
შეერთებული შტატები მიესალმება ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას, რომელიც, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო, რუსეთისათვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მორგან ორტეგუსმა განაცხადა.
"ამ თავდასხმაზე პასუხისმგებელი პირები პასუხს აგებენ", - წერს ორტეგუსი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე.
The United States welcomes @EUCouncil's decision to sanction Russian officials linked to the poisoning of Aleksey Navalny. Those responsible for this attack must be held accountable. https://t.co/W4JOpmfboV
— Morgan Ortagus (@statedeptspox) October 16, 2020
ცნობისთვის, ევროკავშირმა ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით სანქციები რამდენიმე რუს მაღალჩინოსანს დაუწესა. მათ შორის არიან: რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის უფროსი ალექსანდრე ბორტნიკოვი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო, თავდაცვის მინისტრის ორი მოადგილე და სხვები.
ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით სანქციები რამდენიმე რუს მაღალჩინოსანს ევროკავშირის შემდეგ დიდმა ბრიტანეთმაც დაუწესა.
შეგახსენებთ, მოსკოვში მიმავალი რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში ცუდად გახდა და ავიალაინერის სასწრაფოდ დაშვება გახდა საჭირო. ნავალნი ომსკის საავადმყოფოში ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში მოათავსეს, საიდანაც სამკურნალოდ ბერლინის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გერმანიაში ჩატარებულმა სამედიცინო კვლევამ დაადგინა, რომ რუსი ოპოზიციონერი ნერვული აგენტით "ნოვიჩოკით" იყო მოწამლული.