან ოთხი ათასამდე სამართალდამცავია მობილიზებული. მოქალაქეთა მცირე ჯგუფმა კოზუეი-ბეის სავაჭრო რაიონში მაინც სცადა შეკრება, რასაც პირველი დაკავება მოჰყვა.

ჩინეთის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ ჰონგ-კონგში ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ კანონი გუშინ დაამტკიცა.

ამ სამართლებრივი აქტის წყალობით, ჩინეთის ხელისუფლებებს ჰონგ-კონგში ნებისმიერი ანტისახელისუფლებო მოძრაობისა და პროტესტის დათრგუნვას შეძლებს.

ჰონგ-კონგში ვითარებას სპეციალური ძალოვანი სტრუქტურა გააკონტროლებს, რომელიც ცენტრალურ ხელისუფლებას დაექვემდებარება. ახალ სტრუქტურას ჩინეთის უსაფრთხოების მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე უხელმძღვანელებს.

ახალი კანონის მიღებას ჰონგ-კონგში მღელვარება უძღოდა წინ. კანონპროექტს გამოეხმაურა შეერთებული შტატებიც. 29 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ჰონგ-კონგის პრივილეგირებული სტატუსის ჩამორთმევის პროცესს დაიწყებს, რადგან ის უკვე ჩინეთის ცალკეული კომპონენტი აღარ იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system