არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ახალი წლიდან სამუშაო კვირა საჯარო სექტორისთვის ორშაბათიდან პარასკევის შუადღემდე გაგრძელდება. ინფორმაციას ქვეყნის მთავრობა ავრცელებს.
კერძოდ, ცვლილებების მიხედვით, ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით სამუშაო დღე 8 საათს გაგრძელდება - 07.30-დან 15.30 საათამდე. პარასკევს სამუშაო დღე 4.5 საათიანი იქნება - 07.30-დან 12.00 საათამდე.
გარდა ამისა, პარასკევს დისტანციურად მუშაობისა და მოქნილი განრიგის არჩევის შესაძლებლობა იქნება.
გადაწყვეტილება ძალაში 2022 წლის 1 იანვრიდან შევა.
არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ უფრო ხანგრძლივი შაბათ-კვირა საჯარო სექტორის მუშაკების პროდუქტიულობის გაზრდას შეუწყობს ხელს და სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსს გააუმჯობესებს.