
ლიბიაში დაქირავებული რუსი სამხედროების მოქმედება აფრიკის რეგიონში დესტაბილიზაციას იწვევს. ამ განცხადებას აშშ-ის სამხედრო ექსპერტები აკეთებენ. მათი თქმით, ნაციონალური გვარდიისა და მისი ხელმძღვანელის გენერალ ხალიფა ჰაფთარის მხარდასაჭერად ლიბიაში 2000 რუსი დაქირავებული სამხედრო იბრძვის. ისინი კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ წევრები არიან. ამერიკელი სამხედრო ექსპერტების თქმით, ლიბია კონფლიქტის პოლიტიკურ გადაწყვეტას საჭიროებს და არა მის ესკალაციას.
ამისშესახებ The Libya Observer-ი იტყობინება. გამოცემის ინფორმაციით, რუსული „ ვაგნერის“ წევრები გენერალ ჰაფთარის ძალებს მხარს უჭერდნენ ტრიპოლიზე 14 თვიანი შეტევისას.
მანამდე ლიბიაში რუსი დაქირავებული სამხედროების მოქმედების შესახებ უკრაინული მედია იუწყებოდა, რასაც რუსულმა საგარეო უწყებამ გაყალბებული ინფორმაცია და რუსეთის პოლიტიკის დისკრედიტაციის მცდელობა უწოდა.
„ვაგნერი“ არაოფიციალური რუსული სამხედრო ფორმირებაა, რომელიც პეტერბურგელი ბიზნესმენის ევგენი პრიგოჟინის სახელს უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციით მისი ძალები აფრიკის რამდენიმე სახელმწიფოში იბრძვიან. „ვაგნერის“ წევრები ღებულობდნენ დონბასის საბრძოლო და საოკუპაციო მოქმედებებში მონაწილეობას. ისინი იბრძოდნენ სირიასა და სუდანში ბაშარ ასადისა და ომარ ალ-ბაშირის რეჟიმების მხარდასაჭერად.
ლიბიის სამოქალაქო ომი უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც დიქტატორ მუამარ კადაფის რეჟიმი დაემხო. ტრიპოლის საერთაშორისო მასშტაბით აღიარებულ ხელისუფლებას (GNA) ქვეყნის აღმოსავლეთში არსებული ხალიფა ჰაფთარის ნაციონალური არმია (LNA) ებრძვის, რომელსაც მხარს რუსეთი, გაერთიანებული ემირატები და ეგვიპტე უჭერს. ოფიციალურ მთავრობას კი თურქეთი ეხმარება.
ამერიკის შეერთებული შტატები აღნიშნულ სიტუაციაში შედარებით მცირე როლს თამაშობს, მას შემდეგ რაც მუამარ კადაფის რეჟიმი დაეცა, როდესაც ნატო-ს ჯარები ამბოხებულებს ეხმარებოდა.
მედეა ცხოვრებაძე
ავტორი