თავში

არსებობს თუ არა მსგავსება COVID-19-სა და შიდსს შორის

არსებობს თუ არა მსგავსება COVID-19-სა და შიდსს შორის
არსებობს თუ არა მსგავსება COVID-19-სა და შიდსს შორის

სამეცნიერო წრეებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ფრანგი ვირუსოლოგის, ნობელის პრემიის ლაურეატის ლუკ მონტანიეს, განცხადებას იმის შესახებ, რომ COVID-19 ლაბორატორიაში შეიქმნა და მასში აივ-ის ნაწილაკებია დამატებული.

მეცნიერების ნაწილი მონტანიეს აზრს იზიარებს, ნაწილი კი ამას დაუსაბუთებელ ვერსიას უწოდებს და არ იზიარებს.

საკუთარი მოსაზრება კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში ნობელის პრემიის კიდევ ერთმა ლაურეატმა, დევიდ ბალტიმორმა გააზიარა.

მისი თქმით, COVID-19-ის პანდემია სხვა, წინამორბედი პანდემიებისგან მეცნიერების მხრიდან ინფორმაციულ სივრცეში საოცარი აქტიურობით გამოირჩევა. მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა კი კარგად კოორდინირებული ქმედებებით გამოირჩევა.

ინტერვიუში ბალტიმორმა ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის სპეციფიკაზე ისაუბრა, რომელიც შიდსს იწვევს და ხაზი გაუსვა, რომ ის ვირუსოლოგებისთვის ნამდვილ გამოცანად იქცა, რადგან უცებ გაჩნდა, ვაქცინა კი დღემდე არ არსებობს. კორონავირუსისგან კი მას ის გამოარჩევს, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანს ნაკლები მასშტაბებით გადაედება და აქ გადადების სპეციფიკაზეა საუბარი.

პროფესორი ბალტიმორი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შიდსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა ჯერჯერობით ვერავინ მოახერხა, მისი შეჩერება მოსახლეობის ჰიგიენური ცნობადობის ამაღლებით, მასობრივად ერთჯერადი სამედიცინო ინსტრუმენტებისა და იმ მკურნალობითაა შესაძლებელი, რომელიც აივ-ინფიცირებულების სიკვდილიანობის მაჩვენებელს ამცირებს.

"დღეს შიდსი ქრონიკული დაავადების სახით ნარჩუნდება, მაგრამ მისი სიკვდილიანობა, უმეტესად, კონტროლირებადია, განსაკუთრებით განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ეს წამლები უფრო ხელმისაწვდომია. ახლა ჩვენ შიდსის ვირუსით, აივ-ით ვცოცხლობთ და ამას სამყაროს ნაწილად აღვიქვამთ", - ამბობს დევიდ ბალტიმორი. 

პროფესორი თვლის, რომ ბიოლოგიურად აივ და SARS-CoV-2 ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავდება და ვირუსების სხვადასხვა ოჯახებს განეკუთვნება. თუმცა მსგავსება არის - ორივე ადამიანს ცხოველებისგან გადაედო. არც ერთის წინააღმდეგ არსებობს ვაქცინა და განკურნების წამალი, მაგრამ აივ ესაა ისტორია, რომელიც უკვე 40 წელიწადი გრძელდება, ახალი ტიპის კორონავირუსისთვის კი ეს მხოლოდ დასაწყისია.

"სამეცნიერო საზოგადოება იმედოვნებს, რომ COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა შედარებით მარტივი იქნება. თუმცა ჩვენ არ გვაქვს გამოცდილება. ჩვენ არასოდეს შეგვიქმნია ვაქცინა რაიმე ტიპის კორონავირუსის წინააღმდეგ, რადგან ამის აუცილებლობა არ იყო. ჩვენ არ ვიცით, რამდენად მარტივი, ან რთული იქნება ამის გაკეთება", - ამბობს ნობელის ლაურეატი.

ვირუსოლოგების აზრით, ვინაიდან COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინა არ არსებობს, დაავადების გავრცელების შემცირების ერთადერთ ქმედით საშუალებად სოციალური დისტანცირება რჩება.

კაცობრიობის მთავარ შეცდომად დევიდ ბალტიმორი დაუდევრობასა და მსგავსი ტიპის საფრთხეების პროგნოზირების არარსებობას ასახელებს. ის თვლის, რომ ახლა სპეციალური პროგრამების შექმნაა საჭირო, რომ მომავალში, თუკი ასეთი რამ კიდევ განმეორდება, ადამიანები ასეთი დაუცველები აღარ აღმოჩნდნენ. 

დევიდ ბალტიმორი ამერიკელი ბიოქიმიკოსი, მოლეკულარული ბიოლოგი და ვირუსოლოგია. 1971 წელს მან ვირუსების კლასიფიკაცია ნუკლეინური მჟავის გენომურობის ტიპისა და მისი რეპლიკაციიდან გამომდინარე შესთავაზა. მედიცინის დარგში ნობელის პრემია მან 1975 წელს მიიღო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system